Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბათუმის სტადიონი 2020 წლის 10 საუკეთესო სტადიონს შორის დასახელდა, შანსით - მოიპოვოს საუკეთესოს პრიზიც


ბათუმის საფეხბურთო სტადიონმა საკმაოდ მაღალი სარეიტინგო ქულები მიიღო და „2020 წლის სტადიონის“ პრემიის ჟიურის მიერ 10 ფინალისტს შორის მოხვდა. ამის შესახებ ნათქვამია პოლონურ პორტალ StadiumDB.com-ის მთავარი რედაქტორის, მიხალ კარაშის მიერ რადიო თავისუფლებისათვის გამოგზავნილ ოფიციალურ ცნობაში, რომელშიც წერია, რომ ბათუმის სტადიონს აქვს შანსი, მოიპოვოს საუკეთესოს პრიზიც.

„ასეთი ვერდიქტი გამოიტანა სტადიონის არქიტექტურის ოთხი ექსპერტისაგან შემდგარმა ჟიური, რომელშიც წელს აშშ-ის, გერმანიის, იტალიისა და საბერძნეთის წარმომადგენლები შევიდნენ. 1 მარტს მათ გამოავლინეს 10 ფინალისტი, ხოლო 10 მარტს ჩვენ შევიტყობთ, თუ რომელი სტადიონია მათი აზრით ყველაზე შთამბეჭდავი“, - წერს მიხალ კარაში.

StadiumDB.com-ის შესაბამისი პლატფორმის საშუალებით ამ დრომდე 16 000-მა სპორტის მოყვარულმა და არქიტექტორმა მიიღო საუკეთესო სტადიონისათვის გამართულ საინტერნეტო კენჭისყრაში მონაწილეობა, რომელიც თბილისის დროით 7 მარტის 21:00 საათამდე გასტანს.


2020 წლის საუკეთესო საფეხბურთო სტადიონის გამოსავლენად საკონკურსო ჟიურიმ 2020 წელს 20 კანდიდატი შეარჩია. როგორც ორიგინალური არქიტექტურით, ისე მაყურებელთა რაოდენობით ბათუმის სტადიონი კონკურენციას უწევდა დიდი ბრიტანეთის, აშშ-ის, თურქეთის, ისრაელის, შვეიცარიის, ავსტრალიის, იაპონიისა, ჩილესა და კატარის საუკეთესო არენებს.

ბათუმის ახალი, UEFA-ს IV კატეგორიის, საფეხბურთო სტადიონი, შარშან, საპარლამენტო არჩევნების წინ, გაიხსნა საზეიმო ვითარებაში. სტადიონზე, რომელიც 2 წელიწადი შენდებოდა, ბიუჯეტიდან თითქმის 145 მილიონი ლარი დაიხარჯა.

გახსნიდან მალევე 20 ათას მაყურებელზე გათვლილ სტადიონზე ბათუმის დინამომ ორი მატჩი ითამაშა, ამის შემდეგ კი სტადიონი დაიხურა. მიზეზი დაზიანებული მინდვრის საფარი გახდა, რომლიც ახლა მთლიანად იცვლება. სტადიონის ბუნებრივ მინდორს ჰიბრიდულით ანაცვლებს მშენებელი კომპანია „ანაგი“.

გაზაფხულზე ბათუმის ახალმა სტადიონმა საქართველოს ეროვნული ლიგის თამაშებს უნდა უმასპინძლოს, 2023 წელს კი მასზე 21 წლამდე ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატის ჩატარებაა დაგეგმილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG