Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როცა ჩინოვნიკი თავის დადგენილ წესს არღვევს და არ ისჯება - სად რა ფასს იხდიან ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისთვის


სამ თვეზე მეტია (26 ნოემბრიდან), რაც ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საღამოს 9 საათიდან დილის 5 საათამდე სახლიდან გასვლა ფაქტობრივად აკრძალულია. გამონაკლისი მხოლოდ გადაუდებელი შემთხვევების დროს კეთდება, ისიც სახელმწიფოს სპეციალური, ერთჯერადი ნებართვით. 

„კომენდანტის საათი” მოქმედებდა 2020 წლის გაზაფხულზე საგანგებო მდგომარეობის დროსაც - მაშინ სახელმწიფომ 10 მილიონზე მეტი ლარის ჯარიმები გამოწერა რეგულაციების დამრღვევ პირებზე.

მკაცრი შეზღუდვების მოქმედების მიუხედავად, პერიოდულად ჟურნალისტები აქვეყნებენ მასალებს, სადაც ჩანს, მთავრობის წარმომადგენლები როგორ მოძრაობენ მანქანებით კომენდანტის საათის დროს, იკრიბებიან, დღესასწაულებს და თავყრილობებს მართავენ. ამგვარი კადრების გასაჯაროების შემდეგ ისინი ჩვეულებრივ აგრძელებენ პოლიტიკურ ცხოვრებას.

ცდუნება, რომ ჩინოვნიკი ძალაუფლებას გამოიყენებს იმ შეზღუდვების დასარღვევად, რომელსაც თავად უწესებს რიგით მოქალაქეს მის ჯანმრთელობაზე ზრუნვის სახელით, ძლიერია და ამ ვნების აყოლა არაერთ მაღალი თანამდებობის პირს დაუჯდა სამსახურის დაკარგვის და რეპუტაციული ზიანის ფასად, თუმცა არა საქართველოში.

„კომენდანტის საათის” დარღვევისთვის, 10-ზე მეტი ადამიანის შეკრების აკრძალვის წესის დაუმორჩილებლობისა და პირბადის არტარებისთვის სახელმწიფო მხოლოდ მოქალაქეებს აჯარიმებს, მედიაში გახმაურებულ არც ერთ საქმეზე მოქმედი საჯარო პირების და ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკოსების კანონდარღვევებით გამოძიება არ დაინტერესებულა.

მსოფლიო მედია კორონავირუსის გავრცელების და შეზღუდვების შემოღების პარალელურად წერს შემთხვევებზე, როდესაც თანამდებობის პირები არღვევენ მათ მიერ შემოღებულ წესებს და ლაპარაკობს იმაზე, როგორ იწვევს მოსახლეობის იმედგაცრუებას ასეთი შემთხვევები, როგორი მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით პანდემიის და მსგავსი კრიზისების დროს, გადაწყვეტილების მიმღები პირები იყვნენ სამაგალითოები სხვა ადამიანებისთვის და რატომ არ შეიძლება, დემოკრატიულ საზოგადოებაში, ხალხის მიერ არჩეულმა ხელისუფალმა ისარგებლოს იმგვარი პრივილეგიებით, რაც მათ ავტორიტარულ მმართველებთან დააახლოებს, ან ბუნებრივი იქნებოდა სამეფო კარისთვის მონარქიულ წყობაში.

შეხვედრები რესტორნებში პირბადის გარეშე, ფრენები ოჯახის წევრების სანახავად, როცა სატრანსპორტო გადაადგილება შეზღუდული იყო, ხალხმრავალი შეკრებების დაორგანიზება და მასში მონაწილეობა, აცრა მაშინ, როცა ჯერ მხოლოდ მოხუცები და სამედიცინო პერსონალი იცრება - ესაა მცირე ჩამონათვალი იმ გადახვევების წესებიდან, რომლების გამოც ხელისუფლები ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ევროპიდან კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვნენ და საჯაროდ მოუწიათ ბოდიშის მოხდა, განმატებების გაკეთება და თანამდებობიდან წასვლა.

„დემოკრატიულ ქვეყანაში, თუკი თავს ასეთად მივიჩნევთ, კანონის უზენაესობა უნდა იყოს დაცული და ყველა მის წინაშე თანასწორად გრძნობდეს თავს, მათ შორის, ხელისუფლების წარმომადგენლებიც”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ნინო ევგენიძე, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი.

ძალაუფლების ბოროტად გამოყენების გახმაურებული ფაქტები

ბრიტანეთი

ერთ-ერთი პირველი, ვისი თანამდებობაც კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების დარღვევამ შეიწირა, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინიტრის, ბორის ჯონსონის მრჩეველი, დომინიკ კამინგსი იყო. 2020 წლის მაისში მან ქვეყანაში მოქმედი საკარანტინო წესები არ დაიცვა და იმის ნაცვლად, რომ კორონავირუსის სიმპტომების გამოჩენის შემდეგ ლონდონში, თავის საკუთარ ბინაში გადასულიყო თვითიზოლაციაში, დარჰემში, მშობლების სახლში გაემგზავრა ცოლთან ერთად. ბორის ჯონსონმა სპეციალური მრჩევლის დაცვა სცადა იმ არგუმენტით, რომ კამინგსი დარჰემში მცირეწლოვანი შვილის მოსანახულებლად წავიდა, იმავეს ამბობდა თავად კამინგსიც. საბოლოოდ, წესების მიმართ უპატივცემულობის და შეცდომის დროულად არაღიარების გამო თანამდებობის დატოვება მოუწია არა მარტო თავად დომინიკ კამინგს, არამედ ბრიტანეთის მთავრობის წევრს, შოტლანდიის საკითხებში მინისტრის მოადგილეს დაგლას როსს, რომელიც უკმაყოფილო იყო იმით, რომ ბორის ჯონსონმა კამინგსი მყისიერად არ გაათავისუფლა და დაკავებული პოსტიც პროტესტის ნიშნად კამინგსის გათავისუფლებამდე დატოვა.

დომინიკ კამინგსი
დომინიკ კამინგსი

ჩეხეთი

ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა, ანდრეი ბაბიშმა ჯერ ჯანდაცვის მინისტრის პოზიციიდან და შემდეგ საკუთარი მრჩევლობიდანაც გაათავისუფლა ეპიდემიოლოგი, რომან პრიმულა. ოქტომბერში ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობა მან პრემიერ-მინისტრის მოთხოვნის საფუძველზე მას შემდეგ დატოვა, რაც წესებს არ დაემორჩილა და ღამით, როცა რესტორნებისთვის მუშაობა აკრძალული იყო, პირბადის გარეშე შეხვდა პრაღის ერთ-ერთ რესტორანში მმართველი პარტიის თავმჯდომარეს.

„ჩვენ უნდა ვიყოთ მაგალითები, ასეთი შეცდომის პატიება დაუშვებელია”, - ასეთი იყო ჩეხეთის პრემიერ-მინისტრის პოზიცია. თავად ბაბიში არაერთხელ გამხდარა კრიტიკის სამიზნე, როგორც დემოკრატიისთვის საფრთხის შემქმნელი ოლიგარქი. ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობის დაკარგვის შემდეგ, პრიმულა, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო ეპიდემიოლოგი, ბაბიშის მრჩევლად დაინიშნა, მისი რჩევის საფუძველზე ქვეყანაში მკაცრი კარანტინი გამოცხადდა, თუმცა პრემიერ- მინისტრის მრჩეველი საგანგებო ზომების შემოღებიდან რამდენიმე საათში სტადიონზე წავიდა პრაღის „სლავიის“ და „ლესტერ სიტის“ შორის ევროპის ლიგის საფეხბურთო მატჩის საყურებლად. ამის შემდეგ ის ბაბიშის მრჩევლობიდანაც გათავისუფლდა “სოციალური ინტელექტის” ნაკლებობის გამო.

ჩეხური გამოცემა, რომელიც ჰყვება პრიმულას ვახშმის ამბავს რესტორანში
ჩეხური გამოცემა, რომელიც ჰყვება პრიმულას ვახშმის ამბავს რესტორანში

ავსტრია

ავსტრიაში კრიტიკის სამიზნედ იქცნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. როცა ქვეყანაში ვაქცინაციის პირველი ტალღა დაიწყო მოხუცებულთა სახლის ბინადრების და სამედიცინო პერსონალისთვის, რამდენიმე ბურგერმაისტერი “შემთხვევით” აღმოჩნდა იმ ადგილებში, სადაც ვაქცინაცია ტარდებოდა და „ზედმეტი დოზებით” ურიგოდ აიცრა კიდეც. ამგვარი ფაქტების გახმაურების შემდეგ, კანცლერმა თქვა, რომ „განრისხებული და გაცეცხლებულია” იმ ჩინოვნიკების გამო, რომლებმაც აცრის თარიღი „გადმოაცოცეს” მაშინ, როცა მოქალაქეების უმეტესობა ჯერაც არ აცრილა. თავად 34 წლის კანცლერი, სებასტიან კურცი, რომელიც ასაკის გამო ჯერაც მომლოდინეთა სიაშია, ამბობს, რომ „ასტრაზენეკას” ვაქცინით აიცრება, როცა მისი დრო მოვა, იმ მითის დასანგრევად, რომ „ფაიზერის ვაქცინა მერსედესს ჰგავს, ასტრაზენეკა კი შკოდაა”.

ვენა მკაცრი კარანტინის რეჟიმში, რომელიც გადაადგილების შეზღუდვასაც მოიცავდა - 2021 წლის თებერვალი
ვენა მკაცრი კარანტინის რეჟიმში, რომელიც გადაადგილების შეზღუდვასაც მოიცავდა - 2021 წლის თებერვალი

შოტლანდია

არაერთი თანამდებობის პირის კარიერა და რეპუტაცია შეიწირა აგვისტოში, შოტლანდიაში, გოლფის კლუბის პოლიტიკურმა სკანდალმა, რომელშიც სოფლის მეურნეობის მინისტრი, უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, ჯანდაცვის სისტემაში გადაწყვეტილების მიმღები პირები, დიპლომატები, ყოფილი და მოქმედი სენატორები და ევროკომისარი ფილ ჰოგანი გაეხვნენ - ისინი ერთ-ერთი გოლფკლუბის მიერ ორგანიზებულ წვეულებაზე მაშინ შეიკრიბნენ, როცა ირლანდიაში შეზღუდვების წესები გამკაცრდა, დახურულ სივრცეში 6 კაცზე მეტის შეკრება აიკრძალა, ღია სივრცეში კი მხოლოდ 15-კაციანი თავყრილობები იყო დასაშვები. გოლფკლუბის 80-კაციანი წვეულების მონაწილეების ნაწილი უშუალოდ იყო ჩართული წესების გამკაცრების პროცესში - ამ ამბის გახმაურების შემდეგ მინისტრი თანამდებობიდან გადადგა, მოსამართლეების საქმის განხილვა სასამართლომ დაიწყო, სენატორებმა სენატი დატოვეს. თითქმის ყველა იქ მყოფ პირს საჯაროდ მოუხდა ბოდიშის მოხდა საზოგადოებისთვის - ზოგის მიმართ სამართლებრივი პროცესი ამ დრომდე გრძელდება.

პანდემიის გამო დაკეტილი სათამაშო მოედანი ჩრდილოეთ ირლანდიაში, 2020 წლის აპრილი
პანდემიის გამო დაკეტილი სათამაშო მოედანი ჩრდილოეთ ირლანდიაში, 2020 წლის აპრილი

აშშ

სახალხო მღელვარების და საზოგადოებრივი კრიტიკის გარეშე არც ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩაუვლია თანამდებობის პირების უღირს ქცევას, რომლებიც ხალხს საჯაროდ შეზღუდვების მკაცრად დაცვისკენ მოუწოდებდნენ, თვითონ კი წესებს არღვევდნენ. დენვერის მერმა, მაიკლ ჰენკოკმა მოსახლეობას მადლიერების დღის წინ თავშეკავებისკენ მოუწოდა და სთხოვა, არ გაემართათ წვეულებები, თვითონ კი თვითმფრინავში ჩაჯდა და მისისიპიში გაფრინდა, სადაც მისი ცოლი და ქალიშვილი იყვნენ. ჰენკოკი ამ მოგზაურობის გამო კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვია და ბოდიშის მოხდაც მოუწია - მან თქვა, რომ მისისიპიში წასვლა მისმა გულმა და არა ტვინმა გადაწყვიტა.

საჯაროდ ბოდიშის მოხდა მოუწია სან ხოსეს მერსაც. მადლიერების დღეზე საოჯახო სადილზე მასთან ერთად იმაზე მეტი ადამიანი შეკრიბა, ვიდრე ამას იმ დროს არსებული მოქმედი რეგულაცია ითვალისწინებდა. იმის მიუხედავად, რომ მანაც ახსნა, მრავალრიცხოვანი ოჯახიდან ვარ, მხოლოდ და-ძმა მყავს ხუთიო, საზოგადოებამ მისი არგუმენტები არ მიიღო.

კანადა

თანამდებობა დატოვა კანადაში, ონტარიოს პროვინციაში ფინანსთა მინისტრმა როდ ფილიპსმა. ის დასასვენებლად კარიბის ზღვის კუნძულებზე იმ დროს გაფრინდა, როცა ხელისუფლება მოსახლეობას მოუწოდებდა არააუცილებელი მოგზაურობებისგან თავი შეეკავებინათ, რადგან კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები იზრდებოდა. ხალხმა როდ ფილიპსს საიდუმლო შვებულების მდიდრული სასტუმროებითა და იახტებით ცნობილ კუნძულზე გატარება არ აპატია. იმ დროს, როდესაც მინისტრი ისვენებდა, მისი სახელით საზოგადოებასთან კომუნიკაცია მის თანამშრომლებს ჰქონდათ. მაშინ როცა როდ ფილიპსი ქვეყანაშიც არ იმყოფებოდა, სოციალურ მედიაში შობის მისალოცი ვიდეო გამოქვეყნდა, სადაც ის მადლობას უხდის მედპერსონალს გაწეული შრომისთვის და საუბრობს იმაზე, როგორ შეცვალა დღესასწაულების აღნიშვნის ტრადიციები პანდემიამ.

აზერბაიჯანი

საკარანტინო წესების დარღვევისთვის ააჯარიმეს აზერბაიჯანის სახალხო დამცველი, ბაქოს უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი, კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ყოფილი თავმჯდომარე და სხვა საჯარო მოხელეები, რომლებიც აზერბაიჯანის მეცნიერებათა აკადემიიის პრეზიდენტის შვილიშვილის ქორწილში იყვნენ.

რა ხდება საქართველოში

საქართველოშიც იგივე ხდება, რაც დანარჩენ მსოფლიოში - ხალხმრავალი წვეულებები კომენდანტის საათის დროს, მოცეკვავე დეპუტატი დაკეტილ რესტორანში, უმაყურებლოდ გამართულ ფეხბურთის მატჩებზე ხელისუფლების წარმომადგენლები შვილებთან ერთად და მთავრობასთან დაახლოებული პირები ტრიბუნებზე, - ეს ყველაფერი პანდემიის სხვადასხვა ეტაპზე ნანახი კადრებია, თუმცა მსოფლიო პროცესებისგან ქართულ შემთხვევებს ის განასხვავებს, რომ არც ერთ შემთხვევაში, იშვიათი გამონაკლისის გარდა, არც ერთ თანამდებობის პირს არ მოუხდია საჯარო ბოდიში და არ გადაუხდია თავისივე შემოღებული წესის დარღვევისთვის პოლიტიკური ფასი.

„ეს ადამიანები ძალაუფლებას იყენებენ საკუთარი, პირადი ინტერესებისა და კეთილდღეობისთვის და არა საზოგადო ინტერესებისთვის”, - ამბობს პოლიტოლოგი ლევან ცუცქირიძე, რომელიც თვლის, რომ ქართველ პოლიტიკოსებს საკუთარი წესის დარღვევის უფლებას გარკვეულწილად საზოგადოება წინსწრებით აძლევს იმით, რომ არ არის საკმარისად მკაცრი და კრიტიკული ძალაუფლების ამგვარი გამოყენების შემთხვევების მიმართ.

„პოლიტიკოსები ციდან არ არიან ჩამოფრენილები, ისინიც ამ საზოგადოების ნაწილი არიან და იციან, რომ საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი შესაძლოა ამგვარად მოქცეულიყო, თუკი ხელისუფლებაში მოხვდებოდა, დაერღვია წესები, თუკი ამის გამო არ დაისჯებოდა. ერთადერთი, ამ ხალხისთვის, რატომაც არიან ისინი "ცუდები", არის ის, რომ "ისინი" არ ვართ "ჩვენ" - ამიტომ, პოლიტიკურ კულტურაზე ლაპარაკისას უნდა გვახსოვდეს, რომ ეს კულტურა არა მხოლოდ ხელისუფლებას, საზოგადოებასაც უნდა ჰქონდეს”, - ამბობს ლევან ცუცქირიძე.

შინაგან საქმეთა სამინისტრო დღე-ღამეში საშუალოდ 500 ადამიანს აჯარიმებს მოქმედი რეგულაციების დარღვევისთვის - ძირითადად, გამოწერილი ჯარიმები კომენდანტის საათის დარღვევისა და პირბადის გარეშე სიარულისთვის იწერება.

უფლებადამცველები თვეებია საუბრობენ იმაზე, რომ მთავრობამ პირბადის ტარების ვალდებულება უფლებამოსილების გადამეტების შედეგად შემოიღო, პარლამენტის მონაწილეობის გარეშე, პარალელურად კი ამზადებენ სარჩელებს იმ ადამიანების სახელით, ვისაც მიაჩნია, რომ ჯარიმა უსამართლოდ დაეკისრა.

მაგალითად, დეკემბერში რადიო თავისუფლებამ გადაიღო მოწყალების მთხოვნელი უსახლკარო, რომელიც პატრულმა კომენდანტის საათის დროს ქუჩაში ყოფნისთვის 2 000 ლარით დააჯარიმა იმ დროს, როცა მამუკა დიაკონიძე ცდილობდა ეპოვა მანქანა, რომელიც იქამდე მიიყვანდა, სადაც ღამეს ათევდა.

ხელისუფლებისთვის „კომენდანტის საათი” საპროტესტო მოძრაობების შეზღუდვის ერთ-ერთ მექანიზმად რჩება - საშვებს ღამე გადაადგილებისთვის მთავრობა უზღუდავს უფლებადამცველებსაც კი. მაგალითად, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას, რომელიც უფასო იურიდიული დახმარების სერვისს სთავაზობს ასობით ადამიანს, ეკონომიკის სამინისტრომ უარი უთხრა ღამე გადაადგილებისთვის საშვების მიცემაზე.

27 თებერვალს „მთავარმა არხმა” გაავრცელა კადრები, სადაც ჩანს დეპუტატ ანტონ ობოლაშვილთან სახლში, წყნეთში გამართულ წვეულებაზე შეკრებილი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ქალაქის მერი კახა კალაძე და საჯარო მოხელეები. ანტონ ობოლაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ სტუმრები დაბადების დღზე დაპატიჟა, თუმცა ამ ინტერვიუდან მალევე გაირკვა, რომ დეპუტატს ოფიციალურ დოკუმენტებში დაბადების თარიღად 1 მარტი უწერია. რაც უნდა ყოფილიყო პოლიტიკოსების შეკრების მიზეზი, წვეულებაზე მყოფები არღვევდნენ კომენდანტის საათს, არ ეკეთათ პირბადე და იყვნენ ათზე მეტნი - ესაა დასაშვები ზედა ზღვარი შეკრებებისთვის. თუმცა, გასულ თვეში, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის პრესსამსახურის ხელმძღვანელის, ნინო მამუკელაშვილის შვილის ჯვრისწერისთვის მოწყობილმა წვეულებამ აჩვენა, რომ სახლებსა და აგარაკებში რეგულაციების დარღვევით გამართული ხალხმრავალი წვეულებები სამართალდამცველების ყურადღების ცენტრში მხოლოდ მაშინ შეიძლება მოექცეს, თუკი მეზობელი ან თვითმხილველი შესაბამის შეტყობინებას გააკეთებს პოლიციაში.

ანტონ ობოლაშვილის წყნეთის აგარაკი ხალხმრავალი წვეულებით 2021 წლის თებერვალში პირველად არ მოხვდა საზოგადოების ყურადღების ცენტრში - 2020 წლის სექტემბერში, ისევ „მთავარი არხის“ ინფორმაციით, აქ მისმა შვილმა 200-სტუმრიანი ქორწილი გადაიხადა - ამ დროს მთელ ქვეყანაში ინფიცირების მზარდი რიცხვების გამო აკრძალული იყო ნებისმიერი სახის რიტუალური ღონისძიება: ქორწილი, ქელეხი, იუბილე, ნათლობა და ა.შ.

ანტონ ობოლაშვილი ერთადერთი არ არის მოქმედი ხელისუფლებიდან, ვის სახლშიც ირღვევა პანდემიის გამო დაწესებული წესები. 27 თებერვალს, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელვაჩაურის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, მიშა ბოლქვაძემ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატი, ანზორ ბოლქვაძე რესტორანში მოცეკვავე ხალხთან ერთად, რომელთა რაოდენობა ასევე აჭარბებს დაწესებულ ზღვრულ რაოდენობას და რომლებსაც არ უკეთიათ პირბადე. მიშა ბოლქვაძე ამტკიცებს, რომ ვიდეო ანზორ ბოლქვაძის რესტორანში კომენდანტის საათის დროსაა გადაღებული, მოქმედი დეპუტატი ამბობს, რომ ვიდეო 1 წლის წინ არის გადაღებული და მაშინ, როცა ის გავრცელდა.

12 თებერვალს, ქუთაისის მერიასთან 6 აქტივისტი დააკავეს - ისინი ითხოვდნენ მერთან შეხვედრას იმის საკითხავად, რატომ გაახსნევინა რესტორანი კოლეგებთან ერთად საქეიფოდ კომენდანტის საათის დროს.

„როცა მერი აშავებს და მოქალაქეებს სჯიან, არის უსამართლობა. ჩვენი ინფორმაციით, ქუთაისის მერმა ამ პოლიტიკურ რეგულაციების დროს, ანუ კომენდანტის საათის დროს, გაახსნევინა რესტორანი, თავის კოლეგებთან ერთად იქეიფა და წავიდა სახლში. ვკითხულობთ, რატომ იქცევა ასე ხელისუფლება და რატომ არ აძლევენ მოქალაქეებს უფლებას, მოიქცნენ ზუსტად ისევე. მე, ამ ქვეყნის რიგით მოქალაქეს, კონსტიტუციით მაქვს უფლება, ნებისმიერ ქალაქში შევიდე ქალაქის ადმინისტრაციის უფროსთან. როცა ისმის კითხვები, ნებისმიერი ჩინოვნიკი ვალდებულია, პასუხები გასცეს“, - ეს კომენტარი „მოძრაობა საქართველოსთვის“ წევრმა კახა კვეკვესკირმა მერიასთან აქტივისტების დაკავების შემდეგ გააკეთა.

წვეულებების გარდა ხელისუფლების წარმომადგენლები არღვევენ ისეთ წესებს, რის გამოც ჩეხეთის პრემიერმა ჯანდაცვის მინისტრზე თქვა, „სოციალური ინტელექტის” ნაკლებობა აქვსო. მაგალითად, 12 ნოემბერს, საქართველო - ჩრდილოეთ მაკედონიას შორის გამართულ მატჩზე, რომელიც უმაყურებლოდ, ცარიელტრიბუნებიან სტადიონზე იმართებოდა, თბილისის მერი კახა კალაძე შვილთან ერთად მივიდა. მეორე დღეს მან ბოდიში მოუხადა მათ, ვინც „გულწრფელად გააკრიტიკა”, თუმცა თქვა, რომ შვილთან ერთად „ინერციით მივიდა“ და იქ არა როგორც ქალაქის მერი, როგორც ვეტერანი ფეხბურთელი, ისე იმყოფებოდა. ამ მატჩის პარალელურად, პოლიცია 2 000 ლარით აჯარიმებდა კომენდანტის საათის დროს სტადიონთან შეკრებილ ფეხბურთის გულშემატკივრებს, რომლებიც 22:00 საათის შემდეგ ქუჩაში იმყოფებოდნენ, ტრიბუნებზე კი კამერებმა დააფიქსირეს „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელძღვანელი, ირაკლი კობახიძე, მსახიობი ზურაბ ყიფშიძე და, სავარაუდოდ, რეჟისორი რობერტ სტურუა, რომელმაც ფეისბუკის პირად გვერდზე უარყო თავისი ყოფნა სტადიონზე.

წესების უხეში დარღვევების გარდა, ხელისუფლება და წესების შედგენაში მონაწილე პირები მთელი პანდემიის განმავლობაში არღვევდნენ პირბადის ტარების წესებს. ასევე, ინფექციურ საავადმყოფოსთან გამართული ყოველდღიური ბრიფინგი დილაობით არაერთი თვის განმავლობაში იწვევდა ათობით ჟურნალისტისა და ოპერატორის თავყრილობას მარტივი სტატისტიკური ინფორმაციის მისაღებად, რაც, როგორც მომდევნო თვეებში აღმოჩნდა, წერილობით და ვიდეოჩანაწერის სახითაც შეიძლებოდა გავრცელებულიყო.

პანდემია - სარკე დემოკრატიული და ავტოკრატიული ქვეყნებისთვის

პანდემიის საწყის ეტაპზევე ისმოდა გაფრთხილებები იმის შესახებ, რომ რეგულაციები ჯანმრთელობის დაცვის სახელით, პირადი მონაცემების შეგროვება ვირუსის გავრცელების შესაჩერებელი ტექნოლოგიური პლატფორმების შესაქმნელად და სხვა ამგვარი მოქმედებები სუსტი დემოკრატიის მქონე ქვეყნებში პრობლემებს შექმნიდა, თავად ვირუსთან ბრძოლის სტრატეგიები, მათი თანმიმდევრულობა და პარადოქსულობა კი მმართველობების სუსტ და ძლიერ მხარეებს გამოიტანდა დღის სინათლეზე. პანდემიის მეორე წელს, როცა მსოფლიოს მნიშვნელოვანი ნაწილი ვირუსთან ბრძოლის მეორე ეტაპზე, ვაქცინაციის პროცესზეა გადასული, უკვე დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ პანდემია აღმოჩნდა სარკე დემოკრატიებისა და ავტოკრატიებისთვის, რომელმაც გამოაჩინა ყველა ის ხარვეზი, რაც მმართველობებში ჰქონდა სხვადასხვა ხელისუფლებას და გამოწვევები, რომელთა წინაშეც დგანან საზოგადოებები. პანდემიამ დაადასტურა, როგორ ახლოსაა სინამდვილესთან ცნობილი ფრაზა იმის შესახებ, რომ ძალაუფლება რყვნის, აბსოლუტური ძალაუფლება კი აბსოლუტურად რყვნის.

საქართველოში 2020 წელს მოსახლეობის ნახევარზე მეტი პანდემიამდეც ფიქრობდა, რომ ხელისუფლებაში მყოფი პირები ძალაუფლებას ბოროტად იყენებენ. მოქმედი კანონმდებლობის განმარტებით, კორუფცია საჯარო მოხელეებისთვის არის ის, როცა სახელმწიფო სამსახურს ან იმ შესაძლებლობას, რასაც სამსახური გაძლევს, იყენებ კანონით აკრძალული სიკეთის მისაღებად ან აკანონებ კანონით აკრძალული სიკეთეების მიღების გზებს. კანონში ნახსენები სიკეთე არ გულისხმობს მხოლოდ მატერიალურ სიკეთეს და ქონებას და მასში მოიაზრება ისეთი პრივილეგიებიც, რომლითაც ხელისუფლების წარმომადგენლები პანდემიის დროს სარგებლობდნენ და ივიწყებდნენ იმას, რომ საჯარო მოხელე არა მხოლოდ პირად, არამედ ინსტიტუციურ რეპუტაციასაც უნდა იცავდეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG