Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორნელი კაკაჩია: კომპრომისი არის ყველაზე დიდი სისუსტე ქართულ პარტიულ პოლიტიკაში


კორნელი კაკაჩია
კორნელი კაკაჩია

„საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ დირექტორის, კორნელი კაკაჩიას თქმით, ქართულ პარტიულ პოლიტიკას ზოგადად არ გააჩნია თანამედროვე დემოკრატიისათვის დამახასიათებელი ბევრი მნიშვნელოვანი თვისება, მათ შორის კომპრომისისკენ მიდრეკილება. რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ კორნელი კაკაჩიამ განაცხადა, რომ კომპრომისი ქართულ პარტიულ პოლიტიკაში ყველაზე დიდი სისუსტეა და ქვეყანას ფაქტობრივად მისი ტრადიცია არ აქვს:

„და კიდევ უფრო ცუდი ის არის, რომ ფაქტიურად ქართულ პარტიულ პოლიტიკაში კომპრომისი აღიქმება როგორც სისუსტე. რაც არის სერიოზული პრობლემა, იმიტომ, რომ თუ ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ საქართველო უნდა გახდეს კონსოლიდირებული დემოკრატია საქართველო უნდა შეუერთდეს ვთქვათ ევროკავშირს, ნატოს, ამის გარეშე შეუძლებელია. პლიუს ამას ემატება ისიც, რომ ბოლო კონსტიტუციური ცვლილებების შემდეგ საქართველო უკვე გახდა საპარლამენტო რესპუბლიკა, რაც აუცილებლად და თავის თავში მოიცავს იმას, რომ კომპრომისის კულტურა უნდა განვითარდეს და მათ შორის ძირითად პოლიტიკურ მოთამაშეებს შორის. ამ კუთხით სიმართლე გითხრათ ჩვენი პარტიული პოლიტიკა ფეხს ვერ უწყობს თანამედროვე გამოწვევებს. პირიქით, მე ვიტყოდი, რომ ეს უკიდურესი პოლარიზაცია, რომლითაც ხასიათდება ქართული პოლიტიკა ჯერჯერობით თავის ყველაზე ცუდ გამოვლინებებს ამჟღავნებს, რაც სერიოზულ პრობლემებს უქმნის არა თვითონ პოლიტიკურ პარტიებს და საზოგადოებას, არამედ ქვეყნის სტაბილურობას და რაც ყველაზე მთავარია, ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს“, - განაცხადა კორნელი კაკაჩიამ „დილის საუბრებში“. მისი შეფასებით, ქართულ პარტიულ პოლიტიკაში კომპრომისის არარსებობა დამახასიათებელია როგორც მმართველი პარტიისთვის, ისე ოპოზიციური პარტიებისთვის.

„მოსახლეობის დაკვეთა არის რომ შედგეს სტაბილური პარტიული სისტემა, სადაც პარტიები იქნებიან მეტოქეები, მაგრამ ისინი არ იქნებიან მტრები. ხალხი ცოტა არ იყოს გადაიღალა ამით და რაც ყველაზე ცუდია გადაიღალნენ ჩვენი მეგობრები და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები. საქართველო დაემსგავსა პატარა ჭიჭყინა ბავშვს, რომელიც ვერ გაიზარდა რაღაცნაირად და მომწიფების ასაკი არ დაუდგა“, - განაცხადა კორნელი კაკაჩიამ. „დილის საუბრებში“ მან განაცხადა, რომ ასეთ ფონზე საქართველო არ ჩანს, როგორც მომწიფებული დემოკრატია, რომელიც თავისი პოლიტიკური კლასით არის მზად აიღოს პასუხისმგებლობა სერიოზულ საკითხებზე.

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ინიციატივით, 1 მარტს შედგა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილმა 2 მარტს განაცხადა, რომ პარლამენტის შენობის პიკეტირებით ოპოზიცია აგრძელებს დესტრუქციულ ქმედებებს.

ღარიბაშვილმა ასევე თქვა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას პატიმრობა მართლმსაჯულების საკითხია და ხელისუფლება ვერ ჩაერევა. ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანაში არ არსებობს ლეგიტიმური მიზეზი ვადამდელი არჩევნების ჩატარების და ეს „წითელ ხაზად“ რჩება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG