Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ომბუდსმენი: TV პირველთან დაკავშირებული სასამართლო განჩინება კანონს ეწინააღმდეგება


ნინო ლომჯარია, სახალხო დამცველი
ნინო ლომჯარია, სახალხო დამცველი

საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ სასამართლოს განჩინება, რომელიც ტელეკომპანია „TV პირველში“ ჟურნალისტურ წყაროსთან დაკავშირებული მოწყობილობის ამოღების ჩატარების შესახებ გაიცა, დაუსაბუთებელია და ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობასა და ადამიანის უფლებათა ევროპულ სამართალს.

მისი შეფასებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემული განჩინება არის დაუსაბუთებელი, როგორც ეროვნული კანონმდებლობის, ისე ადამიანის უფლებათა ევროპული სამართლის გათვალისწინებით. სახალხო დამცველის შეფასებით, განჩინება წარმოადგენს მძიმე პრეცედენტს, რომლის აღსრულებამაც შესაძლოა სერიოზულად შეაფერხოს ჟურნალისტთა მიერ საქმიანობის თავისუფლად განხორციელება:

„ტელეკომპანიის მიერ გავრცელებული ჩანაწერი, რასთან დაკავშირებითაც საქართველოს პროკურატურამ გამოძიება დაიწყო, მოპოვებულია ჟურნალისტის კონფიდენციალური წყაროს გამოყენებით. ჟურნალისტის უფლება, არ დაასახელოს წყარო და არ გადასცეს გამოძიებას პროფესიული საქმიანობისას მიღებული ინფორმაცია, პირველ რიგში, დაცულია შიდა კანონმდებლობით. მასმედიაში ჩხრეკა-ამოღების განხორციელება დაშვებულია მხოლოდ ისეთ შემთხვევაში, როცა „არსებობს აშკარა და დამაჯერებელი დასაბუთება, რომ აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების ჩატარება არ გამოიწვევს საქართველოს კონსტიტუციით დაცული სიტყვის, [..] უფლების ხელყოფას.

სასამართლოს მიერ გაცემულ ორგვერდიან განჩინებაში საერთოდ არ გვხვდება მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, თუ რა გავლენა შეიძლება იქონიოს მსგავსი შინაარსის საგამოძიებო მოქმედების ჩატარებამ ჟურნალისტის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვის ხარისხზე, რის გამოც აღნიშნული განჩინება საპროცესო-სამართლებრივი დასაბუთებულობის ელემენტარულ ზღვარსაც კი ვერ აკმაყოფილებს“, - აღნიშნულია სახალხო დამცველის განცხადებაში. განცხადების მიხედვით, სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითება გვხვდება მხოლოდ გამოძიების ინტერესთან დაკავშირებით და სასამართლოს საერთოდ არ უმსჯელია იმაზე, ხომ არ ცდილობს გამოძიება ჟურნალისტის გამოკითხვის გვერდის ავლით მისი კონფიდენციალური წყაროს ვინაობის დადგენას, რაც ჟურნალისტური საქმიანობის ძირითადი პრივილეგიის დარღვევაა.

საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს გენერალურ პროკურატურას, არ გადადგას ნაბიჯი, რომელიც მძიმე დარტყმას მიაყენებს გამოხატვის თავისუფლებასა და ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებას.

დღეს ცნობილი გახდა, რომ სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და უფლება მისცა, "TV პირველიდან" ამოიღოს ბერა ივანიშვილის აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებული მასალები.

კერძოდ:

  • ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობა, რომელზეც ჩაწერილი იყო რეპორტაჟში გამოყენებული კერძოს საუბრების ჩანაწერები;
  • კონვერტი, რომელშიც მოთავსებული იყო ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობა.

საქართველოს მთავარი პროკურატურა დამატებით განმარტავს, რომ "TV პირველს" უფლება აქვს არ გადასცეს მათ ის "ინფორმაციის შემცველი საგანი, დოკუმენტი თუ სხვა ობიექტი", რომლის ამოღების უფლებაც სასამართლოსგან ითხოვეს და მოსამართლემ დაუკმაყოფილა. ამ შინაარსის განცხადებას თავად უწყებამ გაავრცელა.

განცხადების მიხედვით, "TV პირველს" თავად შეუძლია მიიტანოს საგამოძიებო უწყებაში ფარული ჩანაწერი და ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობა. მანამდე გავრცელებულ განცხადებაში პროკურატურა აღნიშნავდა, რომ საგამოძიებო უწყება არ აპირებს "TV პირველში" ძალის გამოყენებით საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას.

"TV პირველმა" 6 მარტს გაასაჯაროვა ფარული ჩანაწერი ბერა ივანიშვილის, ირაკლი ღარიბაშვილისა და ანზორ ჩუბინიძის მონაწილეობით. ისინი განიხილავენ 15 წლის არასრულწლოვნის შეშინებას, ბერასთვის არასასიამოვნო კომენტარების გამო.

ჩანაწერის გავრცელებიდან 3 დღეში, ბერა ივანიშვილმა ირიბად დაადასტურა ჩანაწერის შინაარსი "იმედთან" ინტერვიუში და თქვა: "თუ ვინმე დედას შემაგინებს, მე ასეთ ადამიანს პასუხს მოვთხოვ დღესაც".

პროკურატურამ გამოძიება დაიწყო მხოლოდ "კერძო საუბრის უნებართვოდ ჩაწერის მუხლით", სატელეფონო საუბრის შინაარსით კი გამოძიება არ დაინტერესებულა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG