რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი, 6 აპრილს, ბოლო 10 წლის მანძილზე პირველად ესტუმრა პაკისტანს, სადაც ადგილობრივი ხელისუფლების უმაღლეს წარმომადგენლებთან ერთად, ორმხრივი ურთიერთობების გარდა, განიხილავს ასევე ავღანეთში მიმდინარე სამშვიდობო პროცესს. სერგეი ლავროვი შეხვდა პაკისტანის პრემიერ-მინისტრ იმრან ხანს, საგარეო საქმეთა მინისტრ შაჰ მაჰმუდ ყურეშის და გენერალური შტაბის უფროსს, გენერალ ქამარ ჯავედ ბაიავას.
ახლოვდება 1 მაისი, თარიღი, როდესაც აშშ-მა და მისმა ნატოელმა მოკავშირეებმა უნდა მიიღონ გადაწყვეტილება ავღანეთიდან მრავალეროვნული სამშვიდობო ძალების გაყვანის თაობაზე, რაც აშშ-სა და თალიბანს შორის გასულ თებერვალს მიღწეული სამშვიდობო შეთანხმების ერთ-ერთი უმთავრესი პირობაა ძალადობის შეწყვეტასთან ერთად. მაგრამ ავღანეთში არ წყდება ექსტრემისტული დაჯგუფებების ორგანიზებული თავდასხმები ქვეყნის ხელისუფლებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებზე.
ამ ფონზე მოსკოვი, როგორც რეგიონში გავლენიანი მოთამაშე, ცდილობს გააძლიეროს ძალისხმევა ავღანეთში მშვიდობის მისაღწევად. 18 მარტს მოსკოვმა უმასპინძლა ავღანეთის შესახებ სამშვიდობო კონფერენციას, რომელშიც ავღანეთის ხელისუფლებისა და თალიბანის გარდა მონაწილეობდნენ ასევე რეგიონის რამდენიმე მნიშვნელოვანი ქვეყნის, მათ შორის პაკისტანის, წარმომადგენლები.
კონფერენციის შემდეგ აშშ-მა, რუსეთმა, ჩინეთმა და პაკისტანმა მოუწოდეს ავღანეთის დაპირისპირებულ მხარეებს, რომ დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ცეცხლი და მიაღწიონ სამშვიდობო შეთანხებას ორი ათწლეულის განმავლობაში მიმდინარე ომის დასასრულებლად და იმ ფონზე, როდესაც 6 კვირა რჩება ავღანეთის ტერიტორიიდან ამერიკული სამხედრო ძალის გასვლის შესახებ გამოცხადებული თარიღის მოახლოებამდე.
სერგეი ლავროვი პაკისტანში ჩავიდა ავღანეთის თაობაზე მოსალაპარაკებლად

ყველაზე პოპულარული
1