Accessibility links

site logo site logo

ევროკავშირის გაფრთხილება და საქართველოს ეკონომიკის მომავალი თემიდას სასწორზე


მოსამართლეებთან დაკავშირებული, უკვე დამტკიცებული საკანონმდებლო ცვლილებები ხელისუფლებამ ევროსაბჭოს ვენეციის კომისიას ბრიუსელიდან მიღებული მკაცრი გაფრთხილების შემდეგ გაუგზავნა.

ევროპარლამენტარების შემდეგ, საქართველოს ხელისუფლება ფინანსური დახმარების შეჩერების რისკებზე ევროკავშირის აღმასრულებელმა სტრუქტურამაც გააფრთხილა. ლაპარაკი იყო მაკროსაფინანსო დახმარების მორიგი ტრანშის სავარაუდო შეჩერებაზე. ევროკავშირის ფინანსური დახმარების შეჩერება მნიშვნელოვანად დააზარალებს საქართველოს ისედაც დასუსტებულ ეკონომიკას; ხოლო სასამართლო სისტემის ძირეული რეფორმა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მექანიზმია ეკონომიკის გასაჯანსაღებლად - ასეთია ეკონომისტების შეფასება.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის სამსახურის პრესსპიკერის სახელით გამოქვეყნებულ განცხადებაში გარკვევით არის ნათქვამი, რომ:

  • თუკი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესი ევროსაბჭოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან სრულ შესაბამისობაში არ გადაიხედება, საქართველოს შესაძლოა, შეუჩერდეს მაკროსაფინანსო დახმარების მეორე ტრანში.
  • ევროკავშირი საჭიროდ თვლის 1 აპრილს დამტკიცებული საკანონმდებლო ცვლილებების ვენეციის კომისიისთვის „რაც შეიძლება სწრაფად" გაგზავნას, იმის დასადგენად - „შეესაბამება თუ არა მიღებული შესწორებები, ვენეციის კომისიის წინა რეკომენდაციებს“.
  • ევროკავშირისთვის დასანანია ის ფაქტი, რომ წინა ჯერზე საქართველოს პარლამენტი არ დაელოდა ვენეციის კომისიის დასკვნას და ცვლილებები (2020 წლის 30 სექტემბერში) დაჩქარებული წესით დაამტკიცა.

2020 წლის შემოდგომაზე, როცა საკანონმდებლო ცვლილებები ვენეციის კომისიის გარეშე დაამტკიცა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მათ კი არ იჩქარეს, არამედ ვენეციის კომისიამ დაიგვიანა. ამ პროცესებს მაშინაც მოჰყვა ევროკავშირის მწვავე შეფასებები და მკაცრი სიგნალები გაისმა ევროსაბჭოდანაც.

იყო წინასწარი გაფრთხილებებიც. მაგალითად, 2020 წლის 29 სექტემბერს, იმდროინდელ პრემიერ-მინისტრსა და „ქართული ოცნების“ პარტიული სიის პირველ ნომერს, გიორგი გახარიას ბრიუსელში შეახსენეს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევასთან დაკავშირებულ კანონში ცვლილებები ევროსაბჭოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებზე დაყრდნობით უნდა შესულიყო.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ბრიუსელიდან უფრო მკაფიო გზავნილების მიღება წარმოუდგენელიც კი არის.

„ახლა საქართველოს ხელისუფლებას აქვს გასაკეთებელი არჩევანი - ისინი ითვალისწინებენ ჩვენი პარტნიორების მკაფიო განცხადებებს, თუ ისევ აგრძელებენ მართვას კლანისა და ერთი ადამიანისთვის დაქვემდებარებული სასამართლოს მეშვეობით“, - აცხადებს „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი, სერგი კაპანაძე.

ბრიუსელიდან მიღებული მკაცრი გზავნილის მეორე დღეს, 8 აპრილს, დღის მეორე ნახევარში საქართველოს პარლამენტმა გააკეთა განცხადება, რომ - კანონი „საბოლოო რევიზიისთვის“ გადაეგზავნა ვენეციის კომისიას.

„ქართულ ოცნებაში“ საფრთხეს ვერ ხედავენ. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა დეპუტატმა, შალვა პაპუაშვილმა 8 აპრილს, დღის პირველ ნახევარში უთხრა ჟურნალისტებს, ვენეციის კომისიაში იოლად დარწმუნდებიან, რომ ყველაფერი მათი რეკომენდაციების შესაბამისად არის გაკეთებული.

„ამ ცვლილებების მიზანი იყო (ვენეციის კომისიის) რეკომენდაციების ასახვა. შესაბამისად, ვენეციის კომისიის დასკვნის საფუძველზეა ყველა ეს ცვლილება განხორციელებული. ჩვენ გვექნება კომუნიკაცია ვენეციის კომისიასთან. გადავაგზავნით ამ კანონს, რომ მათ ნახონ და გაეცნონ ამ კანონს. რაც შეეხება განცხადებას, გამომდინარეობს იქიდან, რომ შინაარსობრივად ვენეციის კომისია არ არის გაცნობილი საბოლოო ვარიანტს, როგორც ეს იქნა მიღებული კანონის სახით“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

მისი განმარტებით, პროცესის დაჩქარება იმით იყო გამოწვეული, რომ „ახლა მიმდინარეობს (კანდიდატების) შერჩევის პროცედურები იუსტიციის უმაღლეს საბჭოში“, ხოლო „ეს კანონი და ვენეციის კომისიის რეკომენდაცია შეეხებოდა გასაუბრებების პროცესის ბოლო ეტაპს, როდესაც ხდება კენჭისყრა“.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ საკანონმდებლო ცვლილებები ვერ მოაგვარებს „კლანური მმართველობის“ მთავარ პრობლემას და ვერ დააზღვევს, მათ შორის - „ინტერესთა კონფლიქტის“ გამოვლინებებს. ჯანეზაშვილი უკვე დამტკიცებული კანონის ვენეციის კომისიაში გაგზავნას დაგვიანებულად მიიჩნევს.

დიდი ხნის ამბავი

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესებთან დაკავშირებით საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ ხმაურის არაერთი ტალღა ახსოვთ. საერთაშორისო პარტნიორების შეფასებები მწვავედ უარყოფითი იყო - 2019 წლის მაისში დამტკიცებულ კანონმდებლობასთან, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კანდიდატების შერჩევის პროცესთან თუ 2019 წლის ბოლოს, კანდიდატთა 20-კაციანი სიიდან 14 მოსამართლის დამტკიცებასთან დაკავშირებით.

საერთაშორისო პარტნიორები აღნიშნავდნენ, რომ მთელ ამ პროცესში არ იყო გათვალისწინებული ვენეციის კომისიის მნიშვნელოვანი რეკომენდაციები და მოსამართლეთა შერჩევის პროცესში მრავალი ხარვეზი გამოვლინდა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევასთან დაკავშირებული ხმაურიანი პროცესები თითქმის უკვე ორ წელიწადს ითვლის. სათავეა 2018 წლის დეკემბერში, როდესაც მოსამართლეთა 10-კაციანი საეჭვო სია პარლამენტში დიდი ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე ჩავარდა. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო მუშაობა კანონმდებლობის შესაბამის ნორმებზე, რომლებიც ამ დრომდე კრიტიკის საგნად რჩება.

საერთაშორისო დახმარება, ეკონომიკა და სასამართლო

ეკონომისტები თანხმდებიან, რომ საერთაშორისო ფინანსური დახმარების შეჩერება, რომლის ალბათობაზეც მანამდე ევროპარლამენტარებიც ლაპარაკობდნენ და რასაც არც აშშ-ში გამორიცხავენ, მნიშვნელოვანი დარტყმა იქნება საქართველოს ისედაც ძალიან დასუსტებული ეკონომიკისთვის. ამასთან, საერთაშორისო პარტნიორები მუდმივად შეგვახსენებენ, სასამართლოს რეფორმას უდიდესი როლი ეკისრება ეკონომიკური განვითარების პერსპექტივის ჭრილშიც.

ახალ დოკუმენტში - „ეკონომიკის განვითარების სტრატეგიულ ხედვაში“, რომელიც ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა (EPRC) და USAID-ის დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის (GGI) ერთობლივი პლატფორმის ფარგლებში შემუშავდა, საქართველოს რეალობის არცთუ სახარბიელო სტატისტიკაა ასახული და ასე მაგალითად:

  • 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა 6.1%-ით შემცირდა;
  • დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა 3.8%-ით, ხოლო მათთვის გადახდილი ხელფასები 6.1%-ით შემცირდა;
  • წინასწარი შეფასებით, 2021 წლის იანვარში ეკონომიკური ვარდნა 11.5%-ია, ხოლო თებერვალში 5.1%, იანვარ-თებერვლის საშუალო ვარდნამ 8.3% შეადგინა.
  • 2020 წელს საქართველომ ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების 83.4% დაკარგა. მანამდე ტურიზმის შემოსავალი – 2,611 მლნ აშშ დოლარს უტოლდებოდა, მშპ-ის თითქმის 15%-ს.
  • 2017-2019 წლებში არასახელმწიფო, ანუ კერძო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 26.4 ათასით შემცირდა, ხოლო 27.8 ათასით გაიზარდა სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა - „პროდუქტიული სამუშაო ადგილები ჩანაცვლდა საქმიანობით, რომელიც დიდწილად ეკონომიკისათვის უღელს წარმოადგენს“.

ეკონომიკური ჯგუფის თანახმად, საქართველოს ეკონომიკის ამჟამინდელი მდგომარეობა მხოლოდ პანდემიას ვერ დაბრალდება და ამ მხრივ აუცილებლად გასათვალისწინებელია ორი ფაქტორი: პანდემიამდე არსებული პრობლემები და პანდემიის მართვის დროს დაშვებული შეცდომები.

„ქვეყანა უფსკრულის ზღვარზეა და ჩვენ კიდევ ერთხელ გვინდა გავაფრთხილოთ ხელისუფლება“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი, ნინო ევგენიძე. დოკუმენტში ჩამოყალიბებულია კონკრეტული გეგმა სხვადასხვა მიმართულებით და სამომავლო ხედვის პირველი რიგის ამოცანად სასამართლო რეფორმა სახელდება.

„თუ არ მოხდება სასამართლო რეფორმა, ვერ შევძლებთ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას ქვეყანაში და ეს პირდაპირ არის დაკავშირებული ახალი სამუშაო ადგილების შექმნასთან და იმ ადამიანების ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასთან, რომლებიც ამ პანდემიის გამო უფრო მეტად დაზარალდნენ, ვიდრე ისინი 2019 წლის ბოლოს იყვნენ“, - გვეუბნება ევგენიძე.

60 მილიონი ევრო - "სახუმარო არ არის"

რადიო თავისუფლების კორესპონდენტისთვის, რიკარდ იოზვიაკისთვის ბრიუსელიდან მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, მაკროსაფინანსო დახმარების მეორე ტრანში, რომელსაც ევროკავშირისგან შემოდგომაზე ელოდება საქართველო, 60 მილიონ ევროს უტოლდება. ეს თანხა ეროვნულ ვალუტაში, სულ მცირე, 240 მილიონ ლარს შეადგენს.

„ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის“ პრეზიდენტს, რამაზ გერლიანს იმედი აქვს, რომ საქმე აქამდე არ მივა, თორემ 60 მილიონი ევრო „სახუმარო არ არის“ და მნიშვნელოვანი დანაკარგი იქნება, რაც ლარის კურსსაც დააზარალებს:

„მაკროსაფინანსო დახმარების თანხა პირდაპირ ხაზინაში შედის და იქიდან იხარჯება. 60 მილიონი ევროს კონვერტაციას ლარის კურსზე მნიშვნელოვანი დადებითი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია. როცა ლარის კურსი ფუჭდება, ეროვნულ ბანკს 20-30 მილიონ დოლარი გამოაქვს ხოლმე აუქციონზე. 60 მილიონი ევროს კონვერტაცია რამდენიმე ასეთ აუქციონს გაუტოლდება.

ამის შემდეგ, ეს პროცესი საქონლის ფასებზეც ახდენს გავლენას. მაგიტომ ჰქვია მაკროდახმარება, რომ მაკროპარამეტრებზე ახდენს გავლენას - ეკონომიკური ზრდა, ვალუტის კურსი, ინფლაცია თუ დასაქმების ნაწილი. ძირითადად ამ მიმართულებებით რეაგირებს ამ ტიპის დახმარება“, - გვეუბნება რამაზ გერლიანი.

მისი შეფასებით, ასევე დამაზარალებელია ფაქტი, როცა ქვეყანა ტრანშის შეჩერების თუნდაც მხოლოდ გაფრთხილებას იღებს - „ასეთი მესიჯები აზარალებს ქვეყნის იმიჯს და აფრთხობს პოტენციურ ინვესტორებსა თუ მომავალ პარტნიორებს“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG