Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაისისთვის გადაიდო 3 დეპუტატის სარჩელის საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვა 


საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი 9 მოსამართლის შემადგენლობით დღეს შეიკრიბა 3 დეპუტატის სარჩელების განსახილველად, რომლებიც სასამართლოს თხოვენ დაადგინოს, რამდენად კონსტიტუციური იყო საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც მათ უარი ეთქვათ სადეპუტატო მანდატების გაუქმებაზე.

იმ შემთხვევაში, თუკი საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტს, რომ საქართველოს პარლამენტი არაკონსტიტუციურად მოიქცა ელენე ხოშტარიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის და თამარ კორძაიას მიმართ, როცა არჩეულ დეპუტატებს საკუთარ მანდატზე უარის თქმის საშუალება არ მისცა, სამივე მათგანის მანდატი ავტომატურად გაუქმდება და ისინი მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატები ვეღარ იქნებიან.

მოსარჩელე სამი დეპუტატიდან ელენე ხოშტარია არც ერთ შემთხვევაში არ აპირებს მონაწილეობა მიიღოს ამ პარლამენტის მუშაობაში, მან არჩევნების შემდეგ დატოვა პარტია ევროპული საქართველო და მოძრაობა “დროა” დაარსა.

ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ ხელი მოაწერა ე.წ. შარლ მიშელის დოკუმენტზე და პარლამენტში ამ დროის მონაცემებით შედის, თუმცა როგორც მისმა წარმომადგენელმა საკონსტიტუციო სასამართლოში, შოთა ქობალიამ უთხრა რადიო თავისუფლებას, მისთვის უფრო მნიშვნელოვანია საკონსტიტუციო სასამართლომ ეს სარჩელი დააკმაყოფილოს და თუ ასე მოხდა, მისი გაუქმებული მანდატის სანაცვლოდ “გირჩის” საარჩევნო სიიდან სხვა კანდიდატი შევა პარლამენტში. საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პარტია გირჩიც გაიყო და ისინი, ვინც ამ პარტიის სახელით შევიდნენ პარლამენტში, ზურა ჯაფარიძისგან დამოუკიდებლად აგრძელებენ პოლიტიკურ ცხოვრებას.

თამარ კორძაია რესპუბლიკური პარტიიდან 2020 წლის არჩევნებში ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად იღებდა მონაწილეობას. ნაციონალური მოძრაობის წევრებისგან განსხვავებით, “შარლ მიშელის” დოკუმენტს რესპუბლიკური პარტიის წევრებმა ხელი მოაწერეს, თუმცა თქვეს, რომ სანამ ნიკა მელია საპატიმრო დაწესებულებას არ დატოვებს, ისინი პარლამენტში არ შევლენ. თამარ კორძაიას დაცვის მხარის შუამდგომლობით, დღეს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის განხილვა გადაიდო. კორძაიას წარმომადგენელი საბა ცაგარეიშვილი, რომელიც საქმეში მხოლოდ გუშინ ჩაერთო, ორი კვირის ვადას ითხოვდა საქმის გასაცნობად - სასამართლოს კოლეგიამ მიიღო გადაწყვეტილება, საქმის განხილვა მაისში გაგრძელდეს. კონკრეტული თარიღი ჯერ დაზუსტებული არ არის.

„საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა განიხილა მოსარჩელე თამარ კორძაიას წარმომადგენლის, საბა ცაგარეიშვილის შუამდგომლობა სხდომის გადადების თაობაზე. ვინაიდან, ეს არის პირველი შუამდგომლობა ქალბატონი თამარ კორძაიას მიერ სხდომის გადადების თაობაზე, დაკმაყოფილდეს და პროცესი სამივე მოსარჩელის მიმართ ჩატარდეს მაისის თვეში. როგორც შუამდგომლობაშია მითითებული, არაუადრეს ორი კვირისა ჩატარდება სხდომა. ვფიქრობთ, ასეთი გადაწყვეტილება უფრო სწორია, იმდენად რამდენადაც, პლენუმს ერთხელ უკვე ჰქონდა მიღებული გადაწყვეტილება ამ სამივე სარჩელის გაერთიანების შესახებ“, – განაცხადა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, მერაბ ტურავამ.

ზურაბ ჯაფარიძე და ელენე ხოშტარია სასამართლოში ჩანიშნული განხილვის გადადების წინააღმდეგი იყვნენ, ზურა ჯაფარიძემ საქმეების ცალ-ცალკე განხილვაც მოითხოვა.

სამი დეპუტატის საქმეს საკონსტიტუციო სასამართლოში 9 მოსამართლისგან შემდგარი კოლეგია განიხილავს, რომლის ერთი წევრიც, ევა გოცირიძე თვლის, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ამ საქმეს საერთოდ არ უნდა განიხილავდეს იმის გათვალისწინებით, რომ კონსტიტუცია არ არეგულირებს და არც უნდა არეგულირებდეს ისეთ ატიპიურ შემთხვევებს, როგორიცაა ბოიკოტი, რევოლუცია და ა.შ.

თავად მოსარჩელე დეპუტატებისთვის ამ საქმეში იმის დადგენა, რომ არაკონსტიტუციური იყო მათი იძულება, დარჩენილიყვნენ პარლამენტის წევრებად, მნიშვნელოვანია იმის გამო, რომ როგორც ხელისუფლებებმა პატივი სცენ ერთი მხრივ კონსტიტუციას და მეორე მხრივ ბოროტად არ გამოიყენონ ძალაუფლება ოპონენტებს “მძევლად ასაყვანად” ან იძულებისთვის.

დეპუტატებს სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში ინდივიდუალურად აქვთ შეტანილი, ანუ საკონსტიტუციო სასამართლო სამი დეპუტატის სამ იდენტურ სარჩელს განიხილავს, რაც იმას ნიშნავს, რომ თითოეულ მოსარჩელეს, თუკი პარლამენტარის მანდატის შენარჩუნების სურვილი გაუჩნდება, აქვთ შესაძლებლობა, გაიტანონ საკუთარი სარჩელი სასამართლოს გადაწყვეტილებამდე.

19 აპრილს, „ქართულმა ოცნებამ“ და პარლამენტის მანდატების მქონე ოპოზიციური პარტიების ნაწილმა ხელი მოაწერეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ ინიცირებულ დოკუმენტს, რომლის მიზანია საქართველოში ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილი კრიზისის დაძლევა პარლამენტში ოპოზიციის შესვლის და საარჩევნო და სასამართლო რეფორმების განხორციელების, პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმული საკითხების მოგვარებისა და პარლამენტში ძალაუფლების განაწილების გზით.​

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ ოპოზიციური პარტიები ბოიკოტის რეჟიმში გადავიდნენ, მათ არჩევნებზე არსებული დარღვევების და ხელისუფლების მხრიდან ამ დარღვევების არაღიარების გამო ბოიკოტი გამოუცხადეს როგორც მეორე ტურს, ასევე უარი თქვეს საპარლამენტო საქმიანობაზე. "შარლ მიშელის დოკუმენტზე" შეთანხმების შემდეგ პარლამენტში შესვლაზე თანხმობა განაცხადეს ისეთმა პოლიტიკოსებმა, რომლებმაც პარტია არჩევნების შემდეგ დატოვეს: დავით ბაქრაძემ, ევროპული საქართველოს ყოფილი წევრმა და გრიგოლ ვაშაძემ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყოფილმა თავმჯდომარემ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG