Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაპირისპირება გუმათში - რა არ უნდა გამოგრჩეს 28 მაისს


ხმაური და დაპირისპირება გუმათში - ღამის ქრონოლოგია

რიონის ხეობაში სოფელ გუმათში ღამით ვითარება დაიძაბა. ერთმანეთს აქციის მონაწილეები და სამართალდამცველები დაუპირისპირდნენ, იქ, სადაც პოლიციამ რკინის ბარიკადები აღმართა. აქციის მონაწილეებმა სწორედ ამ წინაღობაზე დაიწყეს ბრახუნი, რა დროსაც, პოლიცია ბარიკადების მეორე, აქციის მონაწილეების მხარეს გადავიდა. გუშინდელი ინციდენტის დროს 8 აქტივისტი დააკავეს. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფოც.

შსს-მ ვითარების დაძაბვისთანავე გაავრცელა განცხადება და „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეებს მოუწოდა, არ გასცდენილიყვნენ გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს.

პროტესტის ერთ-ერთი ლიდერის ვარლამ გოლეთიანის თქმით, აქციის მონაწილეები ფიზიკურ დაპირისპირებას არ ცდილობდნენ, თუმცა არც უმოქმედოდ ყოფნას აპირებდნენ.

„ბოლო პერიოდი მე ვაკეთებ მოწოდებას, რომ დავიხიოთ უკან, რადგან ქალები იყვნენ აქ და შესაძლებელია ვინმეს საფრთხე შექმნოდა. ჩვენ არ ვცდილობთ ფიზიკურ დაპირისპირებაში შევიდეთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ გულხელდაკრეფილები ვიდგებით და არ გავაკეთებთ არაფერს. იმისთვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ შევძლოთ გადასვლა ამ ბარიკადის მეორე მხარეს, ყველაფერს გავაკეთებთ მშვიდობიან ფორმაში“, - განაცხადა გოლეთიანმა.

ამ თემაზე ასევე ნახე:

"ქართული ოცნების" ამნისტიის კანონი პირველი მოსმენით მიღებულია

პარლამენტმა გუშინ პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ამნისტიის შესახებ კანონპროექტს, რომელიც 19-20 ივნისის მოვლენებს შეეხება და „შარლ მიშელის შეთანხმების“ ერთ-ერთი მთავარი პუნქტი იყო.

უმრავლესობის მიერ მომზადებულ კანონპროექტს მხარი დაუჭირა 87-მა დეპუტატმა, ცხრა დეპუტატი წინააღმდეგ გამოვიდა.

27 მაისის პარლამენტის სხდომაზე განიხილეს 19-20 ივნისის მოვლენებზე ოპოზიციის მიერ მომზადებული ამნისტიის ალტერნატიული პროექტიც, თუმცა თავად ინიციატორთა მოთხოვნით, მასზე კენჭისყრა გადაიდო.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ კანონპროექტის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან თავისუფლდება ყველა პირი, რომელმაც 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული და უარს არ აცხადებს მის მიმართ ამნისტიის გავრცელებაზე.

წაიკითხე მეტი.

1 ივნისიდან თბილისში გაზი ძვირდება

თბილისის ყველაზე დიდი გაზგამანაწილებელი კომპანიის „თბილისი ენერჯის“ ტარიფი გაძვირდა. გადაწყვეტილება ენერგეტიკისა და წყალმომარაგების კომისიამ დღეს, 27 მაისს მიიღო. განახლებული ტარიფით საფასურის გადახდა მოქალაქეებს 1 ივნისიდან მოუწევთ.

ამ დრომდე 1 კუბური მეტრი გაზის ფასი 46,1 თეთრი იყო, 1 ივნისიდან კი ფასი 7,8 თეთრით 54 თეთრამდე იზრდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ყოველ მოხმარებულ 100 კუბურ მეტრ გაზზე 8 ლარით გაიზარდა ფასი.

„არსებითად გადასცდა კომპანია ვალუტის კურსის გამო და მოითხოვა მარეგულირებლისგან ტარიფის კორექტირება... მათი მოთხოვნა იყო ლეგიტიმური...“ - ასე ახსნა კომისიის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ ფასის ზრდა.

როგორც კომისიის სხდომაზე გახდა ცნობილი, ლარის კურსის გამო 2019 წლის პირველი ოქტომბრიდან 2021 წლის 31 მაისის ჩათვლით კომპანიის ზარალი 20 მილიონ ლარზე მეტია.

საქართველოში კორონავირუსის ინდური შტამი დადასტურდა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში შემოსულ 5 მოგზაურს ინდური შტამი დაუდასტურდა. ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.

„ისინი საქართველოში შემოვიდნენ სხვადასხვა რიცხვში, ერთი და იმავე ქვეყნიდან, თუმცა სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქენი არიან. სამმა მათგანმა უკვე დატოვა ქვეყნის ტერიტორია. ეპიდკვლევების მონაცემებით, მათი კლინიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ცნობით, ხუთიდან სამი საქართველოს მოქალაქეა. მისი თქმით, ყველა ინფიცირებულს შუა აღმოსავლეთის ერთ-ერთ ქვეყანაში მოგზაურობის ისტორია აქვს.

ინდურ შტამს ხშირად „ორმაგ მუტანტად“ მოიხსენიებენ, რადგან მასში გაერთიანდა ვირუსის ორი დამოუკიდებელი მუტაცია. ინდური ვარიანტი მსოფლიოს 50-ზე მეტ ქვეყანაშია დაფიქსირებული.

წაიკითხე მეტი.

დღეს პუტინი და ლუკაშენკა ერთმანეთს სოჭში შეხვდებიან

„რაინეარის“ თვითმფრინავის მინსკში დაშვების შესახებ ვლადიმირ პუტინი და ალიაქსანდრ ლუკაშენკა დღეს სოჭში დაგეგმილ შეხვედრაზე ისაუბრებენ. როგორც პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა თქვა, ბელარუსის პრეზიდენტი რუსეთის პრეზიდენტს გააცნობს დეტალებს რუსეთის მოქალაქის სოფია საპეგას დაკავებასთან დაკავშირებით, რომელიც რამან პრატასევიჩთან ერთად იმყოფებოდა ბორტზე. პრატასევიჩი ბელარუსი ჟურნალისტია, რომლის გამოც 23 მაისსს „რაინეარის“ თვითმფრინავი მინსკში დასვეს.

პესკოვმა არ გამორიცხა, რომ შესაძლოა პუტინმა საპეგას გადმოცემის საკითხი დააყენოს: „ნებისმიერ შემთხვევაში რუსული მხარე გააკეთებს ყველაფერს, რაც საჭიროა იმისთვის, რომ დაიცვას რუსეთის მოქალაქე“, - თქვა პესკოვმა.

„რაინეარის“ თვითმფრინავთან დაკავშირებული ინციდენტი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცა. ევროპელმა დიპლომატებმა უკვე შეაფასეს მინსკის ქმედებები „სახელმწიფოს მიერ გატაცებად“ და „სახელმწიფო მეკობრეობად“. მომხდარის შემდეგ ბელარუსი ევროპას საჰაერო იზოლაციაში ჰყავს მოქცეული.

წაიკითხე მეტი.

შუქრუთში მოშიმშილეთაგან ორს სამედიცინო დახმარება დასჭირდა

ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო სამედიცინო დახმარების მისაღებად კლინიკაში გადაყვანა დასჭირდა ჭიათურის სოფელ შუქრუთში მოშიმშილეთაგან ორს, სერგო მოდებაძეს და გიორგი ნეფარიძეს. სამედიცინო დახმარების მიღების შემდეგ ისინი კვლავ კოროხნალის მაღაროსთან დაბრუნდნენ პროტესტის სხვა მონაწილეებთან ერთად და შიმშილობა გააგრძელეს.

პროტესტის მონაწილე ჯანო ლაბაძე რადიო თავისუფლებას უყვება, რომ რთულია სხვა მოშიმშილეების ჯანმრთელობის მდგომარეობაც, განსაკუთრებით მოშიმშილე ქალების, რომლებმაც პირი რამდენიმე დღის წინ, 24 მაისს ამოიკერეს.

„სერგო მოდებაძის და გიორგი ნეფარიძის მდგომარეობა 26 მაისს გართულდა და მათ გადასხმები გაუკეთეს საავადმყოფოში, დღეს დილით გამოწერეს და ისევ აქ დაბრუნდნენ, სხვა გზა ჩვენ არ გვაქვს“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ჯანო ლაბაძემ. ის ირწმუნება, რომ პროტესტის მონაწილეებს კომუნიკაცია ჰქონდათ „ჯორჯიან მანგანეზის“ წარმომადგენლებთან, რომლებიც მზად არიან მათი მოთხოვნები ხელშეკრულებაში ასახონ, მაგრამ ამ დრომდე არ დაინტერესებულა მათი პროტესტით ხელისუფლება, რომლისგანაც პროცესში ჩართვას ითხოვენ.

წაიკითხე მეტი.

წითელი ჯვარი: აფხაზეთში სამარხების გახსნის ახალი ეტაპი დაიწყო

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ცნობით, აფხაზეთში, 1992-93 წლების შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოძიების მიზნით დაიწყო სამარხების გახსნის ახალი ეტაპი.

2021 წელს წჯსკ-ს ექსპერტების მიერ 30-ზე მეტი სავარაუდო სამარხის გახსნაა დაგეგმილი. 92-93 წლების შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად გაუჩინარებულ პირთა მოძიების მიზნით შექმნილი საკოორდინაციო მექანიზმი წჯსკ-ს თავმჯდომარეობით ფუნქციონირებს და მხოლოდ ჰუმანიტარულ მიზანს ემსახურება - ოჯახებმა შეიტყონ დაკარგული ახლობლების ხვედრისა და ადგილსამყოფლის შესახებ.

2010 წელს ორი საკოორდინაციო მექანიზმის შექმნის შემდეგ 583 ადამიანის ნეშტია მოძიებული, რომელთაგან 206 ამოცნობილია და ოჯახებს გადაეცა.

წაიკითხე მეტი.

ფსიქოლოგი ბასილაშვილი-დოროყაშვილის სასამართლოდან: ეს იყო ფსიქოლოგიური ტანჯვა

ცნობილ ქართველ ჩოგბურთელს ნიკოლოზ ბასილაშვილსა და მის ყოფილ მეუღლეს, ნელი დოროყაშვილს შორის სასამართლო დავა გრძელდება.

27 მაისს მორიგი სხდომა გაიმართა - სასამართლო ახლა მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპზეა და წინ კიდევ ბევრი სხდომაა, რადგან, როგორც დაზარალებული ნელი დოროყაშვილის ადვოკატი, თამუნა გაბოძე განმარტავს რადიო თავისუფლებასთან საუბარში, საქმეში დაახლოებით 70-მდე მოწმეა.

დღევანდელ სხდომაზე ორი ფსიქოლოგი დაიკითხა.

ერთი მათგანი ბასილაშვილისა და დოროყაშვილის შვილთან მუშაობდა და არასრუწლოვნის ინტერესებიდან გამომდინარე, სხდომის ეს ნაწილი დახურული იყო. თამუნა გაბოძე დეტალებს ვერ გვიყვება, თუმცა ამბობს, რომ მან დაადასტურა ის ფაქტობრივი გარემოებები, რაც დევს გამოძიების მასალებში.

სხდომის ღია ნაწილში კი დაიკითხა ექსპერტი, რომელიც იკვლევდა, განიცადა თუ არა ფსიქოლოგიური ტანჯვა ნელი დოროყაშვილმა.

ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ფსიქოლოგმა, მარინა მათიაშვილმა განაცხადა, რომ ძალადობაში ბრალდებული ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლის, ნელი დოროყაშვილის ფსიქო-ემოციური მდგომარეობის კვლევისას მისი მდგომარეობა სწორედ ასე - ფსიქოლოგიურ ტანჯვად შეფასდა.

მან ასევე წაიკითხა ამონარიდები ნელი დოროყაშვილის ჩვენებიდან, რომელიც საქმეში დევს და რომელშიც წერია, რომ ის პირველივე თვეებიდან მიხვდა, რომ „გაუგებრობაში მოხვდა“.

რა ჩვენება მისცა სასამართლოს ფსიქოლოგმა, წაიკითხე ვრცლად ეკა ქევანიშვილის სტატიაში.

დუგინის რეკლამა - ვასაძეს რუსეთი "ყურადღებით უნდა დააკვირდეს"

პოლიტიკაში მოსული ბიზნესმენი ლევან ვასაძე 26 მაისს მოსკოვში შეხვდა ევრაზიული მოძრაობის დამფუძნებელს, ულტრანაციონალისტ იდეოლოგსა და პუტინის მეხოტბე ალექსანდრ დუგინს.

ამ შეხვედრის ამსახველმა ფოტო- და ვიდეომასალამ დიდი ვნებათაღელვა და ხმაური გამოიწვია, დიდწილად იმის გამო, რომ ეს შეხვედრა 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს შედგა. თუმცა საერთო სურათში ეს ფაქტორი ბევრს არაფერს ცვლის - 26 მაისს, 28 თებერვალსა თუ 30 ნოემბერს, ლევან ვასაძე სხვა დროსაც არაერთხელ შეხვედრია ალექსანდრ დუგინს და არც ის დაუმალავთ, რომ მათ ბევრი რამ აქვთ საერთო. დუგინისა და ვასაძის რიტორიკა ხშირ შემთხვევაში გაჭრილი ვაშლივით ჰგავს ერთმანეთს და ინტერესები იმ საკითხშიც ემთხვევა, რომ - რუსეთისკენ შებრუნების გარეშე საქართველო წართმეულ ტერიტორიებს ვერ დაიბრუნებს.

ვიდრე მოსკოვისკენ გაემგზავრებოდა და დუგინს შეხვდებოდა, 25 მაისს, ლევან ვასაძემ ხანგრძლივი ინტერვიუ მისცა საზოგადოებრივი მაუწყებლის „1 არხს“. ახლად შექმნილი მოძრაობის - „ერთობა, რაობა, იმედის“ ლიდერს მიეცა სრული შესაძლებლობა - მაღალფარდოვნად და ფართოდ ჩამოეყალიბებინა თავისი მოსაზრებები მოძრაობის სახელწოდებაში შემავალ სამივე სიტყვასთან დაკავშირებით.

საქართველოს საგარეო პოლიტიკა და რუსეთის საკითხი „რაობის“, ანუ იდენტობის ნაწილში მოექცა.

ადრეც არაერთხელ უთქვამს და ვასაძემ ამ ინტერვიუშიც გაიმეორა, რომ ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებას არა მიზნებად, არამედ შესაძლო „ინსტრუმენტებად“ განიხილავს და თვლის, რომ „თავს მოხვეული“ დასავლური არჩევანი საქართველოს სუვერენიტეტს აკარგვინებს.

როდის და როგორ კვეთდა დუგინისა და ვასაძის პოზიციები ერთმანეთს? წაიკითხე ვრცლად ლელა კუნჭულიას სტატიაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG