ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ფილიპ რიკერი საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარეს გიორგი გახარიას შეხვდა.
პარტიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შეხვედრაზე საქართველო-ამერიკის ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგში მდგარი საკითხები განიხილებოდა, განსაკუთრებული ყურადღება კი დაეთმო უსაფრთხოების კუთხით ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს.
„შეხვედრაზე განიხილეს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები. გიორგი გახარიამ დეტალურად ისაუბრა საკუთარი პარტიის და საკუთარი პოლიტიკური გეგმების შესახებ. გიორგი გახარია და ფილიპ რიკერი შეთანხმდნენ, რომ თანამშრომლობა სამომავლოდ კვლავაც აქტიურად გაგრძელდება“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ფილიპ რიკერისა და გიორგი გახარიას შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი და პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრი, კახა ქემოკლიძე.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა ფილიპ რიკერმა საქართველოში შეხვედრები ხელისუფლების, ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან 7 ივნისს გამართა. პარტიებთან შეხვედრას გიორგი გახარია არ დასწრებია.
რეგიონული ვიზიტი ფილიპ რიკერმა აზერბაიჯანსა და სომხეთში განაგრძო, რის შემდეგაც კვლავ საქართველოში დაბრუნდა. 11 ივნისს ფილიპ რიკერი კიდევ ერთხელ შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს. მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა სომხეთსა და აზერბაიჯანში გამართული შეხვედრების შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებზე ისაუბრა. ამავე ცნობით, საუბარი რეგიონში შექმნილ ახალ გეოპოლიტიკურ ვითარებას შეეხო.
"მხარეებმა სამხრეთ კავკასიაში გრძელვადიანი მშვიდობის კუთხით საქართველოს როლზე იმსჯელეს და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები დასახეს. აღინიშნა, რომ საქართველო გააგრძელებს თავის როლს, როგორც ქმედითი, საიმედო პარტნიორი და აშშ-ს ერთგული მოკავშირე რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ", - აღნიშნულია მთავრობის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. შეხვედრას ესწრებოდნენ ასევე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი.
ფილიპ რიკერი 11 ივნისს შეხვდა ასევე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს.