Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლონელმა ტურისტმა, რომელიც 5 ივლისს დაჭრეს, საავადმყოფო დატოვა


პოლონელი მოგზაური იაცეკ კოლანკიევიჩი, რომელიც 5 ივლისს სავარაუდოდ ჰომოფობიური და სიძულვილის მოტივით დაჭრეს ხეთაგუროვის ქუჩაზე, ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკიდან უკვე გაეწერა. ინფორმაციას ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს - გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ პოლონელი ტურისტი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით სარეაბილიტაციო კურსს საქართველოში გაივლის და ერთ-ერთ სასტუმროში უსასყიდლოდ განთავსდება.

პირი, რომელმაც ტურისტზე იძალადა, დაკავებულია და პატიმრობა აქვს შეფარდებული.

„საქართველოში პირველად ჩამოვედი, მე Youtube-ზე არხი მაქვს და ბევრი რამის გადაღება მინდოდა, რომ პოლონეთში საქართველო მეჩვენებინა. შემდეგ ეს მოხდა. ვფიქრობ ის ერთი ადამიანი მთელ საქართველოს არ წარმოადგენს, ასეთ ერთ ადამიანს მსოფლიოში ყველგან იპოვი.

ბევრი ადამიანი მიკავშირდებოდა, ეკითხებოდნენ ექიმს ჩემს მდგომარეობას და თანადგომას მიცხადებდნენ და ვფიქრობ სწორედ ეს ხალხია საქართველო. დღეს უკვე კარგად ვარ“-თქვა იაცეკ კოლანკიევიჩმა კლინიკის დატოვებისას.

პოლონელი ტურისტის დაჭრის და ძალადობრივი ჯგუფების მიერ თბილისში განხორციელებული არაერთი ძალადობრივი ფაქტის გამო, ტურიზმის სექტორში დასაქმებული და მომუშავე ადამიანები საუბრობენ იმ ზარალზე, რასაც არსებული დაძაბულობა მათ უქმნის. უქმდება სასტუმროს ჯავშნები, დაგეგმილი ტურები, შემოსავლის გარეშე რჩებიან სააგენტოები, გიდები, უძრავი ქონების და სასტუმროს მეპატრონეები.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აკავებს 5-6 ივლისს ძალადობრივ ინცინდენტებში მონაწილე პირებს, რომლებიც მედიას ესხმოდნენ თავს არბევდნენ "თბილისი პრაიდის" და "სირცხვილიას" ოფისებს, - ძალადობრივი აქციების არც ერთი ორგანიზატორი ამ დრომდე დაკავებული არ არის.

XS
SM
MD
LG