Accessibility links

site logo site logo

საქართველოში "ფაიზერით" აცრა შესაძლებელი იქნება ზოგიერთ პოლიკლინიკაშიც


საქართველოში „ფაიზერის“ ვაქცინით აცრა შესაძლებელი იქნება ამბულატორიულ დაწესებულებებშიც. ამ ეტაპზე საუბარია თბილისის ზოგიერთ პოლიკლინიკაზე. გადაწყვეტილება დღეს მიიღო იმუნიზაციის საბჭომ. დღემდე „ფაიზერით“ ვაქცინაცია მხოლოდ ჰოსპიტალურ დაწესებულებებში მიმდინარეობს.

„დღეს უკვე არის იმის შესაძლებლობა, რომ „ფაიზერით“ ვაქცინაცია, მისი რაოდენობიდან გამომდინარე, ასევე, მიღებული გამოცდილებიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებითაც, რომ გვერდითი რეაქციები აცრის შემდგომ, განსაკუთრებით სწრაფად დაფიქსირებული გვერდითი რეაქციები არის მინიმალური, „ფაიზერით“ ვაქცინაცია შესაძლებელია ჩატარდეს ამბილატორიულ დაწესებულებებშიც“, - განაცხადა იმუნიზაციის საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ.

გაბუნიას თანახმად, თბილისში არის რამდენიმე დიდი, ძალიან გამოცდილი საოჯახო მედიცინის ცენტრი, რომელიც წლების განმავლობაში ატარებს ბავშვთა ვაქცინაციას, ამიტომ ექსპერტთა ჯგუფმა და საბჭოს წევრებმა მისაღებად მიიჩნეს „ფაიზერით“ ვაქცინაციის დაწყება პოლიკლინიკურ ქსელშიც.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, სამინისტროს აქვს კონსულტაციები და 7-მდე დაწესებულებამ მზაობა უკვე გამოთქვა. აცრის პროცესი, სავარაუდოდ, მომდევნო კვირის ბოლოდან დაიწყება.

იმუნიზაციის საბჭომ განიხილა სოფლად ვაქცინაციის გააქტიურების საკითხიც. თამარ გაბუნიას განმარტებით, 66 რაიონული ცენტრის დაწესებულებებს, რომლებიც სოფლების მოსახლეობას სპეციალიზებული სერვისებით ემსახურებიან, ვაქცინაციით სოფლად მცხოვრებთა მოცვა დაევალება.

როგორც გაბუნიამ თქვა, „მოცვა განხორციელდება ოჯახის ექიმების ჩართულობით სოფლის ამბულატორიის დონეზე“ და საჭიროების შემთხვევაში იმუშავებენ გასვლითი მობილური ამბულატორიებიც. სოფლად მცხოვრებ მოქალაქეებს, რომლებსაც ვაქცინაცია სურთ, „სინოფარმით“ და „სინოვაკით“ აცრიან.

ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, სოფლის დონეზე ვაქცინაცია უკვე დაწყებულია აჭარაში, სადაც გასულ კვირაში, ბობოყვათის ამბულატორია ვაქცინაციას ახორციელებდა ქობულეთის სამედიცინო ცენტრის მხარდაჭერით და მეთვალყურეობით. თამარ გაბუნიას თქმით, მომდევნო კვირაში რაიონულ დონეზე დაემატება 8-9 ამბულატორია.

30 ივლისის დილის მონაცემებით, საქართველოში 15 მარტიდან გაკეთებულია 464 875 აცრა. სრულად, ორივე დოზით აცრილია 153 128. საქართველოს მოსახლეობა დაახლოებით 3.7 მილიონია.

ერთ დღეში ყველაზე მეტი, 17 133 აცრა 28 ივლისს გაკეთდა, მაშინ, როცა დაგეგმილი სამიზნე მაჩვენებელი საშუალოდ 20-25 ათასია. საქართველოში ვაქცინაცია მიმდინარეობს ამერიკული "ფაიზერის", ჩინური "სინოფარმისა" და "სინოვაკის" და ბრიტანულ-შვედური "ასტრაზენეკას" ვაქცინებით. ყველაზე დიდი მოთხოვნა "ფაიზერზეა".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG