Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა სიგნალი მიიღო საზოგადოებამ გამომძიებელი ჩოლოიანის ვადაზე ადრე გათავისუფლებით


15 წლის ლუკა სირაძის საქმეზე მსჯავრებული გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი „უდოს” კომისიის გადაწყვეტილებით თავისუფალია.

„ამაზე ლაპარაკისთვის საჭირო ძალა არ მაქვს, ძალიან ცუდად ვარ”, - უთხრა ლუკას დედამ დღეს რადიო თავისუფლებას, ლუკას ძმა კი ამბობს, რომ ჩოლოიანის ვადაზე ადრე გათავისუფლება მისი ოჯახის დაცინვა და ლუკას ხსოვნის შეურაცხყოფაა.

პრესასთან არ საუბრობს თავად გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანიც. მისი ადვოკატი ამბობს, რომ მარიანა ჩოლოიანს ჯანმრთელობის მძიმე პრობლემები აქვს. დაცვა მთელი სასამართლო პროცესის განმავლობაში ამტკიცებდა, რომ გამოძიებამ ჩოლოიანის ბრალეულობა ვერ გამოკვეთა, სასამართლომ კი, მისი გამტყუნებით და 3 წლით თავისუფლების აღკვეთის გადაწყვეტილების გამოტანით, არა სამართლებრივად სწორი, არამედ პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება მიიღო. ეს საზოგადოების დაკვეთა იყო, - აცხადებდა დაცვა. ჩოლოიანის ციხეში მოხვედრა რომ საზოგადოების ზეწოლის შედეგი იყო, ამაში ეჭვი არც ლუკა სირაძის ოჯახს ეპარება.

„გვრჩება შთაბეჭდილება, რომ ეს თავიდანვე იყო გათვლილი, რომ ერთ ადამიანს შეეწმინდებოდა ხელი და შემდეგ უკვე ის მალე გათავისუფლდებოდა“, - უთხრა რადიო თავისუფლებას საია-ს ხელმძღვანელმა, ნიკა სიმონიშვილმა, მარიანა ჩოლოიანის გათავისუფლების შემდეგ. მისი განმარტებით, ეს საქმე პრეცედენტული იყო იმ მხრივ, რომ პოლიციის, სახელმწიფო მოხელეების მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიება იშვიათად მთავრდება ძალოვანი სისტემის წევრის სათანადო სიმძიმის დასჯით.

„სახელმწიფოს უბრალოდ არ სურს აღიაროს, რომ მისი წარმომადგენლები გარკვეულ დანაშაულს სჩადიოდნენ. ეს საქმე იყო მნიშვნელოვანი იმდენად, რამდენადაც მივიდა ბოლომდე. თუმცა სასჯელს აღსრულება არ აცადა სახელმწიფომ“, - განაცხადა ნიკა სიმონიშვილმა რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“.

ჩვენების იძულებით მიცემისთვის მარიანა ჩოლოაინმა სასჯელის ნახევარი მოიხადა - ციხეში მან წელიწადი და 9 თვე გაატარა. შეწყალების მექანიზმი, რომელიც მის შემთხვევაში ამოქმედდა, გასაჩივრებას არ ექვემდებარება. „უდოს” კომისიამ ჩოლოიანის შეწყალებაზე უარი თქვა, თუმცა მას შემდეგ, რაც ადვოკატების მიმართვაზე დაფუძნებით „უდოს” სასამართლომ სთხოვა პატიმრისთვის სასჯელის შემსუბუქება, კომისიამ მისი გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო. მარიანა ჩოლოიანის ადვოკატი, გაგი მოსიაშვილი განმარტავს, რომ მთელი ეს პროცედურა კანონით გათვალისწინებული წესის მიხედვით მოხდა - კანონის თანახმადვე, მარიანა ჩოლოიანს სასჯელის ნახევარი მოხდილი ჰქონდა, მსჯავრდებულია ნაკლებად მძიმე დანაშაულში და აქვს ჯანმრთელობის პრობლემები.

კომისიას არაფერი უკითხავს ლუკა სირაძის ოჯახისთვის, რომელმაც ჩოლოიანის გათავისუფლება საპატიმროდან მედიაში გასული ინფორმაციით შეიტყო, ამავე გზით გაიგო საპატიმროდან გამომძიებლის გათავისუფლება სახელმწიფო ინსპექტორის აპარატმაც, რომელიც ამ საქმეს იძიებდა.

2019 წლის დეკემბერში ჩოლოიანი მას შემდეგ დააპატიმრეს, რაც ლუკა სირაძე გარდაიცვალა - სიცოცხლის ბოლო დღეები მან კლინიკაში, უგონო მდგომარეობაში გაატარა. გამოძიების პროცესში სახელმწიფო ინსპექტორის ჩართვამდე შინაგან საქმეთა სამინისტრო გამორიცხავდა ბავშვზე ზეწოლას პოლიციის სამმართველოში მისგან ჩვენების მიღების დროს.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ახლა ცდილობს მოიპოვოს ის დოკუმენტაცია, რაც გამომძიებლის გათავისუფლების პროცესსა და საფუძველს აღწერს, მანამდე კი ამბობს, რომ ეს შემთხვევა უსამართლობის განცდას აჩენს.

„ნამდვილად არ ველოდებოდი, რომ ასეთ სისულელეს გააკეთებდნენ. ალბათ ჰყავს მაღალი თანამდებობის პირები სამეგობროში და ისინი დაეხმარნენ, რომ ადრე გამოსულიყო ციხიდან. ამ საქმეს მაშინ იმხელა გამოხმაურება ჰქონდა, მარიანას ციხის გარეშე ვერ დატოვებდნენ, მაგრამ ალბათ მაშინვე უთხრეს, რომ ჩაჯექი და მერე ვადაზე ადრე გამოხვალ“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ლუკა სირაძის ძმამ, ბექა სირაძემ. ბექა თავისი ძმის საქმის მასალებშიც ფიგურირებს. ლუკას ოჯახის წევრების მტკიცებით, მარიანა ჩოლოიანი გამოკითხვისას ცდილობდა, ლუკა დაერწმუნებინა, რომ მის „სწორ პასუხებზე” იქნებოდა დამოკიდებული, გაუფუჭდებოდა თუ არა კარიერა მის ძმას, რომელიც კადეტთა კორპუსში სწავლობდა. ბექამ ლუკას სიკვდილის შემდეგ კადეტთა კორპუსში სწავლა შეწყვიტა.

„ეს არის ნათელი მაგალითი იმის, რომ სისტემის თანამშრომლებს ყველაფერი შერჩებათ, ყველაფრის უფლება აქვთ”, - უთხრა ბექა სირაძემ რადიო თავისუფლებას.

მარიანა ჩოლოიანის გვარის გამოჩენა ლუკა სირაძის ამბის გახმაურებისას უკვე იყო იმის დასტური, რომ სისტემის თანამშრომლებს შეცდომები და დანაშაულები ეპატიებათ. ე.წ. ყინწვისის საქმეზე დაკავებული და პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული ნიკოლოზ გოგუაძე ლუკა სირაძის სიკვდილის შემდეგ ჰყვებოდა, რომ 2011 წელს პოლიციის მთავარ სამმართველოში მარიანა ჩოლოიანმა მისი დაკითხვისას სასტიკი მეთოდები გამოიყენა და მისგან სასურველი ჩვენებების მიღებას სხვა პირების ფიზიკური ანგარიშსწორების ფონზე ცდილობდა.

ნიკოლოზ გოგუაძე მარიანა ჩოლოიანის შესახებ
please wait

No media source currently available

0:00 0:04:10 0:00

მარიანა ჩოლიანმა 2011-დან 2019 წლამდე, სანამ ლუკა სირაძე მასთან დაკითხვაზე აღმოჩნდებოდა, არასრულწლოვნების მართლმსაჯულების ტრენინგები გაიარა და იმ დროისთვის ბავშვთა საკითხებზე სპეციალიზებული გამომძიებელი იყო. ლუკა პოლიციის განყოფილებაში „მწვანე სკოლის” კედლებზე გაჩენილი წარწერების გამო მოხვდა, რომელთაგან ერთ-ერთი იყო „ამ ცხოვრების დედაც”. გამოძიებას უნდა დაედგინა, იყო თუ არა ლუკა ის ბიჭი, ვინც სკოლის ტერიტორიაზე დამონტაჟებული კამერების წინა ღამის ჩანაწერებში ჩანდა და კედლებზე წარწერას პულვერიზატორით ტოვებდა.

მარიანა ჩოლოიანის გარდა, ლუკა სირაძის დაკითხვას ესწრებოდნენ სხვა პოლიციელებიც, ერთ ეპიზოდში პროცესით დაინტერესდა სამმართველოს ხელმძღვანელიც, რომელმაც ლუკა ცალკე გაიყვანა სალაპარაკოდ. დაკითხვაზე მისული ლუკა ცალკე გაჰყავს მისი კლასელის მამასაც და პოლიციის სამმართველოს წინ ისინი რამდენიმე წუთი დაძაბულად საუბრობენ. კიდევ სხვა დროს ამავე დღეს მასთან ერთად კითხავენ ყოფილ კლასელებს, ლუკა კი რამდენიმე წუთით მარტო რჩება დედის გარეშე, რომელიც მას პოლიციის შენობაში ყოფნის დროს არაერთხელ საყვედურობს და დაძაბულად ელაპარაკება, არტყამს ხელსაც. ამ შენობაში ლუკას ეუბნებიან, რომ ის მათი ნაცნობის შვილია, რამდენიმე წლის წინ გარდაცვლილი ლუკას მამა აქ ელექტრიკოსად მუშაობდა - ვითარება, რომელიც ლუკა სირაძის დაკითხვისას იყო შექმნილი, სისტემისთვის ნაცნობია და პოლიციელების, გამოძიების მხრიდან სამართალდარღვევად არ შეფასდა. ეს ვითარება სავარაუდოდ მძიმე იყო 15 წლის მოზარდისთვის, რომელმაც პოლიციაში ორჯერ მისვლის შემდეგ თავი ისე მოიკლა, რომ გამოძიებამ მისგან სასურველი ჩვენება მაინც ვერ მიიღო. არც ის არის ამ დრომდე დადგენილი, ნამდვილად ლუკამ გააკეთა თუ არა წარწერები კედლებზე და არც ის, მარტო იმყოფებოდა თუ არა მეზობელი კორპუსის სახურავზე, საიდანაც დაკითხვების შემდეგ გადმოხტა.

„სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობას, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში ფსიქოლოგების გადამზადებისა და ხარისხის კონტროლის სისტემის დანერგვის მიმართულებით, ქმედითი ნაბიჯები არ გადაუდგამს”, - დაწერა 2020 წლის საპარლამენტო ანგარიშში სახალხო დამცველმა. ამავე დოკუმენტის მიხედვით, 2020 წელს არასრულწლოვანთა სუიციდის 14, ხოლო სუიციდის მცდელობის 54 შემთხვევა აღირიცხა. თუმცა, პრობლემის სიმწვავის მიუხედავად, სახელმწიფოს არ შეუმუშავებია მისი აღმოფხვრის სტრატეგია და გეგმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG