Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამირან გამყრელიძე: ყველა ვარიანტი განიხილება, რათა კოვიდინფიცირებული სამედიცინო დახმარების მიღმა არ დარჩეს


ამირან გამყრელიძე
ამირან გამყრელიძე

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განმარტებით, საკოორდინაციო საბჭო განიხილავს საწოლფონდის გაზრდის ყველა შესაძლო ვარიანტს იმისთვის, რათა კოვიდინფიცირებული პაციენტები სამედიცინო მომსახურების მიღმა არ დარჩნენ. ჟურნალისტებთან მას დეტალებზე არ უსაუბრია, თუმცა თქვა, რომ ამ საკითხზე მსჯელობა საკოორდინაციო საბჭოს 12 აგვისტოს სხდომაზეც იყო.

„განიხილება ყველა ვარიანტი დაწყებული საველე ჰოსპიტლიდან, ან საველე ჰოსპიტლების დიდ სივრცეებში [მოწყობა], სადაც შედარებით ნაკლები პერსონალით შეიძლება უფრო დიდი რაოდენობა ადამიანების მომსახურება, ისევე როგორც სამხედრო ექიმების და სამხედრო სამედიცინო სამსახურის ჩართვა და კიდევ სხვა ვერსიები იმიტომ, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ კოვიდინფიცირებული არ დარჩეს სამედიცინო დახმარების მიღმა“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ. მისი თქმით, 5 000 ინფიცირებულიდან საშუალოდ სტაციონარული, საავადმყოფო დახმარება ინფიცირებულთა 5-12 პროცენტს სჭირდება.

საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 49 პაციენტი. სამთავრობო საიტ stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, ბოლო 24 საათში ჩატარებული 49 189 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსის 5128 შემთხვევა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG