Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯანდაცვის მინისტრი: საველე ჰოსპიტალი არ წარმოგვიდგენია კარვის ტიპის


ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე ჰოსპიტალურ სექტორთან და იმ სასტუმროებთან შეხვედრებისთვის, რომლებიც კორონავირუსით ინფიცირებული პირებისთვისა გამოყოფილი, აჭარაში იმყოფება. ეკატერინე ტიკარაძემ ბათუმში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა კლინიკებში მობილიზებულ საწოლებზე და ასევე საველე ჰოსპიტალის შესაძლო საჭიროებაზე.

„საველე ჰოსპიტლებთან დაკავშირებით, ჩვენ არ წარმოგვიდგენია, რომ ეს იყოს კარვის ტიპის საველე ჰოსპიტლები, ვინაიდან მნიშვნელოვანია, როგორც ექიმებისთვის, ასევე პაციენტებისთვის შეიქმნას მაქსიმალური კომფორტი და უსაფრთხოება. დღესდღეობით გვაქვს შერჩეული გარკვეული ლოკაციები, რომლებიც უფრო მეტად შეესაბამება ჰოსპიტალური სექტორის მოწყობას. ასევე ზუსტად ვიცით, თუ რომელი მაღალკვალიფიციური ექიმთა ჯგუფი შეძლებს უფრო დიდი რაოდენობის პაციენტების მართვას“, - განაცხადა ტიკარაძემ.

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ დღეს მიღებული გადაწყვეტილები, ინფექციის ზრდის დასტაბილურების საიმედო საფუძველს იძლევა და ელის დადებით დინამიკას.

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ამ დროისთვის 500-მდე თავისუფალი საწოლია, თუმცა ეს ვითარება მუდმივად ითვლება და დაწოლა ჰოსპიტალურ სექტორზე განსხვავებულია რეგიონების მიხედვით.

"დღესდღეობით აჭარას მობილიზებული სასტუმრო სივრცეებისთვის ჰყავს 200-მდე ექიმი და 300-მდე ექთანი. მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს მაქსიმალური დაჩქარება პაციენტების ბრუნვის და მსგავსი ხორციელდება საქართველოს ყველა რეგიონში, რათა არ მოხდეს არც ერთი პაციენტის დატოვება ყურადღების გარეშე.

დღეის მდგომარეობით ჩვენ ვმართავთ 48 ათასამდე აქტიურ შემთხვევას. მათგან 38 ათასი შემთხვევა იმართება ბინაზე ოჯახის ექიმების მხრიდან და ყოველდღიურ რეჟიმში ხდება გაფართოება ოჯახის ექიმების ქსელის. აქტიურად ემატება ყოველდღიურ რეჟიმში 40-მდე ადამიანი იმისათვის, რომ არ იყოს შეფერხება პაციენტების მომსახურებაში. მობილიზებულია 8 000-მდე საწოლი. ეს არის ის ნიშნული, რაც შეგვეძლო ჰოსპიტალურ სექტორში გაგვეკეთებინა. ამ ეტაპზე სრულიად საქართველოს მასშტაბით თავისუფალია 500-მდე საწოლი“ - ამბობს ეკატერინე ტიკარაძე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG