სასწრაფო დახმარების ექიმები 500-ლარიან დანამატს მიიღებენ. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.
ეკატერინე ტიკარაძემ დღეს მედიას უთხრა, რომ არაერთი პოლიტიკური პარტია ცდილობს მთავრობის და ექიმების დაპირისპირებას და ეს შეეხება ანაზღაურების თუ მათთვის მადლობის გადახდას:
„მინდა ვთხოვო ყველას, რომ დღესდღეობით არ არის იმის დრო, რომ მოხდეს მსგავსი დაპირისპირებები. სახელმწიფოს მხრიდან არის დაცული ექიმების ყველა ინტერესი. ჩვენ უკვე რამდენიმე თვე არის, თითქმის წელიწადია, რაც ექიმებს ვაძლევთ დანამატებს, რომელიც არის სახელმწიფოს მხრიდან დეტალურად გაწერილი და საკმაოდ მაღალი არის მთელი სამედიცინო პერსონალის ანაზღაურება".
ტიკარაძის თანახმად, საკოორდინაციო საბჭომ გუშინ, დამატებით მიიღო გადაწყვეტილება, რომ სასწრაფო დახმარების ექიმები, რომლებიც განსაკუთრებით რთულ პირობებში მუშაობენ, 500-ლარიან დანამატს მიიღებენ იმისდა მიუხედავად, თუ სად, რომელ რეგიონში არიან დასაქმებულები.
როგორც ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, მთავრობა აფასებს იმ სამუშაოს, რომელსაც კორონავირუსის ეპიდემიის დროს ექიმები ასრულებენ და ყველანაირად ეცდებიან, რომ მათ გვერდით დაუდგნენ.