Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამოქალაქო საარჩევნო კომისია: გარდაცვლილები კვლავ არიან ერთიან საარჩევნო სიაში


სამოქალაქო საარჩევნო კომისიის სპეციალისტებმა შეისწავლეს 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების საარჩევნო სიების მოწესრიგებულობა, რისთვისაც 12 აპრილს 25 მუნიციპალიტეტისგან გამოითხოვეს ინფორმაცია 1930 წლამდე დაბადებული მოქალაქეების შესახებ.

სამოქალაქო საარჩევნო კომისიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 12 აპრილის მდგომარეობით, 25 მუნიციპალიტეტში, გარდაცვლილი იყო 1930 წლამდე დაბადებული 1311 მოქალაქე.

„ჩვენმა მკვლევრებმა გარდაცვლილი მოქალაქეების მონაცემები 2021 წლის 2 ოქტომბერს გასამართი თვითმმართველობის არჩევნების ამომრჩეველთა სიაში გადაამოწმეს და აღმოჩნდა, რომ სულ გადამოწმებულთა 17%, ანუ გარდაცვლილთა (1311) ნახევარზე მეტი - 52%, ჯამში 683 პირი - კვლავ ერთიან საარჩევნო სიაშია რეგისტრირებული“, - აცხადებენ სამოქალაქო საარჩევნო კომისიაში, რომლის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ პრობლემის მასშტაბი გაცილებით დიდია:

„ჩვენ ინფორმაცია მივიღეთ მხოლოდ 25 საშუალო და პატარა ზომის მუნიციპალიტეტისგან, 1930 წლამდე დაბადებული და დღეის მდგომარეობით გარდაცვლილი პირების შესახებ. საქართველოში კი სულ 73 მუნიციპალიტეტია. წარმოიდგინეთ, რა მასშტაბს მიაღწევს გარდაცვლილი მოქალაქეების რაოდენობა ამომრჩეველთა სიაში, თუ გადამოწმდება 73-ვე მუნიციპალიტეტში ინფორმაცია იმ გარდაცვლილი პირების შესახებ, რომლებიც 1930 წლის შემდეგ დაიბადნენ“.

სამოქალაქო საარჩევნო კომისიის წევრები მიიჩნევენ, რომ საგანგაშო მაჩვენებელი მიუთითებს არჩევნების პოტენციური გაყალბების მასშტაბზე და მოუწოდებენ ცესკოს, დროულად იმოქმედოს საარჩევნო სიების შესასწორებლად.

რადიო თავისუფლება ცენტრალურ საარჩევნო კომისიას დაუკავშირდა გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით. ცესკოს პასუხი მიღებისთანავე აისახება.

XS
SM
MD
LG