Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მორიგი საჩივარი ცესკოში "სისხლიან ბანერებთან" დაკავშირებით - რა არ უნდა გამოგრჩეს 20 სექტემბერს


ISFED-ის შემდეგ ცესკოს სისხლიანი ბანერების შესახებ საჩივრით მოძრაობა „დროამ“ მიმართა

მოძრაობა „დროამ“ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას სარჩელით მიმართა თბილისსა და სხვა დიდ ქალაქებში განთავსებული სისხლიანი ბანერების გამო, რომელზეც ოპოზიციის და მედიის წარმომადგენლები არიან გამოსახულები. მოძრაობის ლიდერის ელენე ხოშტარიას თქმით, მათი სარჩელი შეეხება კანონდარღვევას სააგიტაციო მასალაზე ავტორისა და ტირაჟის მიუთითებლად.

„კალაძე თან ცდილობს, რომ დისტანცირდეს ამ ბანერებისაგან და თან აბსოლუტურად ცხადია, რომ ეს არის “ქართული ოცნების” დაბეჭდილი. ამიტომ კეთილი ინებონ და კანონი ფორმალურად მაინც შეასრულონ, ან აღიარონ, რომ მათია“, - თქვა ელენე ხოშტარიამ.

მანამდე ცესკოს საჩივრით მიმართა არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლებრივმა არჩევნებმა“ (ISFED). ორგანიზაცია გეგმავს მიმართოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურსაც იმისათვის, რომ უწყება დაინტერესდეს აღნიშნული ბანერების დაფინანსების წყაროების გამჭვირვალობით.

ბანერებთან კავშირს უარყოფს „ქართული ოცნება“. ორი დღის წინ კომენტარი გააკეთა „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ: „ყველას აქვს გამოხატვის უფლება კანონის ფარგლებში. არის კომპანია "ალმა", რომლის საკუთრებაა ეს ბანერები და ისინი იღებენ გადაწყვეტილებებს“, - თქვა მან.

თვალი ადევნე სიახლეებს ამ თემაზე რადიო თავისუფლების ახალ ამბებში.

„ქართული ოცნება“ საიას ადანაშაულებს არჩევნებისთვის პრობლემის შექმნაში

„ქართული ოცნება“ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“ უკავშირებს „რევოლუციურ სცენარს“ და ადანაშაულებს თვითმმართველობის არჩევნებისთვის პრობლემის შექმნაში.

ამ განცხადების მიზეზი კი საია-ს სარჩელი გახდა საკონსტიტუციო სასამართლოში, სადაც ის ითხოვს თვითმმართველობის არჩევნებისთვის დადგენილი მაჟორიტარული ოლქების საზღვრების არაკონსტიტუციურად ცნობას.

ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ ვინაიდან, მაგალითად, საბურთალოზე მცხოვრები ამომრჩევლების რაოდენობა 2,5-ჯერ აღემატება, მაგალითად, მთაწმინდის ამომრჩევლების რაოდენობას, საბურთალოს ამომრჩევლის ხმის წონა 2.5-ჯერ მცირდება მთაწმინდის ამომრჩევლის ხმის წონასთან შედარებით, რადგან ორივე რაიონი ირჩევს თითო დეპუტატს თბილისის საკრებულოში.

„შემაშფოთებელია, რომ ის, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 5 წლის წინ ღიად, თავისი სახელით განახორციელა, ახლა არასამთავრობო ორგანიზაციის სახელით კეთდება. შემაშფოთებელია, რომ არჩევნებამდე 2 კვირით ადრე, ახალი აბსურდული სარჩელით არჩევნებისთვის პრობლემის შექმნას გეგმავს ორგანიზაცია, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციის სტატუსს ატარებს“, - განაცხადა პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ 19 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი „სამართლებრივ ნონსენსს“ უწოდებს იმ მოსაზრებას, რომ ამ სარჩელმა შესაძლოა საფრთხე შეუქმნას არჩევნების ჩატარებას.

წაიკითხე მეტი.

არჩევნები რუსეთში: მოქალაქეები დარღვევების შესახებ სოციალურ ქსელებში იტყობინებიან

გუშინ რუსეთში სამდღიანი საპარლამენტო არჩევნების ბოლო დღე იყო. შედეგების გამოცხადებამდე უკვე ვრცელდებოდა ინფორმაცია მასობრივი დარღვევების შესახებ. იყო ზეწოლა ოპოზიციის ლიდერის ალექსეი ნავალნის მოძრაობის წევრების მიმართ.

ყველა მოელის, რომ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ისევ მმართველი პარტია "ერთიანი რუსეთი" მოიპოვებს. მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ რეპრესიები განახორციელა კრიტიკულ ხმებზე, ბიულეტენებიდან მოიხსნენ კრემლის ხმამაღალი კრიტიკოსები, ზეწოლა იყო დამოუკიდებელ მედიაზე. თუმცა ამ არჩევნებში პარტია საკანონმდებლო ორგანოში გადამწყვეტი უმრავლესობის დაკარგვის საფრთხის ქვეშ დგას. არჩევნებამდე ჩატარებული გამოკითხვებით მისი პოპულარობა დაახლოებით 30 პროცენტამდე იყო დაცემული.

წაიკითხე მეტი.

მიტროპოლიტმა სტეფანემ ეკლესიიდან განკვეთა 6 „ამბოხებული“ სასულიერო პირი

ჭყონდიდის მიტროპოლიტმა სტეფანე კალაიჯიშვილმა სამღვდელო წოდება ჩამოართვა ამავე ეპარქიის 6 სასულიერო პირს, რომლებიც მის წინამორბედს, პეტრე ცაავას უჭერდნენ მხარს. ესენია:

  • ნასყიდა ღუდუშაური -- ბერ-დიაკონი პეტრე;
  • მიხეილ მდივანი -- ბერ-მონაზონი ათინოგენე;
  • ტარიელ გვილავა -- მონაზონი დანიელი;
  • თამაზ ხულუხია -- მონაზონი ამბროსი;
  • ბაჩუკი ხელაია -- მონაზონი დავითი;
  • ბათა (ავთანდილ) გვილავა -- მონაზონი ბასილი;

„სამონაზვნო აღთქმას ყოველდღე არღვევდნენ“, - განაცხადა მიტროპოლიტმა მარტვილში საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ და დაამატა: „არ მიმიღია ეს გადაწყვეტილება ნაჩქარევად ან გაუფრთხილებლად. ძალიან ბევრს ვეცადე და უამრავჯერ მქონდა პირადად ურთიერთობის შესაძლებლობაც და არ მისმენდნენ“.

მიტროპოლიტმა სტეფანემ, მას შემდეგ, რაც ჭყონდიდის მღვდელმთავარი გახდა, სასჯელი 20-მდე სასულიერო პირს დააკისრა.

წაიკითხე მეტი.

Space X-ის მისიიდან არაპროფესიონალი ასტრონავტები უსაფრთხოდ დაბრუნდნენ დედამიწაზე

ოთხი არაპროფესიონალი ასტრონავტი, რომლებიც SpaceX Inspiration4-ის მისიით კოსმოსში გაემგზავრნენ, უსაფრთხოდ დაბრუნდნენ დედამიწაზე, და ფლორიდის ნაპირთან, ატლანტის ოკეანეში დაეშვნენ.

SpaceX-ის კაფსულა, რომელშიც ასტრონავტები ისხდნენ, 18 სექტემბერს დაეშვა წყალში, რითაც დასრულდა პირველი სამდღიანი მოგზაურობა, რომლის ფარგლებშიც სამოქალაქო პირები დედამიწის ორბიტაზე გაუშვეს. არაპროფესიონალი ასტრონავტები კოსმოსში გაგზავნეს 15 სექტემბერს, NASA-ს კენედის ცენტრიდან. მთელი მოგზაურობა სრულად ავტომატიზებული იყო.

ეს მოგზაურობა წარმოადგენს კიდევ ერთ გარღვევას კოსმოსური ტურიზმის განვითარებაში. სამდღიან კოსმოსურ მისიას Inspiration 4-ს საქველმოქმედო მიზანი ჰქონდა - 200 მილიონის შეგროვება მემფისში მდებარე ბავშვთა საავადმყოფოსთვის. ბავშვობაში, ამ კლინიკაში კიბოსგან განკურნეს ეკიპაჟის წევრი ჰეილი არსენო.

წაიკითხე მეტი.

რუსუდან მაისურაძე: „სანამ სასამართლოს მივმართავდით, Netflix-ს ვთხოვეთ, ნონა გაფრინდაშვილისთვის ბოდიში მოეხადა”

ნონა გაფრინდაშვილი Netflix-ის წინააღმდეგ - სასამართლო დავა, რომელიც მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონმა სერიალ „ლაზიერის გამბიტში“ აღმოჩენილი შეცდომების გამო წამოიწყო, იურიდიული კუთხით კომპანია BLB-იმ მოამზადა. ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკის ინტერესს სწორედ BLB იცავს, ერთ ამერიკულ იურიდიულ კომპანიასთან ერთად. სარჩელი კალიფორნიის შტატის სასამართლოში 16 სექტემბერს შეიტანეს და ფილმის შემქმნელებისგან, ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკისთვის მორალური ზიანის ასანაზღაურებლად, ხუთ მილიონ დოლარს ითხოვენ.

გაფრინდაშვილის ინტერესების დამცველები დარწმუნებულნი არიან, რომ Netflix-ს შეცდომა არ დაუშვია. სიმართლე მიზანმიმართულად დაამახინჯა და ამით საქართველოს მეოცე საუკუნის საუკეთესო ქალი სპორტსმენი დაამცირა. სერიალის ფინალურ ეპიზოდში, კომენტატორი ნონა გაფრინდაშვილზე ამბობს, რომ ის მსოფლიოს ჩემპიონია ქალთა შორის, მაგრამ მამაკაცებს არასდროს დაპირისპირებია.

„ნონა გაფრინდაშვილს მამაკაცების წინააღმდეგ არაერთხელ უთამაშია და ეს იმ ნოველაშიც ეწერა, რომელიც ფილმის შემქმნელებმა სცენარად გამოიყენეს. სამწუხაროდ, მაყურებელს მაინც ცრუ ინფორმაცია მიაწოდეს“, - განაცხადა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში BLB-ის პარტნიორმა რუსუდან მაისურაძემ.

წაიკითხე მეტი ოთარ მაღლაკელიძის სტატიაში.

ასეულობით მილიონი დოლარის სესხი კანალიზაციისთვის - სახელმწიფო ფულს სესხულობს, მაგრამ ვერ ხარჯავს. ამის გამო კი მილიონობით ლარის საურავი გვერიცხება. ამ ყველაფრის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად კორუფცია სახელდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG