Accessibility links

site logo site logo

აშშ გმობს დუმის არჩევნების ჩატარებას საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის ტერიტორიებზე


აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფციალური წარმომადგენელი ნედ პრაისი კიდევ ერთხელ გამოეხმაურა რუსეთში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს. პრაისი ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე წერს, რომ აშშ წუხილს გამოთქვამს რუსეთის რეპრესიული ქმედებების გამო, რაც ძირს უთხრის დუმის არჩევნების თავისუფლებას, სამართლიანობას და სანდოობას.

სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის თანახმად, აშშ გმობს რუსეთის მიერ საარჩევნო უბნების გახსნას საქართველოს, მოლდოვის და უკრაინის ტერიტორიებზე, მათი თანხმობის გარეშე.

17-19 სექტემბერს, რუსეთმა დუმის არჩევნები ჩაატარა საქართველოს ორ ოკუპირებულ ტერიტორიაზე - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, უკრაინაში ანექსირებულ ყირიმსა და დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკებში და მოლდოვის სეპარატისტულ რეგიონში - დნესტრისპირეთში.

დუმის არჩევნებისთვის რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოს ორი ოკუპირებული რეგიონი შეუერთა ჩიტის, იმიერბაიკალეთის, ვორონეჟის, სამარის და ლენინგრადის ოლქებს.

რუსეთმა საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში - „სამხრეთ ოსეთსა“ და აფხაზეთში, მათი ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებამდე, ანუ 2008 წლის აგვისტომდე, წლებით ადრე დაიწყო „პასპორტიზაციის პროცესი“ და იქ მცხოვრებთათვის რუსეთის მოქალაქეობის მიცემა. საქართველოს ორი ოკუპირებული რეგიონის მცხოვრებთა უმრავლესობას რუსეთის მოქალაქეობა აქვს. რუსეთის ხელისუფლებამ იგივე გააკეთა მოლდოვის და უკრაინის სეპარატისტულ რეგიონებში.

რუსეთის დუმის არჩევნების ოფიციალური შედეგებით, საკონსტიტუციო უმრავლესობა შეინარჩუნა პრეზიდენტ პუტინის მხარდამჭერმა პარტიამ "ერთიანი რუსეთი". პუტინი ამ პარტიის თავმჯდომარე იყო 2008-2012 წლებში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG