Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

#ისქალიმევარ - გახარიას თანაპარტიელი ქალების პასუხი ირაკლი კობახიძეს 


„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის კომენტარს „ფეისბუკის" პირად გვერდებზე გამოეხმაურნენ გიორგი გახარიას პარტიის „საქართველოსთვის" წევრი ქალები. #ისქალიმევარ - პარტიის გლდანის მაჟორიტარი კანდიდატის ნათია მეზვრიშვილის ამ „ფეისბუკ"-პოსტი მალევე აიტაცეს გახარიას სხვა მხარდამჭერებმა.

იმავეს წერს თამარ ხვედელიანი, რომელიც თბილისი საკრებულოს არჩევნებში პარტიის პროპორციულ სიაში მე-6 ნომრად წერია.

სწორედ, სიაზე გააკეთა აქცენტი ირაკლი კობახიძემ, როდესაც გახარიას წამალდამოკიდებულების შესახებ მორიგ კომენტარს აკეთებდა. ჟურნალისტები დაინტერესდნენ ვინ იყო ქალი, რომელმაც კობახიძის თქმით, გახარიას გადადგომის შემდეგ მას „კოკაინი გაასინჯა".

„საკრებულოს სიაშია, თუმცა გვარის დაკონკრეტებას მოვერიდები. ეს ქალბატონი არასდროს ყოფილა „ქართული ოცნების“ წევრი, თუმცა ის არის საკრებულოს სიაში გახარიას პარტიიდან“,- თქვა კობახიძემ.

მმართველი პარტიის თავმჯდომარეს ასევე გამოეხმაურა გახარიას პარტიის თბილისის საკრებულოს სიის მე-7 ნომერი ეკატერინე ვეფხვაძე.

ანალოგიური პოსტები დაწერა გახარიას რამდენიმე მხარდამჭერმა ქალმაც.

22 სექტემბერს „პირველი არხის" ეთერში მერობის კანდიდატებს შორის გამართულ დებატებზე გიორგი გახარიას შეკითხვას უპასუხა ოპონენტმა „ქართული ოცნებიდან“ კახა კალაძემ. თბილისის მერის თქმით, გახარიასთვის არავის დაუბრალებია, რომ ის წამალდამოკიდებულია.

მართალია, კალაძემ თქვა, რომ გიორგი გახარიასთვის არავის დაუბრალებია, რომ ის „ნარკომანია“, თუმცა ყოფილი პრემიერის წამალდამოკიდებულების შესახებ არაერთხელ ილაპარაკა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ. მან გახარიას პირველად 17 სექტემბერს უწოდა „კოკაინშიკი“.

ავსტრიაში ნარკოტესტირების ჩატარების შემდეგაც, ირაკლი კობახიძემ გიორგი გახარია კვლავ კოკაინის მომხმარებლად მოიხსენია. თუმცა მან აღნიშნა, რომ ქართული ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნის დროს გახარია კოკაინს არ მოიხმარდა.

გახარიას ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ინფორმაციას პარტიამ „საქართველოსთვის" 18 სექტემბერს გაავრცელა. მისი ინფორმაციით, მას ექსპერტიზა ჩაუტარდა ქალაქ ვენის წამყვან ჰოსპიტალში „RUDOLFINERHAUS“ 2021 წლის 14 სექტემბერს.

„ყველანაირად სუფთა ვარ“, - ეს სიტყვები თქვა კახა კალაძემ, „ქართული ოცნების" მერობის კანდიდატმა ნარკოტესტირების ჩატარების შემდეგ და კონკურენტებსაც ანალოგიური ნაბიჯისკენ მოუწოდა.

2 ოქტომბერს ჩატარდება საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG