Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თეონა დოლენჯაშვილი: ამ არჩევნებზე ისევ შავ-თეთრი ორი პოლუსი მივიღეთ


თეონა დოლენჯაშვილი, მწერალი
თეონა დოლენჯაშვილი, მწერალი

მწერალმა თეონა დოლენჯაშვილმა რადიო თავისუფლების „დღის საუბრებში“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგების შეფასებისას განაცხადა, რომ ქვეყანა ამჯერადაც „წინა ცხრა წლის და აწმყოს 9 წლის დაპირისპირების“ წრეზე დარჩა და, შესაბამისად, შანსი დაეკარგათ პატარა პარტიებს.

„ჩვენ მაინც მივიღეთ ამ არჩევნებზე ისევ შავ-თეთრი ორი პოლუსი. რა თქმა უნდა, ამას ხელი შეუწყო მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლამ და დაპატიმრებამაც და ამან კიდევ უფრო გააღრმავა და, ასე რომ ვთქვათ, კიდევ უფრო გაკრიფა შუა და კიდევ უფრო დაუკარგა შანსი ამ პატარა პარტიების შესვლას და თუნდაც იმ კოალიციური მთავრობის და ხელისუფლების უფრო მყარად დანახვას და წარმოჩენას, ერთგვარ დატესტვას თუნდაც ამ ადგილობრივ არჩევნებში“, - განაცხადა თეონა დოლენჯაშვილმა. მისი შეფასებით, სხვა პარტიებისთვის შანსი, თავის მხრივ, „ნაციონალურ მოძრაობასაც“ უნდა მიეცა:

„კარგი იქნებოდა, თუკი „ნაციონალური მოძრაობა“ თავის აგრესიულ აქტივიზმს ცოტა მიაძინებდა და ცოტა მეტ შანსს მისცემდა სხვა პარტიებს, სხვა ოპოზიციურ პარტიებს თუნდაც მეტად ეაქტიურათ და მეტად თვალსაჩინონი ყოფილიყვნენ“, - აღნიშნა თეონა დოლენჯაშვილმა. გადაცემაში მან თქვა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გონივრულად უნდა მიუდგეს იმ ფაქტსაც, რომ ე.წ. საფრთხობელას ხატით დღემდე ირიბად მაინც კვებავს „ქართულ ოცნებას“.

მისი თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უფრო მეტად უნდა გააანალიზოს თავისი შეცდომები, უფრო მეტად აიღოს პასუხისმგებლობა ძველზე და რამდენადაც შესაძლებელია, „ჩახსნას საფრთხობელა მისი სახით“.

2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების წინასწარი მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით, პროპორციულ ნაწილში ყველაზე მეტი ხმა, 46%-ზე მეტი მმართველ პარტია "ქართული ოცნებას" აქვს. მეორე ადგილზე "ნაციონალური მოძრაობაა" 30%-ზე მეტით და მესამეზე "გახარია-საქართველოსთვის", რომელსაც ხმების 7%-ზე მეტი აქვს. სხვადასხვა მუნიციპალიტეტის, მათ შორის თბილისის საკრებულოში წევრები ეყოლებათ "ლელოს", "გირჩი-მეტი თავისუფლებას" და "ანა დოლიძე-ხალხისთვის". პროპორციული სისტემით საკრებულოს წევრების ასარჩევად ყველა მუნიციპალიტეტში, გარდა თბილისისა, ბარიერი 3%-ია. თბილისში - 2.5%.

ამასთან, 5-ივე თვითმმართველ ქალაქში - თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ფოთსა და ბათუმში მერის არჩევნების მეორე ტური გაიმართება "ქართული ოცნების" და "ნაციონალური მოძრაობის" მიერ წარდგენილი კანდიდატების მონაწილეობით, რადგან პირველივე ტურში გასამარჯვებლად საჭირო, ხმების 50%-ზე მეტი ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო. მერის არჩევნების მეორე ტური გახდა საჭირო 59-დან 15 თვითმმართველ თემშიც. წინასწარი მონაცემებით, 44 თემში პირველივე ტურში გაიმარჯვეს "ქართული ოცნების" კანდიდატებმა. არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს უნდა ჩატარდეს.

2 ოქტომბერს ამომრჩეველთა აქტივობა 51.92% იყო.

XS
SM
MD
LG