Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში თუ საქართველოში? - სად იქნება მიხეილ სააკაშვილი მომდევნო წლებში 


უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ ძალისხმევას არ დაიშურებს სააკაშვილის უკრაინაში დასაბრუნებლად. საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი ქართულ ციხეში მოიხდის სასჯელს სრულად და იქვე აფრთხილებენ, რომ თუ „კარგად არ მოიქცევა”, შესაძლოა სხვა „მუხლებიც დაუმატონ”. 

თავად მიხეილ სააკაშვილს, უკრაინის მოქალაქეს, მკაფიოდ არაფერი უთქვამს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ეკა ხერხეულიძე კი ამბობს, რომ არ იქნება მარტივი „რისკის ფასად” სამშობლოში დაბრუნებული მიხეილ სააკაშვილის უკრაინისთვის „გატანება”.

როგორ შეიძლება, საქართველომ უკრაინას გადასცეს მისი მოქალაქე - სამართლებრივი მხარე

„მე, როგორც უკრაინის პრეზიდენტი, სისტემატურად დაკავებული ვარ ჩვენი მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნებით. სხვადასხვა ხერხით, რომლებიც გამაჩნია, რომლებსაც ჩემი ძალაუფლება მაძლევს. მიხეილ სააკაშვილი არის უკრაინის მოქალაქე, ამიტომ ეს მასაც ეხება. და ყველა ინსტიტუცია, საგარეო საქმეთა სამინისტრო და ჩვენი საელჩო, რომელიც მუშაობს საქართველოში, ასევე საქართველოს ელჩი, რომელიც უკრაინაში მუშაობს, აგრეთვე მინისტრთა კაბინეტების და პრემიერების დონეზე - ჩვენ ყველა ამით დავკავდებით“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 4 ოქტომბერს.

იურისტი დავით ჯანდიერი ხსნის, რომ თუკი მიხეილ სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემის მოთხოვნა დადგება დღის წესრიგში, გამოყენებენ სტრასბურგში მიღებულ კონვენციას “მსჯავრდებულ პირთა გადაცემის შესახებ”, რომლის თანახმად, საქართველოში ჩადენილ დანაშაულებში მსჯავრდებული უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი შესაძლოა საქართველომ უკრაინას გადასცეს, თუმცა რიგი დათქმებით.

  • სამივე მხარეს, საქართველოსაც, უკრაინასაც და თავად მსჯავრდებულსაც, ამ შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილს, უნდა ჰქონდეთ ამის სურვილი.
  • სასამართლოს განაჩენი ყველა იმ საქმეზე, რომელშიც ბრალი ედება, დამდგარი უნდა იყოს გადაცემის მოთხოვნისას.
  • განაჩენის გადასინჯვა შეუძლია მხოლოდ საქართველოს. შეწყალების, ამნისტიის და დანაშაულის ბრალის შემსუბუქების გადაწყვეტილება შეუძლია მიიღოს როგორც საქართველომ, ისე უკრაინამ, გადაცემის შემდეგ.

პროცესს, თუკი ის წარიმართება, ორი ქვეყნის იუსტიციის სამინისტროები მართავენ. დღეს არსებული მოცემულობა არ იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ მიხეილ სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემა შესაძლებელია.

  • მის მიმართ სისხლის სამართლის საქმეების ნაწილზე, მაგალითად, საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე გამოძიება დასრულებული არ არის და განაჩენიც არ დამდგარა.
  • ამ დროისთვის მხოლოდ უკრაინას აქვს გაცხადებული სურვილი, დააბრუნოს თავისი მოქალაქე ქვეყანაში - საქართველო კატეგორიულად ეწინააღმდეგება იმას, რომ მიხეილ სააკაშვილმა სასჯელი საქართველოს ციხეში არ მოიხადოს. არ ვიცით არც თავად მსჯავრდებულის პოზიცია.
  • თუკი საქართველო მიხეილ სააკაშვილს უკრაინას გადასცემს, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ ბრალისგან განთავისუფლება და უკრაინაში ამნისტია ან შეწყალება ელოდება.

იმ შემთხვევაში, თუკი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში და ციხეში გაატარებს მომდევნო წლებს, საქართველო ვალდებული იქნება უზრუნველყოს მისი და უკრაინის საკონსულოს შეუფერხებელი კომუნიკაცია და ნებისმიერი მოთხოვნისთანავე მიაწოდოს უკრაინას ინფორმაცია სააკაშვილთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხების შესახებ.

როგორ ხდება უკრაინისთვის მოქალაქის გადაცემა, თუკი ეს მოქალაქე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტია - ამბის პოლიტიკური ნაწილი

„წესიერად მოიქცეს, თორემ დავუმატებთ კიდევ სხვა მუხლებს“, - თქვა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სააკაშვილზე საუბრისას 3 ოქტომბერს ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში. მის ამ განცხადებას მწვავე კრიტიკა მოჰყვა მათგან, ვინც საქართველოში პოლიტიკური მართლმსაჯულების შესახებ საუბრობდა. პრემიერ-მინისტრის ეს განცხადება არ ეხამუშა ყოფილ იუსტიციის და მოქმედ კულტურის მინისტრს, თეა წულუკიანს, რომელმაც დღეს ჟურნალისტებს უთხრა: „ნებისმიერი პატიმარი, რომელიც იქცევა ცუდად, მას ემატება მუხლები“ და „აქ სპეკულაცია საჭირო არ არის”.

„პრემიერ-მინისტრს არ აქვს აკრძალული საუბარი და ამას შეეჩვიეთ“, - თქვა დღეს თეა წულუკიანმა. ის განმარტავს, რომ სააკაშვილის შემთხვევაში ექსტრადაციაზე საუბარი უადგილოა. მიხეილ სააკაშვილი დღეს ციხეში საქართველოში ჩადენილი დანაშაულებისთვის ზის, ექსტრადაცია შესაძლებელი იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუკი მას უკრაინაშიც ექნებოდა დანაშაულები ჩადენილი, - ამბობს იგი.

„პოლიტიკურად კი, მე გაკვირვებული ვარ, იმიტომ, რომ თუ ადამიანი არის ასეთი მოწოდებული, რომ თავი შეწიროს იდეალებს, მას არ უნდა ჰქონდეს წესით სურვილი, რომ კიევში დაბრუნდეს. ის უნდა იყოს ჩვენთან ერთად და იბრძოლოს გამარჯვებისთვის“, - თქვა თეა წულუკიანმა. ის დაბეჯითებით ირწმუნება, რომ საქართველოდან უკრაინაში წასვლას მიხეილ სააკაშვილი ყველაზე ადრე, 6 წლის შემდეგ შეძლებს, როცა აქ სასჯელს სრულად მოიხდის.

დღესვე, გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონოდ კვეთის გამო გამოძიება დაიწყო უკრაინაშიც. საქართველოს პროკურატურას და შინაგან საქმეთა სამინისტროს, ამ დრომდე არ უთქვამთ მისი გადაადგილების მარშრუტი არც უკრაინასა და არც საქართველოში ყოფნის დღეებში, მის დაკავებამდე. 1 ოქტომბრიდან ამ დრომდე საზოგადოებამ ნახა მხოლოდ რამდენიმე კადრი, სადაც ჩანს, როგორ შეჰყავთ ხელბორკილებიანი მიხეილ სააკაშვილი საპატიმრო დაწესებულებაში.

„ეშმაკი არ ასვენებს ამ ადამიანს და იქნებ ციხეში დაისვენოს. ჩვენთვის ტვირთი და გამოწვევა სააკაშვილი იყო Youtub-არხებზე ჩართვებიით და ტელეხიდებით. რატომ? ერთი, რომ უკრაინასთან გვიფუჭებდა ურთიერთობას, და მეორე - ყველა დაიღალა. დაიღალა მთელი ქვეყნის მოსახლეობა. სააკაშვილი ან უნდა დაგვეჭირა, ან წასულიყო პოლიტიკიდან. ეს კაცი პოლიტიკიდან არ მიდის, ბოდიშს არ იხდის, არ ითხოვს შეწყალებას. მადლობა მიშას, რომ ჩამოვიდა თავისი ფეხით და თავისი ნებით საქართველოში. ვფიქრობ, რომ იდეალურად დაჯდა და დავსვით ყველაფერი, ვინაიდან, "ნაციონალური მოძრაობა" ამის შემდეგ როგორ უნდა განვითარდეს, ვერ წარმომიდგენია. ბოლო იმედი იყო სააკაშვილი”, - თქვა გუშინ სააკაშვილზე საუბრისას ირაკლი ღარიბაშვილმა. ერთი დღით ადრე, საქართველოს მთავრობას ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა შეახსენა, რომ მიხეილ სააკაშვილის საქმე იქნება ტესტი ქართული მართლმსაჯულებისთვის.

4 ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება მოითხოვა ევროპელი კონსერვატორების ჯგუფმა, დღესვე აქცია გაიმართა რუსთავის ციხესთან მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG