Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაიწყება თუ არა მოზარდების აცრა საქართველოშიც - რა არ უნდა გამოგრჩეს 6 ოქტომბერს


ამ კვირაში თბილისში გაიმართება იმუნიზაციის საბჭოს სხდომა, რომელზეც განიხილავენ 12 წელზე უფროსი ასაკის მოზარდების აცრის და ე.წ. ბუსტერ დოზის დაშვების საკითხს.

საქართველოში მნიშვნელოვნად იკლებს ყოველდღიურად გაკეთებული ვაქცინის რაოდენობა - ხელისუფლება წახალისების ფორმაზე ფიქრობს და კვლავ თავს იკავებს იმპერატიული მოწოდებებისკენ ან იმგვარი შეზღუდვების შემოღებისკენ, რაც უპირატესობას მიანიჭებს ვაქცინირებულ პირებს და შეზღუდვებს დაუქვემდებარებს მათ, ვინც უარს ამბობს აცრის გაკეთებაზე.

5 ოქტომბერს გამართულ საკოორდინაციო საბჭოზე გადაწყდა, რომ სოფლებს შორის “ვაქცინაციის მარათონი” გაიმართება, ექიმები და ექთნები კი, ვინც შეძლებს და დაარწმუნებს 60 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს, გაიკეთონ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, ფულადი წახალისების სახით, თითო აცრილ პაციენტზე 4-4 ლარს მიიღებენ.

აცრის ტემპმა შემცირება დაიწყო სექტემბრის შუა რიცხვებიდან, როცა დღიური მაჩვენებელი 15 ათასსაც ვერ აღწევდა, მაშინ როცა წინა პერიოდში დღეში იცრებოდა თითქმის ორჯერ მეტი ადამიანი.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი და ჯანდაცვის სამინისტრო წლის ბოლომდე იმუნიზაციის მიზნის მისაღწევად და მოზრდილი მოსახლეობის სულ მცირე 60%-ის ასაცრელად აუცილებლად მიიჩნევდნენ დღეში 30 000-მდე აცრის გაკეთებას. ამ დროისათვის სრულად, ორივე დოზით ვაქცინირებული არ არის მოსახლეობის 30%-იც კი.

საქართველოში ჩამოვიდა უკრაინის რადის დეპუტატი ლიზა იასკო, რომელმაც უკვე მოინახულა საპატიმრო დაწესებულებაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი.

"მე მისით ძალიან ვამაყობ, ადამიანით, რომელსაც ასე უყვარს თავისი ქვეყანა. ასევე მინდა გითხრათ, რომ ეს დიდი ბრძოლაა, რომლის მოგებაც თქვენ გჭირდებათ თქვენი მომავლისთვის. ვისურვებდი, რომ მიხეილ სააკაშვილი მალე გათავისუფლდეს. ის ახლა პოლიტპატიმარია და არ შეიძლება ამასთან შეგუება. ძალიან ცუდია, რაც შეემთხვა თქვენს პრეზიდენტს და ამის სჭირდება ბრძოლა. ეს უნდა გადაწყვიტოს, ქართველმა ხალხმა", - თქვა ლიზა იასკომ რუსთავის ციხესთან.

ლიზა იასკოსა და მიხეილ სააკაშვილის ურთიერთობის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი დააკავეს. იასკო უკრაინის რადის დეპუტატია მმართველი პარტიიდან. სააკაშვილის დაკავების შემდეგ მან გამოაქვეყნა ერთად გადაღებული ვიდეო, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი ამბობდა, რომ ის და ლიზა ერთად იყვნენ, ახალი ოჯახის შექმნა დაიწყეს და სურდათ ამის შესახებ საზოგადოებასაც გაეგო.

კომპანია „თბილისი ენერჯის" ცნობით, მაგისტრალურ გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო თბილისში 5000-მდე აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება - ბუნებრივი აირის გარეშე რამდენიმე საათის განმავლობაში იქნებიან საბურთალოს, დიღმისა და ნუცუბიძის პლატოს მოსახლეები.

გაზის მიწოდება აღდგენა 6 ოქტომბრის 10:00 საათიდან დაიწყება და დასრულდება 21:00 საათისთვის. "თბილისი ენერჯი" მოსახლეობას მოუწოდებს, გადაკეტონ გაზის ონკანები და დაიცვან უსაფრთხოების წესები. ავარია, რომლის გამოც ბუნებრივი აირის მიწოდება შეიზღუდა, ნუცუბიძის ფერდობსა და ვაშლიჯვრის დამაკავშირებელ გზაზე, ლისის ტბის სიახლოვეს მოხდა.

2021 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი თბილისის წმინდა გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი, ხათუნა რაზმაძე გახდა.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდო განათლების კოალიციას, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, 2017 წლის 13 მაისს დაწესდა. წელს საქართველოში უკვე მეხუთედ გაიმართა დაჯილდოება და ის მასწავლებელთა პოპულარიზაციისკენ მიმართული გლობალური კამპანიის – „The Global Teacher Prize“ ნაწილია.

ხათუნა რაზმაძე
ხათუნა რაზმაძე

როგორ დაუმტკიცებს ბრალს პროკურატურა სააკაშვილის საქმეზე დაკავებულებს?

სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის კვეთის საქმეზე დაკავებულ სამივე პირს პატიმრობა მიუსაჯა - ელგუჯა ცომაიას, ზურა და შალვა წოწორიების ადვოკატები ამბობენ, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფი პირები საპატიმრო დაწესებულებაში ისეთი დანაშაულის ჩადენის გამო მოხვდნენ, რომელიც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში არ არსებობს.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრი“, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის საქმეზე დაკავებული პირების სასამართლო პროცესებს ნოემბრის შუა რიცხვებიდან დააკვირდება. სწორედ ნოემბრის შუა რიცხვებში გაიმართება დაკავებულების წინასასამართლო სხდომები.

უფრო მეტი ამ საქმის სამართლებრივი ასპექტების შესახებ ნახეთ ნინო თარხნიშვილის სტატიაში.

“პანდორას“ არქივის აღმოჩენა: „რუსეთში მთელი ფული პუტინს ეკუთვნის“

„2011 წელს „საქმიანი რუსეთის“ ფორუმზე პუტინმა მოუწოდა ბიზნესმენებს, რომ უარი ეთქვათ ოფშორებზე, რასაც უკუშედეგი მოჰყვა.

ახლახან გამოჟონილ „პანდორას დოკუმენტებში“ ფიგურირებს კრემლთან დაახლოებული 52 რუსი მაღალჩინოსნის, ბიზნესმენისა და მედიამაგნატის სახელი.

მაგალითად, რუსეთის სახელმწიფო ტელეკომპანია პირველი არხის გენერალური დირექტორი, კონსტანტინ ერნსტი, ოფშორების მეშვეობით მონაწილეობს მოსკოვში ძველი კინოთეატრების დანგრევისა და მათ ადგილზე კინოდარბაზებიანი სავაჭრო ცენტრების მშენებლობაში.


2016 წელს, როდესაც „პანამის ქაღალდებზე“ დაყრდნობით გამომძიებელმა ჟურნალისტებმა დაადგინეს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან დაახლოებული პირების კავშირი ოფშორულ კომპანიებთან, - კრემლი შეეცადა ეს წარმოედგინა, როგორც რუსეთის დესტაბილიზაციის მისაღწევად შექმნილი პროექტის ნაწილი.

მიმდინარეობს ძალისხმევა, პუტინის დისკრედიტაციისა და რუსეთში სექტემბრის არჩევნებისთვის ხელის შეშლის მიზნითო, უთხრა 5 წლის წინ კრემლის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს.

პუტინი მასალის გამოქვეყნებიდან ოთხ დღეში, 7 აპრილს, სკანდალს თავად გამოეხმაურა და თქვა, რომ ოპონენტებს ყველაზე მეტად რუსი ერის ერთობა და კონსოლიდაცია აშფოთებსო.

ოფშორულ კომპანიებთან ვლადიმირ პუტინის გარემოცვის კავშირების თაობაზე „პანდორას ქაღალდების“ სახელით გამოქვეყნებულ დოკუმენტებს კრემლი უფრო თავშეკავებით შეხვდა.

მეტი "პანდორას დოკუმენტებისა" და მასში არსებული ინფორმაციის შესახებ რუსეთის პრეზიდენტზე, ნახეთ აქ.

მიუხედავად იმისა, რომ სკოლები, ბაღები და სასწავლო დაწესებულებები ონლაინ სწავლებიდან დასწრებულ სწავლებაზე გადავიდნენ, ბავშვების ნაწილი სახლში დარჩა - არიან თუ არა თანაბარ პირობებში ისინი, ვინც სახლიდან იღებს განათლებას?

ამ მომენტისთვის, დისტანციურად განათლების მიღებას, საჯარო სკოლების 24 000 მოსწავლე აგრძელებს, 600 000 კი კლასებს დაუბრუნდა - ანუკი ბურდული ცდილობდა გაერკვია, როგორია სახლში დარჩენილი ბავშვების სწავლების ხარისხი და საგაკვეთილო ბადე. ესეც სტატია დისტანციურ სწავლებაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG