Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ისა და კანადის "ვიზების დამზადების" ბრალდებით ერთი პირი დააკავეს


საქართველოს მოქალაქეებისთვის აშშ-ისა და კანადის "ვიზების დამზადების" ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. დაკავების ოპერაცია შინაგან საქმეთა სამინისტრომ დუშეთში დღეს, 12 ოქტომბერს ჩაატარა.

გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულს უკავშირდებოდნენ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და კანადაში არალეგალურად გამგზავრებისა და უკანონოდ დარჩენის მსურველი საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც თანხის სანაცვლოდ, საჭირო დოკუმენტებს გადასცემდა, აშშ-სა და კანადაში გამგზავრებისა და უკანონოდ დარჩენისთვის შესაბამის პირობებს უქმნიდა.

შსს-ში აღნიშნავენ, რომ ბრალდებული საქართველოს ერთ-ერთ მოქალაქეს 16 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ აშშ-ში არალეგალურად გამგზავრებაში დახმარებას დაჰპირდა და წინასწარ გამოართვა 4000 ლარი.

"პოლიციამ, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, საქართველოს მოქალაქის 76 პასპორტი, 3 საბანკო პლასტიკური ბარათი, 2 მეხსიერების ბარათი, კომპიუტერული ტექნიკა, 2 მობილური ტელეფონი, სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშუალება "მარიხუანა", დოკუმენტების დასამზადებელი დანადგარი და დოკუმენტები ნივთმტკიცებად ამოიღო", - აღნიშნულია შსს-ის გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყანაში წინასწარი შეცნობით უკანონოდ დარჩენისთვის შესაბამისი პირობების შექმნის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 344 პრიმა-2 მუხლის მე-2 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს. ამ მუხლით საქართველოს მოქალაქის უკანონოდ დასარჩენად შესაბამისი პირობების შექმნისთვის ბრალდებულ პირს სამიდან ექვს წლამდე პატიმრობა ემუქრება.

მასალა განახლდა შინაგან საქმეთა სამინისტოს განცხადების გავრცელების შემდეგ.

XS
SM
MD
LG