Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თენგიზ ცერცვაძე: მოსახლეობამ უნდა იპოვოს თავის თავში ძალა და მივიდეს ვაქცინაციაზე


ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი, კლინიკური საბჭოს ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე ვაქცინაციის ტემპის გასაზრდელად არაპირდაპირი სავალდებულო ზომების შემოღებას მიიჩნევს საჭიროდ.

მისი თქმით, ვაქცინაცია სულ ცოტა 10-ჯერ ამცირებს გარდაცვალებას და არა ავადობას. ამის თაობაზე თენგიზ ცერცვაძემ ჯანდაცვის სამინისტროში გამართული კლინიკური საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან საუბარში განაცხადა.

„თუ არის დღეში 49 გარდაცვალება, სრულად ვაქცინაციის პირობებში დღეში 4-5 გარდაცვალების შემთხევევა იქნებოდა. შეადარეთ და გამოიტანეთ დასკვნა, რამხელა შესაძლებლობას უშვებს ხელიდან ჩვენი მოსახლეობა, როცა ფაქტობრივად ამჟღავნებს სკეპტიციზმს. მე არ ვიცი რა სჭარბობს, სკეპტიციზმი და ანტივაქსერობა, თუ უბრალოდ ინერტულობა. უბრალოდ არ თვლიან საჭიროდ ვაქცინის გაკეთებას“,- ამბობს თენგიზ ცერცვაძე.

მისი თქმით, შესაძლოა ვაქცინაციის ტემპის დასაჩქარებლად გარკვეული ღონისძიებების ჩატარება დაგვიანდა, მაგრამ ამჟამინდელი მოცემულობა დღეში 40-50 ათასი ადამიანის აცრის საშუალებას იძლევა.

„შესაძლოა ჩვენ ცოტა დავიგვიანეთ მასობრივი ვაქცინაციის დაწყება, სხვა ქვეყნებმა ჩვენზე 2-3 თვით ადრე დაიწყეს, მაგრამ დღეს არც ერთ ქვეყანას არ აქვს ისეთი კარგი პირობები შექმნილი ვაქცინაციისთვის, როგორიც საქართველოს - ეს არის 2 მილიონზე მეტი საუკეთესო ვაქცინა, 500-ზე მეტი ვაქცინაციის პუნქტი, ავტობუსები ქუჩებში, მობილური ბრიგადები სოფლებში და რაიონებში, ვაქცინაციის მარათონი, წახალისებები, თუ რამე ხერხი არსებობს [ყველაფერი], მოდით ნუ ვილაპარაკებთ რაიმე საინფორმაციო კამპანიის სიმწირეზე, ამაზე მეტი საინფორმაციო კამპანია, რაც საქართველოში კეთდება, შეუძლებელია“,- ამბობს თენგიზ ცერცვაძე.

მისი სიტყვებით, ვაქცინაციის მოცვა საქართველოში მოსახლეობის სრული რაოდენობის 25%-ია მაშინ, როცა ევროპასა და ამერიკაში 80%-ია.

ეს ხომ არ არის დაკავშირებული პოლიტიკურ აქტივობასთან, მიტინგებთან. უნდა იპოვოს თავის თავში ძალა მოსახლეობამ , რომ 40-50 ათასი კაცი მივიდეს ასაცრელად და ყველამ ვატაროთ პირბადეები. თბილისში პირბადეებს, ასე თუ ისე ,ატარებენ, თბილისის გარეთ პირბადეებს თითქმის არ ატარებენ“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ის საჭიროდ მიიჩნევს არაპირდაპირი სავალდებულო ზომების შემოღებას, მათ შორის სავალდებულოდ მიაჩნია ცალკეული ჯგუფების - პედაგოგები, ექიმები, ძალოვანები, ორსულები - აცრა.

ამასთან თენგიზ ცერცვაძის თქმით, იმგვარ პოლარიზებულ გარემოში, რაც საქართველოშია, არ არის იოლი ე.წ. მწვანე ბარათების შემოღება. მისი სიტყვებით, იტალიაში ე.წ. მწვანე პასპორტების შემოღებას საზოგადოებრივი წინააღმდეგობა მოჰყვა და ხელისუფლებას აქციის დასაშლელად ძალის გამოყენება დასჭირდა.

კიდევ რომ მწვანე პასპორტისთვის წყლის ჭავლი და ცრემლდენი გაზი გამოეყენება ჩვენს ხელმძღვანელობას, წარმოგიდგენათ ამას რა ნეგატიური რეაქცია მოჰყვებოდა?! ამიტომ ჩვენი ქვეყანა ფრთხილად დგამს ამ ნაბიჯებს, მაგრამ დადგა ახლა დრო, როდესაც სხვა გზა არ არის და უნდა შემოვიღოთ“,- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 49 პაციენტი. ეს 18 სექტემბრის შემდეგ, ლეტალობის ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია.

3 ნოემბრის მონაცემებით სულ ჩატარებულია 1 986 729 აცრა.

სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 040 022 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 36.6 %.

სრულად ვაქცინირებულია 944 520 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 33.1%.

2 ნოემბერს აიცრა 3 868 ადამიანი.

საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტიდან დაიწყო. ვაქცინაციის პროცესი ქვეყანაში დაბალი ტემპით მიმდინარეობს.

საქართველოში აცრამ მკვეთრად იკლო ოქტომბრიდან. გასულ თვეში, ყველაზე მეტი, დღიურად 9000-ზე მეტი აცრა მხოლოდ ორჯერ გაკეთდა, მაშინ, როცა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი და ჯანდაცვის სამინისტრო საჭიროდ მიიჩნევდნენ დღეში 30 000-მდე აცრის გაკეთებას.

18 ოქტომბრიდან საქართველოს დიდ სოფლებში დაიწყო „ვაქცინაციის მარათონი“, თუმცა, აცრის სტატისტიკის თანახმად, ვაქცინაციის ტემპი ისევ ძალიან დაბალია.

პირველ ეტაპზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი და ჯანდაცვის სამინისტრო, იმუნიზაციის მიზნის მისაღწევად, აუცილებლად მიიჩნევდნენ წლის ბოლომდე მოზრდილი მოსახლეობის სულ მცირე 60%-ის აცრას. თუმცა, მოგვიანებით დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ რამდენჯერმე განაცხადა, რომ კორონავირუსის უფრო რთული და გადამდები "დელტა" ვარიანტის მასობრივად გავრცელების გამო, ეპიდემიის შესაჩერებლად საჭირო იყო 80%-ის ვაქცინაცია.

ამ დროისთვის, საქართველოში ვაქცინაცია შესაძლებელია "ფაიზერის", "სინოფარმის" და "სინოვაკის" ვაქცინებით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG