ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრატორი, ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო საქართველოს ხელისუფლებას მიმართავს, დაუყოვნებლივ იმოქმედოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის დასაცავად.
"როგორც მასმედია გვაუწყებს, მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე საფრთხეშია, მისი მდგომარეობა დღითიდღე უარესდება და შესაძლოა შეუქცევადი სახე მიიღოს. ვერავინ, საქართველოს ვერც ერთი მკვიდრი, მიუხედავად პოლიტიკური, რელიგიური თუ ეთნიკური კუთვნილებისა, ვერ დარჩება გულარხეინ მაყურებლად. კათოლიკე ეკლესიის სახელით მსურს განვაცხადო, რომ თითოეული ადამიანის სიცოცხლეს ფასდაუდებელი ღირსება გააჩნია, თითოეული სიცოცხლე ძვირფასია ღვთისათვის და ამიტომაც თითოეული სიცოცხლე უნდა დავიცვათ, მოვუფრთხილდეთ და ხელი შევუწყოთ მას. ვერავინ, ვერავინ, ვერავინ იფიქრებს, უგრძნობელი და უმოქმედო დარჩეს საფრთხის ქვეშ მდგარი სიცოცხლის წინაშე, სიცოცხლისა, რომელიც ხვალ შესაძლოა აღარ იყოს. მაშინაც კი, როცა ადამიანი, შესაძლოა, საკუთარი სიცოცხლის მოსწრაფებას ცდილობდეს, ვერ დავრჩებით მაყურებლებად, ჩარევის გარეშე“, - ნათქვამია ეპისკოპოსის განცხადებაში, რომელიც საქართველოში კათოლიკე ეკლესიის ოფიციალურმა მედიასაშუალებამ, Catholic.ge-მ გამოაქვეყნა.
ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო აღნიშნავს, რომ მისი განზრახვა არ არის მიხეილ სააკაშვილის საქმის სამართლებრივი მხარის გარჩევა, რადგან ეს მხოლოდ სამართლიანი სასამართლოს საქმეა: „არამედ, კათოლიკეთა სახელითაც, მივმართო ყველა ხელისუფალს, რომლებიც სხვადასხვა სახით არიან კომპეტენტურები, დაუყოვნებლივ იმოქმედონ, რათა მისი სიცოცხლე დაცულ იყოს და ყოველგვარი საფრთხისაგან არიდებული, შიმშილობის პროტესტისგან გამოწვეული საფრთხისაგანაც. ეს ასე უნდა იყოს ყოველი ადამიანის შემთხვევაში, ყოველგვარი პოლიტიკური, რელიგიური თუ ეროვნული შეფერილობის მიუხედავად. თუმცა ამ შემთხვევაში, თითოეულის კერძო შეფასების მიუხედავად, ვერავინ დაივიწყებს იმ როლს, რომელიც მესამე პრეზიდენტმა შეასრულა ჩვენი ქვეყნის სამსახურში. ჩვენი დღევანდელობა ხომ მის მიერ შესრულებული ისტორიული როლის შედეგიცაა".
ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო განმარტავს, რომ მის ამ განცხადებას ეთანხმება წმინდა საყდრის ნუნციუსი საქართველოში, არქიეპისკოპოსი ჟოზე აველინო ბეტანკური.
საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბრიდან შიმშილობს რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში. პირადი ექიმის და ადვოკატების თანახმად, სააკაშვილის მდგომარეობა მძიმდება. ადვოკატები მოითხოვენ, რომ მიხეილ სააკაშვილი მრავალპროფილიან სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანონ.
საქართველოს ხელისუფლება უარს ამბობს სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაზე და აცხადებს, რომ საჭიროების შემთხვევაში, ჰოსპიტალიზაცია მოხდება მხოლოდ პენიტენციური სისტემის საავადმყოფოში, რომელიც გლდანში მდებარეობს. თავის მხრივ, ადვოკატები აცხადებენ, რომ ამ დაწესებულებაში უზრუნველყოფილი ვერ იქნება არა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის, არამედ უსაფრთხოების დაცვაც.
დაწერეთ კომენტარი