იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადების შესახებ დასმულ შეკითხვას უპასუხა პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ მასთან შეხვეხდრის შემდეგ.
„მე არ მინახავს მისი ფაფის ჭამა, - აღნიშნა ყიფშიძემ და განაგრძო, - მე არ ვიცი რა უნდა ვუპასუხო იუსტიციის მინისტრს. მე არ მინახავს ფაფა. ჰკითხეთ ბადრაგს, ჰკითხეთ ციხის ექიმებს, ჰკითხეთ ექთნებს, იქ ბევრი ხალხია. ყველგან კამერებია“.
იუსტიციის მინისტრის თქმით, მიხეილ სააკაშვილი აგრძელებს სხვადასხვა სახის ფაფებისა და ნატურალური წვენების მიღებას.
მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი ციხეში ლიმონათს სვამს. „მთელი ციხე იცინის იმაზე, რომ დღეში სამ ლიტრა ლიმონათს სვამს ეს კაცი“.
მიხეილ სააკაშვილი, რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში დაკავების მომენტიდან, 1 ოქტომბრიდან გადაიყვანეს. ამ დროიდან მას შიმშილობა აქვს გამოცხადებული. როგორც ადვოკატები და მისი პირადი ექიმი აღნიშნავენ, შიმშილობის გამო მისი მდგომარეობა მძიმდება. მათი მოთხოვნაა, მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში გადაიყვანონ. ამას ხელისუფლება არ თანხმდება და აცხადებს, რომ საჭიროების შემთხვევაში, მას სათანადოდ უმკურნალებენ გლდანის პენიტენციური დაწესებულების კლინიკაში.
დაწერეთ კომენტარი