Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გვარამიას თქმით, სამინისტროს გენინსპექცია მოტყუებით ცდილობდა სააკაშვილის ტანსაცმლის ამოღებას


ნიკა გვარამია

პატიმრობაში მყოფ საქართველოს მესამე პრეზიდენტს გლდანში, მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში, შუამავლის მეშვეობით ესაუბრა ადვოკატი და „მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია. როგორც მან თქვა, იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის საგამოძიებო სამსახური მოტყუებით ცდილობდა მიხეილ სააკაშვილის ტანსაცმლის ამოღებას.

„დღეს იუსტიციის სამინისტროს გენინსპექციის საგამოძიებო დეპარტამენტი იპარავდა მტკიცებულებას. მათ იცოდნენ, რომ ინსპექტორის წარმომადგენელი შემოდიოდა ტანსაცმლის ამოსაღებად, იმისთვის, რომ შემოწმდეს კვალი ამ ტანსაცმელზე. რა ქნა იუსტიციის სამინისტრომ, დაასწრო და დაიწყო ამოღების პროცესი. შეიყვანეს შეცდომაში სააკაშვილი, რომელსაც ეძინა და გააღვიძეს. ვიდეო თვითონ გვაჩვენეს, მაგრამ ვნახავთ, რამდენად ადეკვატურია იმ ვიდეოში სააკაშვილი, ნამძინარევია და თან აშკარად დასუსტებული.

სააკაშვილმა ჩათვალა, რომ ეს ინსპექტორის ხალხია და მოუწერა ხელი, გადააბარა ეს ტანსაცმელი და როგორც კი ტელევიზორში ნახა, რომ გარეთ ვდგავართ ჩვენ და ინსპექტორები, ჰკითხა თქვენ ვინ ხართო, იმათ უთხრეს, რომ იუსტიციის სამინისტროს გენინსპექცია ვართო, არც აცია და არც აცხელა, მთელი ეს ტანსაცმელი მას გამოართვა, წაართვა და აღარ შედგა ეს საპროცესო მოქმედება", - თქვა ნიკა გვარამიამ.

ნიკა გვარამიამ ილაპარაკა სააკაშვილთან კომუნიკაციის ფორმის შესახებ.

„სააკაშვილს, პირველ რიგში, წართმეული აქვს ეფექტური დაცვის განხორციელების უფლება, ჩვენ არ გვაქვს ეს შესაძლებლობა. სააკაშვილი შიმშილობს, მარტივად არ გადაადგილდება, ჩვენ მასთან პალატაში არ გვიშვებენ. სააკაშვილი 5 სართულს უნდა ჩამოვიდეს, შემოვიდეს ოთახში, სადაც ერთ მხარეს არის ხმაგაუმტარი მინა, ჩემთან ერთად არის მეორე ადვოკატი და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებელი. მე მესაუბრება ტელეფონით, მე ვეუბნები სახელმწიფო ინსპექტორის წარმომადგენელს ან მეორე ადვოკატს, შემდეგ ის მეუბნება კითხვას, რომელიც სააკაშვილს უნდა დავუსვა და ა.შ. ეს პროცედურა არ ჩატარებულა, რადგან ასე ფაქტების დადგენა შეუძლებელია. შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილთან ადვოკატების ეფექტიანი კომუნიკაცია შეზღუდულია - ეს ერთი", - თქვა ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატმა.

გვარამია, აგრეთვე, აღნიშნავს, რომ პატიმრები ყოფილ პრეზიდენტს აყენებენ სიტყვიერ შეურაცხყოფას.

„არის სააკაშვილის დედის გინება და უმძიმესი ტექსტები - როგორ წარმოგიდგენიათ, რომ გიული ალასანია რომ მოვიდეს ან მისი შვილები, როგორ უნდა გაიარონ ეს გზა. ასევე ადვოკატებისთვისაც არ არის მარტივი. ადვოკატი ამ სტრესის მერე რომ შედის მის დასაცავ პირთან, რომელიც ასევე სტრესია, თვითონაც სტრესი შეაქვს, ქვეითდება მისი პროფესიული შესაძლებლობები იმიტომ, რომ ეს ყველაფერი ჯოჯოხეთის გავლას ჰგავს მათთვის, ვინც ამას მიუჩვეველია. პლიუს ამას, პალატაში ეს ხმა სულ ისმის და სააკაშვილი იძულებულია ტელევიზორის ხმას ბოლომდე აუწიოს. ეს არის უწყვეტი, მუდმივადაა ხმაური, ღამის განმავლობაშიც. წარმოიდგინეთ, რა მდგომარეობაში ამყოფებენ სააკაშვილს", - თქვა გვარამიამ.

სახელმწიფო ინსპექტორის წარმომადგენელის, გიორგი მიქელაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილი თანახმაა სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების მიზნით გადაიყვანონ ექსპერტთან, მის მიერ მოწვეული ექსპერტების მონაწილეობით.

„იგი [მიხეილ სააკაშვილი] მიუთითებს მასზე შესაძლო ძალადობის განხორციელების შესახებ, აქედან გამომდინარე, იმის დასადგენად, არსებობს თუ არა მის სხეულზე რაიმე ჯანმრთელობის დაზიანების კვალი, ჩატარდეს სამედიცინო სახის ექსპერტიზა", - თქვა მიქელაძემ.

8 ნოემბერს იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, "ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენციის მიზნით და მომატებული საფრთხეებიდან გამომდინარე“, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც დაკავების დღიდან შიმშილობს, მისი ნების საწინააღმდეგოდ, ოჯახის წევრების და ადვოკატების გაფრთხილების გარეშე, რუსთავის მე-12 დაწესებულებიდან გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

მოგვიანებით იუსტიციის მინისტრმა ტელეკომპანია "იმედს" უთხრა, რომ სააკაშვილმა დაწესებულებაში შეყვანისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა სამინისტროს თანამშრომლებს. იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში კი დამატებით საუბარია სამედიცინო ტექნიკის დაზიანებაზეც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG