Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დეკანოზი მამალაძე გლდანიდან სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანეს - ადვოკატი


„ციანიდის საქმეზე“ მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე გადაიყვანეს სამოქალაქო კლინიკა „ვივამედში“ გლდანის პენიტენციური დაწესებულების საავადმყოფოდან, ეუბნება რადიო თავისუფლებას ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი.

დეკანოზ მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებისა თუ ჰოსპიტალიზაციის კონკრეტული მიზეზებზე ადვოკატს ინფორმაცია არ აქვს.

„მძიმე მდგომარეობა მას დიდი ხანია აქვს“, - ამბობს მიხეილ რამიშვილი და ამატებს: „ფაქტია, რომ არ არის პირობები და რესურსი არ გააჩნია პენიტენციალურს, რომ დაეცვათ მისი ჯანმრთელობა. არ მკურნალობდნენ საერთოდ!“

გლდანის დაწესებულებაშია მოთავსებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც, რომელიც ასევე ითხოვს სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას.

საქართველოს სახახლო დამცველის ინფორმაციით, გლდანის მე-18 პენიტენციური დაწესებულების საავადმყოფოს აღჭურვა არ შეესაბამება იმ სტანდარტს, რომელიც მოშიმშილე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შენარჩუნებას დასჭირდება.

დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს და მას პატრიარქის მდივან - რეფერატის, შორენა თეთრუაშვილის მოწამვლის მომზადების მცდელობა დასდეს ბრალად. „ციანიდის საქმეში“ მკვლელობის მომზადების მცდელობისა და იარაღის უკანონო შენახვა-ტარებისთვის მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

ოჯახის ინფორმაციით, დეკანოზს პარალიზებული აქვს მარჯვენა ზედა და ქვედა კიდურები და ვერ ახერხებს დამოუკიდებლად გადაადგილებას.

XS
SM
MD
LG