Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაატა ბურჭულაძე: საქართველოში ჩამოსვლისთანავე გამოვაცხადებ შიმშილობას


ოპერის მომღერალი, პაატა ბურჭულაძე ფეისბუქზე ეხმაურება საქართველოში მიმდინარე მოვლენებს, ითხოვს პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანას და ამბობს რომ საქართველოში დაბრუნებისთანავე დაიწყებს შიმშილობას პროტესტის ნიშნად. პაატა ბურჭულაძე საქართველოში 15 ნოემბერს ჩამოდის.

"თუკი ახლა არ დავანახეთ მთელ მსოფლიოს, რომ ის რაც ხდება რამდენიმე გაველურებული ადამიანის პოზიციაა და არა ქართველი ხალხის, არის საშიშროება, რომ სამუდამოდ დაიკეტოს ჩვენთვის ცივილიზაციის კარი. ამიტომ მივიღე მტკიცე გადაწყვეტილება, რომ ჩამოსვლისთანავე გამოვაცხადო შიმშილობა იქამდე, ვიდრე საქართველოს მესამე პრეზიდენტი არ იქნება გადაყვანილი მულტიფუნქციურ კლინიკაში! ვიდრე არ იქნება მისი სიცოცხლე გადარჩენილი!"- წერს პაატა ბურჭულაძე. ის კოლეგებს, სხვა ხელოვანებსაც მოუწოდებს შეუერთდნენ მის პროტესტს და არ გახსნენ დანაშაულის თანამონაწილეები.

მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით მეცამეტე დღეა შიმშილობს მოძრაობა "დროას" წევრი, ელენე ხოშტარია. დღეს, 14 ნოემბერს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის 10-მა დეპუტატმა დაიწყო შიმშილობა.

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ პენიტენციური სამსახურის მიერ 13 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მისი მდგომარეობა სტაბილურია. განსხვავებულია სააკაშვილის პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძისა და მისი თანაპარტიელის, ეკა ხერხეულიძის მიერ გავრცელებული ცნობები. ისინი საუბრობენ იმაზე, რომ სააკაშვილი საწოლიდან ვერ დგება და ციხეში, სადაც იმყოფება, ვერ იღებს იმ სამედიცინო სერვისს, რომელიც მისი სიცოცხლის გადასარჩენად არის საჭირო.

XS
SM
MD
LG