„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის და მისი თანაგუნდელების შესახებ ილაპარაკა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ „TV პირველის“ ეთერში. როგორც ლომჯარია ამბობს, მმართველი პარტიის ლიდერები სახალხო დამცველს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით დაემუქრნენ.
„აქ უკვე კრიტიკა ან ხელშეშლა კი არ იყო საქმიანობის, აქ იყო უკვე უშუალოდ მუქარა. მმართველი პოლიტიკური ძალის ლიდერები პირდაპირ დაემუქრნენ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით სახალხო დამცველს, მის ექსპერტებს (ექიმებს), მათი პროფესიული საქმიანობის პირნათლად შესრულების გამო, რომ დადგებოდა მათი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა და ეს უკვე რეალობა იყო, - აღნიშნავს ლომჯარია და აფასებს ირაკლი კობახიძის საერთაშორისო რეპუტაციას, - ცოტა თავიდან არ შევხედე ამ ყველაფერს სერიოზულად, იმიტომ, რომ ეს ადამიანები არ მიმაჩნია სერიოზულ პოლიტიკურ ფიგურებად, პირველ რიგში მმართველი პარტიის თავმჯდომარე არ მიმაჩნია საერთოდ სერიოზულ ფიგურად. [ირაკლი კობახიძეს] არანაირი ლეგიტიმაცია თუ აღიარება არ აქვს არცერთ საერთაშორისო ორგანიზაციასთან და არცერთ ქვეყანასთან, დასავლეთს ვგულისხმობ. მე ეს დანამდვილებით ვიცი“.
სახალხო დამცველის თქმით, მმართველი პარტიის წარმომადგენლების განცხადებებს, პირველ რიგში, „დამაშინებელი ეფექტი" ჰქონდა ექიმების წინააღმდეგ.
„ამას ჰქონდა დამაშინებელი ეფექტი ჩემი ჯგუფის წევრების, ექიმების მიმართ. მათთვის ეს იყო სრულიად მოულოდნელი და ახალი რეალობა. ისინი არ არიან შეჩვეულები. ისინი შეჩვეულები არიან მხოლოდ მადლიერების გამოხატვას. ყველა თვალებში უყურებს, განსაკუთრებით, ასეთი მაღალი კვალიფიკაციის და ექსპერტიზის მქონე ექიმებს და უცბად აღმოაჩინეს, რომ პირნათლად საკუთარი სამუშაოს შესრულების გამო, მათ შეიძლება დაეკისროთ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა“, - თქვა ნინო ლომჯარიამ.
მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ სახალხო დამცველის მიერ შექმნილ სპეციალისტთა/ექსპერტთა ჯგუფის დასკვნას, პატიმრობაში მყოფ საქართველოს მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით, "ფეიკი" - ყალბი ინფორმაცია უწოდა.
"რაც შეეხება პასუხისმგებლობას, როცა იდება ასეთი "ფეიკ" დასკვნა, მათ შორის ექიმებისა და სახალხო დამცველის მიერ - წარმოიდგინეთ ამ "ფეიკს" მოჰყვა გაგრძელება და გაგრძელება არის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა და ამას მოჰყვა ის სცენარი, რომლისაც ჩვენ გვეშინია. ამ შემთხვევაში ეს მორიგი "ფეიკი" ხდება ისეთი რამ, რასაც შეიძლება პირდაპირი პასუხისმგებლობაც მოჰყვეს, მათ შორის ომბუდსმენის და ექიმის", - თქვა კობახიძემ.
საქართველოს სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა მედიცინის ექსპერტთა ჯგუფმა, რომელიც 16 ნოემბერს გაეცნო მე-18 პენიტენციური დაწესებულების შესაძლებლობებს და პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, მდგომარეობას, 17 ნოემბერს გამოაქვეყნა დასკვნა იმის შესახებ, რომ სააკაშვილის მდგომარეობა კრიტიკულია და მისი მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა გაგრძელდეს "ფუნქციურად გამართულ და დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში, კერძოდ, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, რის პირობებსაც მე-18 დაწესებულების კლინიკა არ აკმაყოფილებს".
დაწერეთ კომენტარი