Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გვარამია: სააკაშვილმა გაიარა უმძიმესი განსაწმენდელი


ნიკა გვარამია
ნიკა გვარამია

გორის სამხედრო ჰოსპიტალში მყოფ საქართველოს მესამე პრეზიდენტთან, პატიმარ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ, მისმა ადვოკატმა ნიკა გვარამიამ თქვა, რომ მას მორალური და ემოციური ომი უკვე მოგებული აქვს.

„სააკაშვილმა პირადი ამოცანა დიდი ხანია შეასრულა. გაიარა ისეთი განსაწმენდელი, ამ ქვეყანაში არავის რომ არ გაუვლია, ამ ქვეყნის უახლეს ისტორიაში, ზვიად გამსახურდიას მერე. სააკაშვილმა რა შეცდომებიც დაუშვა თუ არ დაუშვა, როგორ იბრძოლა თუ არ იბრძოლა, გაიარა უმძიმესი განსაწმენდელი. სააკაშვილი ჩემს თვალში, ყოველ შემთხვევაში, გაცილებით მაღლაა, ვიდრე „ვარდების რევოლუციის" დროს იყო. ეს პირადი ამოცანა მას უკვე შესრულებული აქვს, ემოციური, მორალური ომი მას უკვე მოგებული აქვს. ის აქ ჩამოვიდა არა იმიტომ, რომ გაესუფთავებინა საკუთარი თავი, არამედ იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში რეალობა შეიცვალოს და ქვეყანა გადარჩეს. ეს ამოცანა, მისი აზრით, ჯერჯერობით მიღწეული არ არის, თუმცა მიაჩნია, რომ ძალიან შეთანხმებული, მკაფიო და თანმიმდევრული ქმედებების პირობებში, ეს ამოცანა შესრულებადია“, - აცხადებს ნიკა გვარამია.

ნიკა გვარამია ყურადღებას ამახვილებს განცხადებებზე, რომლებიც ეხება პოლიტიკურ პროცესზე მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის ზეგავლენას.

„იგი [სააკაშვილი] ძალიან წუხს იმის გამო, რომ გარკვეულწილად „ქართული ოცნების“ ნარატივი იქნა შემოგდებული და რაღაც თვალსაზრისით გაზიარებული (თუმცა არა პოლიტიკური პარტიების მიმართ. იგი, ზოგადად, პოლიტიკურ პარტიებს ძალიან დიდ მადლობას უხდის). თითქოს სააკაშვილის შიმშილობამ აქცენტი გადაიტანა ვადამდელი არჩევნებიდან. მან იშიმშილა იმიტომ, რომ (ახლაც არანაკლებ მძიმე მდგომარეობაშია, სხვათა შორის, აქ სტრესი კიდევ უფრო მეტია. ძალიან ცუდად სძინავს ნერვიულობს და ა.შ) მიღწეული იქნეს მთავარი, ვადამდელი არჩევნები და ივანიშვილის რეჟიმი შეიცვალოს. შეიცვალოს კოალიციური მთავრობით. იგი არ ხედავს საკუთარ თავს ნებისმიერ კონფიგურაციაში მომავალი ხელისუფლების. იგი იბრძვის იმისთვის, რომ ივანიშვილი არ იყოს ამ ხელისუფლების სათავეში. ეს არის მისთვის საკმარისი ამოცანა“, - თქვა გვარამიამ.

ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატის თქმით, სააკაშვილი მიიჩნევს, რომ ბოლომდე უნდა გაეხსნას ხელი პოლიტიკურ კლასს და სპეკულაციებიც არ იყოს იმის შესახებ, რომ ვითომ მიხეილ სააკაშვილი უშლის ხელს ვადამდელ არჩევნებს თუ ოპოზიციის სხვა გეგმებს. გვარამიას თქმით, მიხეილ სააკაშვილის მოწოდება არის, რომ მასთან დაკავშირებით იყოს ალტერნატიული ჯგუფი, რომელიც ამ თემაზე იმუშავებს, რომ ბოლომდე ხელი გაეხსნას პოლიტიკურ პარტიებს.

„ძალიან ცუდი საყურებელია სახის დაკარგვა იმგვარად, რომ ადამიანის წამების შემთხვევაზე კომენტარი გააკეთო, რომ მას თურმე აქცენტი გადააქვს თავის თავზე იმით, რომ თავს აწამებინებს ბიძინა ივანიშვილს. როდესაც მიხეილ სააკაშვილი კონსოლიდაციისთვის, დიდი აქციებისთვის არის საჭირო, თურმე ის უნდა გამოჩნდეს და უნდა აწამონ. როდესაც ვიღაცა ჩათვლის, რომ ის საჭირო არ არის, ის უნდა გაიწიოს. მიხეილ სააკაშვილი იბრძვის საკუთარი ქვეყნის გადარჩენისთვის იმ ხერხებით, რომელიც მას აქვს დატოვებული ამ ხელისუფლების მიერ“, - მიიჩნევს ნიკა გვარამია.

მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ კი 24 ნოემბერს ჰოსპიტალში შვილის მონახულების შემდეგ თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი დათრგუნულია.

ექსპრეზიდენტის დედა საზოგადოებას აქტიურობისკენ მოუწოდებს და შვილის გათავისუფლებას ითხოვს. მისი თქმით, 23 ნოემბერს მან მოისმინა მოსაზრებები, რომ მიხეილ სააკაშვილის შიმშილობამ ოპოზიციური მოძრაობა დააზარალა.

20 ნოემბერს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებიდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

სააკაშვილი დასთანხმდა იუსტიციის მინისტრის წინადადებას გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადასვლის შესახებ, რის შემდეგაც მან შიმშილობა შეწყვიტა.

მიხეილ სააკაშვილი საქართველოში სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. ის თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, 1 ოქტომბერს დააკავეს. დაკავების მომენტიდან მან შიმშილობა გამოაცხადა.

სააკაშვილის მდგომარეობიდან გამომდინარე, მისი ადვოკატები და ექიმები მოითხოვდნენ, რომ ყოფილი პრეზიდენტი ხელისუფლებას სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში გადაეყვანა, ხელისუფლება კი აცხადებდა, რომ თუ მას რუსთავის ციხეში ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუუარესდებოდა, გადაიყვანდნენ გლდანში, პენიტენციური სამსახურის სივრცეში არსებულ კლინიკაში. ასეც მოიქცა პენიტენციური სამსახური 8 ნოემბერს, რისი წინააღმდეგიც თავად სააკაშვილი იყო.

1 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მზად იყო შიმშილობა შეეწყვიტა, თუმცა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მაღალტექნოლოგიურ კლინიკაში გადაიყვანდნენ, იმ დათქმით, რომ ეს არ უნდა ყოფილიყო გორის სამხედრო ჰოსპიტალი.

XS
SM
MD
LG