Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბათუმში თორნიკე და დავით რიჟვაძეების გადადგომის მოთხოვნით აქცია იმართება


ბათუმში, აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან, ოპოზიცია და სამოქალაქო აქტივისტები თორნიკე და დავით რიჟვაძეების გადადგომის და ნუგზარ ფუტკარაძის საქმის ობიექტური გამოძიების მოთხოვნით, საპროტესტო აქციას მართავენ. თორნიკე რიჟვაძე აჭარის მთავრობის ხელმძღვანელია, აქტივისტები ამბობენ, რომ სწორედ მისი მამის, ნუგზარ რიჟვაძის დავალებით ახდენდნენ ზეწოლას "ერთიანი ნაციონალური" მოძრაობის წარმომადგენელზე, საკრებულოს ახალ წევრ ნუგზარ ფუტკარაძეზე, რომელიც 18 ნოემბერს გარდაიცვალა.

აქციაზე გარდაცვლილი ნუგზარ ფუტკარაძის დამ განაცხადა, რომ ვიდრე დავით რიჟვაძე საგამოძიებო უწყებაში იმუშავებს, ობიექტური გამოძიების იმედი არ აქვს. დავით რიჟვაძე აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უბნის ინსპექტორების სამმართველოს უფროსის მოადგილეა.

''ნაციონალური მოძრაობის'' წევრმა მირდატ ქამადაძემ აქციაზე თქვა, რომ
ეს ბრძოლა არ არის მხოლოდ ნუგზარ ფუტკარაძის ხსოვნისთვის ბრძოლა, ეს არის ამ ქვეყნის მომავლისთვის ბრძოლა.

"ამ ქვეყანაში ხელისუფლებამ გვითხრა, არა აქვს მნიშვნელობა არჩევნებზე მისვლას, რა შედეგიც არ უნდა დადგეს , ''თოფიანი'' ხალხის დახმარებით შევცვლით ყველაფერსო. ამის ნათელი მაგალითი იყო ბათუმში რაც გააკეთეს. ამის შემდეგ კი ''ქართული ოცნება'' გამოდის და ამბობს, თითქოს ოპოზიცია რადიკალური გვყავსო. ბიუჯეტიდან მოპარული ფულით, დარბის დავით რიჟვაძე, არ ესმით, რომ ამ ქვეყანაში ცხოვრობენ ადამიანები, რომლებსაც იდეალები უფრო მაღალ ფასად მიაჩნიათ, ვიდრე ფული. ამის ნათელი მაგალითი იყო ნუგზარ ფუტკარაძე. მან ყველას უთხრა, რომ პრინციპებისა და ამომრჩევლისადმი ერთგულება არის ყველაზე ღირებული, ვიდრე ნებისმიერი ვალუტა, ნებისმიერი ოდენობით.

ეს ბრძოლა ბოლომდე არის მისაყვანი. ეს ,,თოფიანი'' ადამიანები ქვეყნის უსაფრთხოების დაცვის ნაცვლად, ვადაგასულ სულიკო თებიძეს და საკრებულოს იცავდნენ, იმიტომ რომ თორნიკე რიჟვაძე დარჩენილიყო თანამდებობაზე. ეს დავალება კი დავით რიჟვაძემ გასცა, რომელიც იძიებს იმ საქმეს, რომელშიც ერთ-ერთი ეჭვმიტანილია'',
- განაცხადა მირდატ ქამადაძემ.


ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების შემდეგ „ნაციონალურ მოძრაობას“ ბათუმის საკრებულოში 14 წევრი დარჩა, „ლელოს“ – 1, გახარიას პარტიას – 2 და 1 დამოუკიდებელი წევრია (გახარიას პარტიის მესამე წევრმა ირაკლი თავდგირიძემ არჩევნების შემდეგ პარტია დატოვა და განაცხადა, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობა მისთვის მიუღებელია). „ქართული ოცნება“ კი 16 წევრით არის წარმოდგენილი საკრებულოში.

შესაბამისად, ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების შემდეგ, ამ დროისათვის ადგილები ბათუმის 35-წევრიან საკრებულოში ასე გადანაწილდება:

  • მმართველი პარტია – „ქართული ოცნება“ – 16 წევრი,
  • ოპოზიცია – 17 წევრი,
  • დამოუკიდებელი დეპუტატი – 1 წევრი.
XS
SM
MD
LG