Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შქმერში, სადაც მანგანუმის მოპოვება დაიწყო, 1000 ჰექტრამდე მიწის პრივატიზება იგეგმება


საქართველოს ხელისუფლება გეგმავს გაყიდოს 1000 ჰექტრამდე მიწა რაჭის სოფლებში, შქმერსა და მრავალძალში, სადაც რამდენიმე თვის წინ მანგანუმის მოპოვება დაიწყო.

25 ნოემბრით დათარიღებულ წერილში ქონების ეროვნული სააგენტო წერს, რომ განიხილავს სასოფლო-სამეურნეო, არასასოფლო-სამეურნეო და სახნავ-სათიბი მიწის პრივატიზების საკითხს.

სააგენტო სთხოვს რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციას, გარემოს დაცვის სამინისტროს და წიაღის ეროვნულ სააგენტოს, რომ 9 დეკემბრამდე აცნობონ მოსაზრება მიწის ნაკვეთების განკარგვასთან დაკავშირებით.

უარყოფითი მოსაზრების არსებობის შემთხვევაში, სააგენტო უწყებებს სთხოვს, დასაბუთებული და არგუმენტირებული პოზიციის მიწოდებას.

"საქმისწარმოება გაგრძელდება ან შეწყდება უწყებებიდან მიღებული პასუხების გათვალისწინებით", - აცხადებენ სააგენტოში.

შქმერელი გოგა გაგნიძე რადიო თავისუფლებასთან ამბობს, რომ გასაყიდად გამზადებული მიწების ნაწილზე ადგილობრივ მოსახლეობასაც აქვს ინტერესი და მათ დაკანონებაზე განცხადებებიც შეტანილი აქვთ, თუმცა წარმოება შეჩერებულია.

„გვაქვს ლეგიტიმური ეჭვი, რომ ეს მიწები არაკეთილსინდისიერი გამოყენებისთვის იყიდება. ამიტომ გვაქვს მძაფრი რეაქცია“, - ამბობს გოგა და ამატებს: „სოფელთან შეუთანხმებლად ამხელა მასივის ჩუმად გაყიდვა, სულ მცირე, არასწორია“.

რაჭის სოფელ შქმერში მანგანუმის მოპოვება რამდენიმე თვეა დაიწყო. რამდენიმე ადგილობრივს დაკანონებული მიწები ჩამოართვეს, თაღლითობის მუხლით გაასამართლეს და 3000-ლარიანი ჯარიმებიც დააკისრეს.

„შქმერის ტერიტორიები, რაც ახლა უნდა გაიტანონ [გასაყიდად], ოდითგანვე იყო სოფლის მოსახლეობის მფლობელობაში, უბრალოდ არ არის გაფორმებული. ნაწილს კი შეტანილი აქვს განაცხადი და განხილვა გაჩერებულია შარშან დეკემბრიდან. როგორც ჩანს, ამისთვის ემზადებოდნენ“, - ამბობს გაგნიძე.

თუმცა მან არ იცის, კონკრეტულად ამ ტერიტორიაზე არის თუ არა მანგანუმის რეზერვები.

სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში რადიო თავისუფლებასთან ადასტურებენ, რომ წარმოება დაიწყო სააგენტოში ინიცირებული დაინტერესების საფუძველზე, თუმცა დაინტერესებული პირის ვინაობა კონფიდენციალურია.

“მოცემული საკითხი სოფელ შქმერში მანგანუმის საბადოზე გაცემულ ლიცენზიასთან კავშირში არ არის”, - უთხრეს რადიო თავისუფლებას ამ უწყებაში.

XS
SM
MD
LG