ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ შვილის გორის ჰოსპიტალში მონახულების შემდეგ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მედიასთან გააკეთა განცხადება. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი კვლავ სუსტად არის, უჭირს კვების ნორმალურ რეჟიმთან დაბრუნება და სურს შეიქმნას კიდევ ერთი, საერთაშორისო ექიმებისგან დაკომპლექტებული სამედიცინო კონსილიუმი, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლისა და მონიტორინგისთვის.
"არის სისუსტე, ჭამა არ უნდა, უნდა დააძალო, ელაპარაკო რომ რამდენიმე ლუკმა შეჭამოს, ცდილობს რომ ხშირად წამოწვეს", - თქვა გიული ალასანიამ ჰოსპიტლის დატოვების შემდეგ.
ჰოსპიტალში შესვლამდე კი ნევროლოგიურ პრობლემებზე ილაპარაკა და თქვა, რომ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს აქვს კოორდინაციის პრობლემები და მარჯვენა მხარე არასათანადოდ ფუნქციონირებს.
„სწორ ხაზზე ვერ დადის, რომ გაატარებენ, მარჯვენა მხარეს იმ მომენტში, თუ ვინმე არ იქნება, შეიძლება დაეცეს. კიდევ მზერა, ნერვოპათოლოგი რომ სინჯავს, მარჯვენა თვალი ვერ მიყვება. აშკარად სისუსტე აქვს, ჩემი შთაბეჭდილებები ეს არის“, - განაცხადა ალასანიამ.
გიული ალასანიას თქმით, მიხეილ სააკაშვილი ელოდება 21 დეკემბერს, მის დაბადების დღეზე დაგეგმილ საპროტესტო აქციას და სურს ამ დღეს ბევრი გულშემატკივარი ნახოს ქუჩაში გამოსული.
ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 20 ნოემბრიდან იმყოფება გორის სამხედრო ჰოსპიტალში. უკრაინიდან საქართველოში სექტემბრის ბოლოს დაბრუნებულ სააკაშვილს, რომელიც 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს, დაკავების დღიდან შიმშილობა ჰქონდა გამოცხადებული, ჯერ რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში, შემდეგ კი გლდანში, სასჯელაღსრულების სისტემის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში, სადაც, ექსპრეზიდენტის განცხადებით, მოტყუებით და იძულებით გადაიყვანეს. მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა მას შემდეგ შეწყვიტა, რაც 19 ნოემბერს იუსტიციის სამინისტრომ გამოაცხადა გორის სამხედრო ჰოსპიტალში მისი გადაყვანის გადაწყვეტილება.
დაწერეთ კომენტარი