Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

New York Times: პენტაგონი უკრაინას ოპერატიულ სადაზვერვო მონაცემებს გაუზიარებს


უკრაინის მახლობლად განლაგებული რუსეთის სამხედრო ტექნიკა

აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო გეგმავს, უკრაინას მიაწოდოს სადაზვერვო ცნობები, რომლებიც კიევს რუსეთის შესაძლო აგრესიაზე სწრაფი რეაგირებისთვის უნდა დაეხმაროს.

ამის შესახებ გამოცემა The New York Times-ი პენტაგონის ანონიმ, მაღალი რანგის წყაროებზე დაყრდნობით იუწყება. მათი თქმით, გეგმამ, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ არის დამტკიცებული, შესაძლოა რუსეთის დიდი გულისწყრომა გამოიწვიოს.

პენტაგონის თანამშრომელთა მცირე ჯგუფი ცოტა ხნის წინ უკვე ჩასულა უკრაინაში, რათა შეესწავლა, თუ რა სახის დახმარება სჭირდება ქვეყანას საჰაერო თავდაცვის კუთხით, - განაცხადა აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანმა ჯონ კირბიმ. ასევე ცნობილია, რომ აშშ აწვდის უკრაინას ტანკსაწინააღმდეგო მართვად რაკეტებს, Javelin-ებსა და სხვა შეიარაღებას.

ცოტა ხნის წინ, აშშ-ის სამხედრო უწყების წარმომადგენელმა რადიო თავისუფლებას დაუდასტურა უკრაინისთვის შემოდგომაზე რამდენიმე ათეული ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსის, "ჯაველინისა" და შესაბამისი საბრძოლო მასალის გადაცემის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია.

მაგრამ, როგორც New York Times-ი აღნიშნავს, პენტაგონის მიერ ოპერატიული სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდებას კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს უკრაინისათვის, რადგან სადაზვერვო ინფორმაცია მოიცავს რუსეთის ჯარების მოძრაობის და დისლოკაციის ამსახველ გამოსახულებას, რომელიც შესაძლებლობას იძლევა განისაზღვროს, აპირებენ თუ არა ისინი საზღვრის გადაკვეთას.

აშშ-ის ადმინისტრაციის მაღალი რანგის წარმომადგენელმა 17 დეკემბერს ჟურნალისტებთან საუბარში თქვა, რომ აშშ და ევროპა ზომებს ამზადებენ რუსეთის დასასჯელად, თუკი კრემლი სამხედრო ძალას გამოიყენებს თავისი მცირე მეზობლის წინააღმდეგ.

როგორც აცხადებენ, უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის ჯარები შეიძლება იანვრის ბოლოს შეიჭრნენ. კიევი მოსკოვს ბრალს სდებს უკრაინის საზღვრებთან რუსეთის 90 ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურის თავმოყრაში.

რუსეთმა ადრე უკვე განახორციელა უკრაინის წინააღმდეგ აგრესია. 2014 წელს მან დაიკავა უკრაინის კუთვნილი ყირიმის ნახევარკუნძული და მისი ანექსირება მოახდინა. ამავე პერიოდიდან ის დახმარებას უწევს სეპარატისტებს აღმოსავლეთ უკრაინაში. დონბასის რეგიონში საბრძოლო მოქმედებებს დღემდე 13 200-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG