Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას ნიშნავს ხატზე დაფიცება 21-ე საუკუნეში?


ერთობის ფიცი სვანებს ბევრჯერ დაუდიათ, მათ შორის, ბოლშევიკების, რუსული გადასახადებისა და ხუდონჰესის წინააღმდეგ. ტრადიციას, რომელიც სვანეთში დღემდე შემორჩა, ადრე დავების გადასაჭრელად იყენებდნენ, უფრო მოგვიანებით კი მაშინ, როდესაც პრობლემას სახელმწიფო ვერ, ან არ აგვარებდა.

მივდივართ ყველანი და ვთიშავთ!“ - ამ მოწოდებით დაასრულეს 2021 წელი მესტიაში და ასე გადაიკვეთა ერთმანეთთან ხატზე დაფიცება და კრიპტოვალუტის წარმოება - ორი რამ, რაც წესით, არც დროსა და არც სივრცეში არ უნდა გადაკვეთილიყო.

მესტიის მკვიდრი ხვიჩა ჩართოლანი ერთ-ერთი მათგანია, ვინც 30 დეკემბერს, მესტიის წმინდა გიორგის ტაძარში მივიდა.

იძახიან, დაფიცება, დაფიცებაო. უბრალოდ შეიკრიბა ხალხი და თავისი აზრი გამოთქვა. მე გამოვედი და ვთქვი, არ მისარგებლია და არც ვისარგებლებ, ხალხის საზიანოს არ გავაკეთებ-მეთქი. ასე თქვა თითქმის ნახევარზე მეტმა“, - ხვიჩა რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ უმეტესობას, ვინც ტაძარში იყო შეკრებილი, კრიპტოვალუტასთან არც არაფერი აკავშირებს.

მთის კანონით განსაზღვრული შეღავათი, უფასო ელექტროენერგია, გახდა იმის მიზეზი, რომ ბოლო წლებში სვანეთში კრიპტოვალუტის, ციფრული ფულის წარმოების, ბუმია. კრიპტოვალუტების წარმოებას მძლავრი კომპიუტერები, აქედან გამომდინარე კი - დიდი რაოდენობით ელექტროენერგია სჭირდება.

მესტიის მერიის მონაცემებით, 7 მეგავატის ნაცვლად, მოსახლეობა დღეს 27 მეგავატს წვავს. ამგვარ დატვირთვას ისედაც მოძველებული სადენები ვერ უძლებს, რის გამოც ხშირად ითიშება დენი, ჩნდება ხანძრები, მწყობრიდან გამოდის ტექნიკა.

„ექვსი წელია ეს პრობლემა არ მოგვარდა და მივმართეთ უკიდურეს ზომას... შესრულდა ხატზე დაფიცების რიტუალი, რომელიც მოიცავდა ერთადერთ პუნქტს, რომ გაგვეთიშა მოსახლეობას მაინერებიჩვენ, სხვა ალტერნატიული გამოსავალი არ დაგვიტოვეს“, - ამბობს მესტიის მკვიდრი, ანა ჩართოლანი.

ხვიჩა ჩართოლანის თქმით, ასაკოვანმა მესტიელებმა პირობა ასე ჩამოაყალიბეს: ვინც დღეის მერე არ გამორთოს, ამ ხატს და ჯვარს ებარებოდესო. ამინო, შესძახა ხალხმა და მას შემდეგ შედარება არ არის, გვაქვს დენი. მაგრამ ეს მხოლოდ მესტიას ეხებოდა, ახლა სხვა სოფლებთანაც უნდა ვიმუშაოთ“.

ბოლშევიკების და ხუდონჰესის წინააღმდეგ

ფიცს, რომელიც სვანეთში მაინინგის აღსაკვეთად დადეს, ერთობის ფიცს უწოდებენ. ასეთი ფიცი დაიდო 1921 და 1924 წლებშიც, როდესაც სვანეთის მოსახლეობა ბოლშევიკების წინააღმდეგ იბრძოდა.

იგივე ფიცი დადეს ხალდეს აჯანყების დაწყებამდეც. 1875 წელს მეფის რუსეთმა სვანეთში არაყსა და თამბაქოზე სააქციზო გამოსაღები შემოიღო. საადგილმამულო გადასახადის დასაწესებლად ნამესტნიკებმა მიწების აზომვაც დაიწყეს, რასაც ხალხის მასობრივი პროტესტი მოჰყვა. 2 ათასამდე ადგილობრივი სოფელ კალაში ლაგურკას ეკლესიასთან შეიკრიბა, სადაც სვანეთის სიწმინდე, მე-12 საუკუნის მაცხოვრის ხატი (შალიანის ხატად წოდებული) ინახება. მოსახლეობამ სწორედ მასზე დაიფიცა, რომ რუსებს წინააღმდეგობას გაუწევდნენ.

„ეთნოგრაფი ეგნატე გაბლიანი აღწერს სხვა შემთხვევასაც. როდესაც მეფის ხელისუფლება გადავარდა, ქვეყანაში განუკითხაობა და ძარცვა-გლეჯვა დაიწყო. მაშინ შეკრებილან სვანები წმინდა კვირიკეს ეკლესიაში და დაუფიცავთ, რომ დანაშაულს არ ჩაიდენდნენ“, - უყვება რადიო თავისუფლებას ეთნოგრაფი როზეტა გუჯეჯიანი.

ერთობის ფიცი დაიდო 2013 წელსაც. სვანები მაშინ ხუდონჰესის მშენებლობის წინააღმდეგ გაერთიანდნენ. სოციალური სამართლიანობის ცენტრის მონაცემებით, მას შემდეგ ამ ფიცს სვანეთის ბევრი სხვა თემიც შეუერთდა, რომლებიც სხვადასხვა პროექტს აპროტესტებდნენ.

ხაიში
ხაიში

ხაიშელი ზურაბ ნიჟარაძე ერთ-ერთი აქტივისტია, რომელიც ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ იბრძვის. ის ფიცის ტექსტის შედგენაშიც მონაწილეობდა, რომელიც წმინდა გიორგის ხატთან თვითონაც დადო. მის გარდა დაიფიცა კიდევ 56-მა ოჯახმა. ამბობს, რომ თავიანთ პრინციპებს ისეც ბოლომდე უერთგულებდნენ, მაგრამ ფიცის დადებას კიდევ სხვა დატვირთვა ჰქონდა.

„წინააღმდეგობას რომ წააწყდნენ, ბინძური ჭორები გაგვივრცელეს, თითქოს იმისთვის ვიბრძოდით, რომ უფრო მეტი სარგებელი გვინდოდა ინვესტორისგან. დავიფიცეთ, რომ მთელი საქართველოსთვის დაგვენახვებინა, ფინანსური სარგებელი არ იყო ჩვენი მიზეზი. მათ შორის ისეთმა ხალხმაც დადო ფიცი, ვისაც სახლში მხოლოდ ერთი კვირის სამყოფი ფქვილი ჰქონდა. დაფიცება სახელმწიფოს სისუსტის გამოხატულებაა, როდესაც სახელმწიფო ხალხს არ უსმენს, ასეთ შედეგსღებს“, - ამბობს ზურაბ ნიჟარაძე.

უკვე 2018 წელს სვანეთში ლალხორი მოეწყო, რაც სვანეთის ყველა თემის წარმომადგენლების შეკრებას ნიშნავს. ლალხორი იღებს გადაწყვეტილებებს, რომლის აღსასრულებლად ხატზე დაფიცების რიტუალი ტარდება. ვარაუდობენ, რომ 1948 წლის შემდეგ ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც სვანეთში ლალხორი შეიკრიბა. ლალხორის მოთხოვნებს შორის იყო მთელ სვანეთში ჰესების მშენებლობის, ოქროს წარმოებისა და ბუნებისთვის, ადამიანის საცხოვრისის მატერიალური და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობისათვის მავნებელი სამუშაოების აკრძალვა, მათ შორის იგულისხმებოდა: ხუდონჰესი, ნენსკრა ჰესი, მესტიაჭალა ჰესი და ზემო სვანეთში დაგეგმილი სხვა 50-ზე მეტი ჰესი.

ადრე და ახლა

ვფიქრობ, ხატზე დაფიცება შედეგს ვერ მოიტანს, რადგან ვინც ღვთის მოშიშია, ისედაც არ გააკეთებს ასეთ რამეს“, - ამბობს ეთნოგრაფი როზეტა გუჯეჯიანი და რადიო თავისუფლებას უყვება, თუ საიდან წამოვიდა ფიცის დადების ტრადიცია.

როზეტა გუჯეჯიანი
როზეტა გუჯეჯიანი

მისი თქმით, ფიცი, როგორც სოციალური კონტრაქტი, ძველი ქართული სახელმწიფო სამართლიდან მოდის. ფიცს იყენებდნენ როგორც ქონებრივი, ისე სისხლის სამართლის დავების გადასაწყვეტად, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ მტკიცებულება არაფერი ჰქონდათ.

ქონებრივი დავისას დაფიცების ვალდებულება ეკისრებოდა ქონების პატრონს (მას ფიცით უნდა დაემოწმებინა, რომ ქონება ნამდვილად მისია), სისხლის სამართლის შემთხვევაში კი - ბრალდებულს.

უშუალოდ სვანეთში ფიცს განსაკუთრებულ შემთხვევებში დებდნენ, ძირითადად მამაკაცები. იფიცებდნენ ეკლესიაში, შედარებით მსუბუქი საქმის შემთხვევაში კი - ტაძრის ეზოში გამობრძანებულ ხატთან. საჭირო იყო თუ არა ფიცის დადება, ამას მედიატორთა ჯგუფი წყვეტდა.

არსებობდა ფიცის დადების კიდევ უფრო რადიკალური ფორმა, ხატზე გადაცემა. ამ შემთხვევაში ადამიანს თუ საკამათო საქმეს, "ღვთის სამართალს" მიანდობდნენ ხოლმე.

როდესაც სახელმწიფო ინსტიტუტების ესა თუ ის სტრუქტურა მოშლილი იყო, ხალხური სამართალი ამოქმედდებოდა ხოლმე. სამწუხაროდ, იგივე მდგომარეობა გვაქვს ახლაც. სახელმწიფო ვერ ახერხებს დენის მიმტაცებელთა მხილებას და მოსახლეობას ისღა დარჩენია, მისთვის ცნობილი ერთადერთი ინსტიტუცია აამოქმედოს“, - ამბობს როზეტა გუჯეჯიანი.

როგორ უყურებს ამ ყველაფერს ეკლესია?

„ნუცა თავსა შენსა ჰფუცავ, რამეთუ ვერ ძალ-გიც ერთისაცა თმისა განსპეტაკებად გინა დაშავებად.

არამედ იყავნ სიტყუაჲ თქუენი ჰჱ ჰე და არაჲ არა. ხოლო უმეტესი ამათსა უკეთურისაგან არს (მათე 5, 36-37).

ერთი შეხედვით, ქრისტიანული ტრადიცია ფიცის წინააღმდეგია. ადამიანმა რომ არ უნდა დაიფიცოს, სახარების მიხედვით, ამის შესახებ მაცხოვარმა იქადაგა, მაგრამ მიქაელ მთავარანგელოზის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი ალექსანდრე (გალდავა) ამბობს, რომ მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. ავიღოთ თუნდაც განქორწინების მიზეზები. დღეს ეკლესიამ ცოლ-ქმარი შეიძლება ბევრი რამის გამო გაყაროს, სახარების მიხედვით კი ეს მხოლოდ ღალატის შემთხვევაშია გამართლებული.

„არსებობს სამხედრო ფიცი, ჯვრისწერის დროს ფიცი, პრეზიდენტები იფიცებენ ბიბლიაზე... სვანეთში ერთგვარი ფოლკლორული ფიცია გავრცელებული. თავისთავად ფიცი არც კარგია და არც ცუდი, მთავარია, რას დაიფიცავ და როგორ შეასრულებ. თავად ფიცის დამდებისათვის არის ცუდი, თუ დაარღვევს. ამ შემთხვევაში ის ზნეობრივ ადამიანად აღარ ჩაითვლება“, - ამბობს დეკანოზი ალექსანდრე. ის ასევე განმარტავს, რომ ადამიანს არ ძალუძს არც მომავლის განჭვრეტა, არც უამრავ ისეთ პროცესზე ზემოქმედება, რომელსაც შეუძლია მას ფიცის შესრულებაში ხელი შეუშალოს, - მაგრამ ჩვევა რჯულზე უმტკიცესიაო. იგივე ცხვრების კვლა გიორგობაზე. ეს არის საშინელი, სასტიკი სანახაობა, მაგრამ ერთგულად ემსახურებიან, რადგან ჰგონიათ, რომ ასე ღვთის წყალობას დაიმსახურებენ. აქ ერთადერთ გამოსავალი განათლებაა, რომ ღმერთზე სხვანაირად დაფიქრდე და სხვა წარმოდგენა გქონდეს“.

რა მოხდება, თუკი ვინმე ფიცს გატეხს? დეკანოზ ალექსანდრეს თქმით, ამ შემთხვევაში არ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ ღმერთი დასჯის ასეთ ადამიანს. მისი თქმით, ღმერთი სიყვარულია და, შესაბამისად, ღვთის სამართალიც უფრო მოწყალებისკენ იხრება, ვიდრე დასჯისკენ.

ხვიჩა ჩართოლანი წუხს, რომ თუ ელექტოენერგიის წარმოება არ შემცირდება, სვანეთს დენს უფასოდ აღარ მიაწოდებენ: „თუ დენზე გადასახადი დაგვიწესეს, ეს ხალხზე ძალიან ცუდად აისახება. ზოგი პენსიონერია, ზოგი სოციალურად დაუცველი, ვერავინ აუვა მაგას. გვჩუქნიან დენს და უნდა მოვუფრთხილდეთ. მარტო შენს თავზე არ უნდა იფიქრო ადამიანმა“.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG