Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში ისევ აპროტესტებენ პოლიციის ძალადობას


საქართველოში გრძელდება პოლიციელის მიერ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე არასრულწლოვანზე ძალადობის შემდეგ დაწყებული საპროტესტო აქციები. დღეს, 26 იანვარს რამდენიმე ქალაქში გაიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების და მხარდამჭერების აქციები, ძალადობრივი სისტემის შეცვლის მოთხოვნით.

საპროტესტო აქციების მონაწილეები აცხადებდნენ, რომ მოზარდის ცემის ამსახველი ვიდეოჩანაწერი საჯაროდ რომ არ გავრცელებულიყო, ეს ფაქტიც მიიჩქმალებოდა, ამიტომ ცალკეული პოლიციელების დაკავება პრობლემას ვერ მოაგვარებს და სისტემური ცვლილებებია საჭირო.

თბილისში, პარტია „ქართული ოცნების“ მთავარ ოფისთან გამართულ აქციაზე, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, პარლამენტის დეპუტატმა ლევან ხაბეიშვილმა სისტემას „მწამებელი“ უწოდა და განაცხადა, რომ მოითხოვენ, დადგეს შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი:

„ბიძინა ივანიშვილის დაცვის წევრი, პირადი მოურავი, შინაგან საქმეთა მინისტრად წოდებული გომელაური პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა. მან უნდა აიღოს პასუხისმგებლობა იმ დანაშაულებრივ მოქმედებებზე, რომელსაც, ჩემდა სამწუხაროდ, მუნდირში გამოწყობილი კრიმინალები ჩადიან“.

ძალადობრივი სისტემის შეცვლის მოთხოვნით, ზუგდიდში, სამხარეო პოლიციის შენობასთან აქციის მონაწილეები ცდილობდნენ საპროტესტო წარწერების გაკეთებას, რისი საშუალებაც საბოლოოდ, პოლიციელებმა არ მისცეს. ამას სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

პოლიციის შენობებთან საპროტესტო აქციები გაიმართა ბათუმში, გორსა და თელავშიც.

პოლიციელის მიერ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოზარდის ცემის ამსახველი ვიდეოჩანაწერი მედიასაშუალებებით 24 იანვარს გავრცელდა. შემთხვევა 23 იანვარს, საღამოს მოხდა თბილისის მეტროს ერთ-ერთ სადგურში. 24 იანვარს გამოძიება დაიწყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა. 25 იანვარს ცნობილი გახდა, რომ დაკავებულია საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მეტროპოლიტენის სამმართველოს ორი თანამშრომელი. ერთს ბრალად ედება მოხელის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობა თავისუფლებაშეზღუდული პირის მიმართ, მეორეს კი - სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება.

პოლიციელის მიერ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე არასრულწლოვანის ცემის გამო, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა საპროტესტო აქციები გამართეს 24 და 25 იანვარსაც.

XS
SM
MD
LG