Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას მოიმოქმედებს რუსეთი აშშ-ის წერილობითი პასუხის შემდეგ - რა არ უნდა გამოგრჩეს 28 იანვარს


„პუტინი გადაწყვეტს“ - უკრაინის დიპლომატიური ფრონტი და დასავლეთის პასუხი მოსკოვს

დაიწყება თუ არა უკრაინაში ომი - ეს ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. მას მერე, რაც აშშ-მ რუსეთს უკვე წერილობით დაუდასტურა, რომ ნატოს კარი აღმოსავლეთით არ დაიხურება, პუტინი რთული არჩევანის წინაშე დადგა. ანალიტიკოსების აზრით, მისთვის წაგებიანი იქნება ისევ დიპლომატიურ დისკუსიებში დაბრუნება. მეორე მხრივ, თუ ომი მაინც იქნება, რუსეთს დასავლეთი ეკონომიკურ და სამხედრო ფრონტზე ერთობლივ პასუხს უმზადებს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის თქმით, რუსეთს „მასშტაბური შედეგები“ მოელის, თუკი „აგრესიის გზას“ აირჩევს უკრაინის მიმართ. ამასთან, მან მოსკოვს მოუწოდა, ჩაერთოს დიპლომატიაში და დაასრულოს უკრაინის საზღვრებთან ჯარების თავმოყრით წარმოშობილი კრიზისი.

27 იანვარს რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში ბლინკენმა ასევე თქვა, რომ შეერთებულმა შტატებმა ჯერაც არ იცის, საბოლოოდ რას გეგმავს კრემლი უკრაინასთან მიმართებით და ევროპის უსაფრთხოების არსებული სტრუქტურების ხელახლა გადაწერის თაობაზე მოთხოვნებთან დაკავშირებით.

ის რომ აშშ-მ რუსეთის ულტიმატუმი არ მიიღო და ეს წერილითაც დაადასტურა, მოსკოვში არ მოეწონათ. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა 27 იანვარს ჟურნალისტებს უთხრა:

„მთავარ საკითხთან დაკავშირებით ამ დოკუმენტში არ არის პოზიტიური რეაქცია. მთავარ საკითხს წარმოადგენს ჩვენი მკაფიო პოზიცია - აღმოსავლეთით ნატოს შემდგომი გაფართოების დაუშვებლობაზე და შეტევითი იარაღის განთავსებაზე, რაც შესაძლოა ემუქრებოდეს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიებს“.

ლავროვმა ასევე თქვა, რომ მოსკოვის შემდგომ რეაქციებსა და სამოქმედო გეგმას პირადად ვლადიმირ პუტინი განსაზღვრავს და სწორედ ამ გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული უკრაინაზე რუსეთის მორიგი სამხედრო თავდასხმის პერსპექტივაც.

რა ხდება უკრაინის დიპლომატიურ ფრონტზე და რა ფორმით უცხადებს საქართველო მხარდაჭერას უკრაინას? წაიკითხე ვრცლად ლელა კუნჭულიას სტატიაში.

ამ თემაზე ასევე ნახე:

NDI-ს კვლევის პოლიტიკური და საზოგადოებრივი აქცენტები

27 იანვარს ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) 2021 წლის დეკემბერში ჩატარებული გამოკითხვის შედეგები გამოაქვეყნა. გამოკითხულთა 43%-ის შეფასებით, საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება. ეს მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 5%-ით გაზრდილია.

კვლევის მიხედვით, მოსახლეობის უმრავლესობამ არ იცის, არ ჰყავს ან არ დაასახელა ის პარტია, რომელიც მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს დგას. ასეთი გამოკითხულთა 58 პროცენტი იყო.

ამ გამოკითხვის შედეგებით, ყველაზე კარგი მაჩვენებელი "ქართულ ოცნებას" აქვს. ყველაზე ახლო მდგომ პარტიად ის გამოკითხულთა 24-მა პროცენტმა დაასახელა. 2,5-ჯერ ნაკლები (9%) შედეგი აქვს ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტია "ნაციონალურ მოძრაობას". დაბალი მაჩვენებლის გამო, NDI-ის სხვა პარტიები შედეგებში გამოყოფილი არ აქვს.

კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობისთვის დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრება მნიშვნელოვანია. ამ აზრს იზიარებს გამოკითხული მოსახლეობის უმრავლესობა - 92%.

ბოლო მაჩვენებლებით გაზრდილია იმ მოქალაქეების რაოდენობა, რომელიც ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეა. ნატოში გაწევრიანებას 77% ემხრობა, ევროკავშირში კი - 83%.

NDI-ს კვლევიდან სხვა მნიშვნელოვანი შედეგები ასეთია:

ივერი მელაშვილის პირობით თავისუფლების ერთი წელი

დღეს ერთი წელი გადის, რაც სასამართლო დარბაზიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს „კარტოგრაფების საქმის“ ორი ბრალდებული, ნატალია ილიჩოვა და ივერი მელაშვილი.

ამ დროის განმავლობაში ივერი მელაშვილს არაერთხელ დაესხნენ თავს მაღაზიებში, დავითგარეჯის სიახლოვეს, ის გახდა დეზინფორმაციული კამპანიის სამიზნე, საგარეო საქმეთა სამინისტროში გაუქმდა ის სამსახური, რომელშიც არაერთი წელი მუშაობდა და, როგორც თვითონ ამბობს, „უსაშველოდ გაიწელა” პროცესი, რომლის გამამართლებელი განაჩენის იმედადაც ცხოვრობს.

წელი, რომელიც ივერი მელაშვილმა, საზღვრის დამდგენი სახელმწიფო კომისიის ყოფილმა წევრმა, ბრალდებულის სტატუსით გაატარა, მნიშვნელოვანი ცვლილებების წელი არ ყოფილა საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობების გაუმჯობესებისთვის, არც კომისიას წაუწევია საზღვრების შეთანხმების მიმართულებით და არც ის გარკვეულა, რა პოზიცია აქვს ბაქოს რუკებთან დაკავშირებით, რომლითაც საქართველოს მთავრობას იმედი აქვს, რომ ჩიჩხიტურის კოშკს და ბერთუბანს საქართველოს საზღვრებში მოაქცევს. ივერი მელაშვილი და მისი ადვოკატები წელიწადზე მეტია ელიან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროდან დასკვნას სადავო რუკის შესახებ.

„ძალიან ძნელია, ასე გაურკვევლად ყოფნა. ჩემი სურვილი ისაა, რომ დაესვას საბოლოო წერტილი და ითქვას, რა არის სიმართლე. ყველაზე მთავარი ის არის, რომ შინაგანად გრძნობ თავს ნახევარ კაცად. რამდენი სხდომა ჩაინიშნა, მაგრამ სულ გადადეს. ალბათ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური მდგომარეობაც მოქმედებს, როგორც ჩანს, ჩვენთვის არ სცალიათ. იმათ არ სცალიათ, გასაგებია, მაგრამ როდემდე ვიყო ასე?“ - ეუბნება ივერი მელაშვილი რადიო თავისუფლებას. გათავისუფლებიდან ერთი წლის თავზე მასთან ინტერვიუ ნასტასია არაბულმა ჩაწერა, რომელიც შეგიძლია წაიკითხო აქ.

რატომ არ უნდა ვთქვათ, რომ „ომიკრონი“ „ჩვეულებრივი სეზონური გრიპია“

ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი კორონავირუსის შედარებით ახალ შტამს „ომიკრონს“ ასე აფასებს: „როგორც ვხედავთ და როგორც სხვა ქვეყნების გამოცდილებამ აჩვენა, ეს არის ჩვეულებრივი, მიმდინარე, როგორც სეზონური გრიპი, ასეთი ტიპის გრიპად გადაიქცევა...“.

დღეს არსებული მონაცემებით, „ომიკრონი“ მართლაც უფრო მსუბუქად მიმდინარეობს, ვიდრე მისი წინამორბედი შტამები, თუმცა ყველა დანარჩენ შტამზე მეტად გადამდებია.

დღეს საქართველოში „ომიკრონი“ წამყვანი შტამია საქართველოში. პირველი შემთხვევის დადასტურებიდან ერთ თვეში ის უკვე კოვიდინფიცირებულთა 90%-ს სჭირს.

მაშინ როცა მინისტრი „ომიკრონთან“ დაკავშირებით სხვა ქვეყნების მაგალითებს იშველიებს, ერთი განსხვავება იჩენს თავს. საქართველოში ვაქცინაციის მაჩვენებელი ისევ დაბალია.

უკანასკნელი მონაცემებით, ქვეყანაში მოსახლეობის მხოლოდ 31%-მდეა სრულად ვაქცინირებული. აპელირება იმაზე, რომ დღეს ქვეყანას მოზრდილი მოსახლეობის 41% ჰყავს აცრილი, არარელევანტურია, რადგან „დელტა“ და „ომიკრონის“ შტამების გავრცელების პირობებში, მსოფლიო უკვე კარგა ხანია ითვლის არა მოზრდილი მოსახლეობის ვაქცინაციის, არამედ ქვეყნის მთელი მოსახლეობის ვაქცინაციის მაჩვენებელს. საქართველოში ძალიან დაბალია ე.წ. რისკჯგუფში შემავალი 70+ მოქალაქეების ვაქცინაციის მაჩვენებელიც.

კიდევ სად არ ემთხვევა საქართველოს გამოცდილება სხვა ქვეყნებისას? რამდენად ამცირებს „ომიკრონი“ ჰოსპიტალიზაციის შანსებს, თუ მოსახლეობის დიდი ნაწილი ისევ აუცრელია? წაიკითხე ვრცლად ნინო თარხნიშვილის სტატიაში.

​დევნილთა სააგენტოს ცნობით, სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრებ 9 დევნილ ოჯახს ბინები გადაეცა

27 იანვარს ყოფილ სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები იძულებით გადაადგილებული ოჯახების განსახლების პროცესის დაწყების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა დევნილთა სააგენტომ. უწყების ცნობით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, თბილისში, ახალაშენებულ კორპუსში ბინა ყოფილ სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრებ 9 დევნილ ოჯახს უკვე გადაეცა. ასევე, იძულებით გადაადგილებულმა 7-მა ოჯახმა განსახლების ალტერნატიული მოდელი აირჩია და თავად მოიძია საცხოვრებელი ფართები, რომლებსაც სააგენტო შეუსყიდის.

„ამ ეტაპზე, იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს, სააგენტოს მენაშენეების პროექტის ფარგლებში შესყიდული სამოთახიანი და ოროთახიანი ბინები ჩაბარდა. აღნიშნული საცხოვრებელი ფართები სააგენტომ, გაცემული დაპირების შესაბამისად, პირველივე შესაძლებლობისთანავე, სანატორიუმ „ქართლის“ შენობაში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს შესთავაზა“, - ნათქვამია განცხადებაში.

დღეს სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები დევნილები სააგენტოს ხელმძღვანელებს შეხვდებიან. ცნობილია, რომ შეხვედრას დაესწრება სახალხო დამცველის წარმომადგენელი და ასევე იურისტი.

წაიკითხე მეტი.

გერმანიამ დააკავა რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი მოქალაქე

გერმანიის პროკურატურა იტყობინება, რომ დააკავეს რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი რუსი მკვლევარი. პროკურატურა ამტკიცებს, რომ ეჭვმიტანილმა, გერმანიის ერთ-ერთ უნივერსიტეტში მუშაობისას, ევროპის კოსმოსური პროგრამის, Ariane-ის შესახებ საიდუმლო ინფორმაცია რუსეთს გადასცა.

გერმანელმა პროკურორებმა 27 იანვარს განაცხადეს, რომ ეჭვმიტანილი, ილნურ ნ. ბავარიაში მუშაობდა ერთ-ერთ უნივერსიტეტში და „რეგულარულად ხვდებოდა“ რუსეთის დაზვერვის მაღალი რანგის წარმომადგენელს, რომელიც გერმანიაში იმყოფებოდა.

ეჭვმიტანილი „გადასცემდა ინფორმაციას აეროკოსმოსური ტექნოლოგიის კვლევის სფეროში, კერძოდ რაკეტმზიდის Ariane-ის განვითარების სხვადასხვა ეტაპის შესახებ“.

წაიკითხე მეტი.

ყნოსვა და გემო დაგიბრუნდათ? - როდესაც კოვიდის შემდეგ ფორთოხალიც ყარს

ის, ვინც კოვიდი გადაიტანა, ხშირად თვეების განმავლობაში ვერ იბრუნებს ყნოსვასა და გემოს. ამ პოსტკოვიდური სიმპტომებით მთელ მსოფლიოში უკვე მილიონობით ადამიანი იტანჯება. ისინი ინტერნეტჯგუფებს ქმნიან და ერთმანეთს გამოცდილებას უზიარებენ.

რუსუდან ფანოზიშვილს კოვიდ-19 შარშან ზამთარში დაემართა. გემო რომ დაკარგული ჰქონდა, ამას მალევე მიხვდა, ყნოსვის გრძნობის გაქრობა კი მოგვიანებით შეამჩნია, მაშინ როცა საახალწლოდ მომზადებული კერძების არომატი ვეღარ იგრძნო. თავიდან ყურადღება არ მიუქცევია, იცოდა, რომ კოვიდს მსგავსი რამ ახასიათებს. შეეშინდა მოგვიანებით, თან ორჯერ: პირველად, როცა ბინაში გაჟონილი გაზის სუნი ვერ იგრძნო და მეორედ, თვეების შემდეგ, როდესაც ყნოსვა დაუბრუნდა და ყველაფერი გაზის, ბენზინისა და დამპალი საჭმლის სუნად „აყროლდა“.

„მეზობელთან გაზმა გაჟონა, დეტექტორი აყვირდა და ინკასატორები მოვიდნენ. მეგონა, ჩემს სახლში არაფერი იყო, მაგრამ ინკასატორები ჩემთანაც შემოვიდნენ და აღმოჩნდა, რომ აქაც ჟონავდა. ფანჯარა ისედაც სულ ღია მაქვს ხოლმე, მაგრამ მას მერე საერთოდ არ ვხურავ“, - ჰყვება რუსუდანი.

ყნოსვის რეცეპტორების დაზიანება არა მხოლოდ კოვიდს, არამედ სხვა ნებისმიერ ვირუსსაც შეუძლია. მხოლოდ ყნოსვის გრძნობას შეეხება ვირუსი თუ გემოსაც, ეს უშუალოდ ვირუსის ტოქსიკურობასა და ადამიანის იმუნიტეტზეა დამოკიდებული.

კოვიდ გადატანილთა აბსოლუტურ უმრავლესობას ყნოსვა რამდენიმე თვეში უბრუნდება. ამ დროს დაზიანებული რეცეპტორები თანდათანობით აღდგენას იწყებენ, მაგრამ, რადგანაც სრულფასოვანი ფუნქციონირება ჯერ კიდევ არ შეუძლიათ, ზოგი ადამიანი სუნს კი გრძნობს, მაგრამ გაუკუღმართებულად.

წაიკითხე მეტი თეა თოფურიას სტატიაში.

რუსეთის საზღვაო თავდასხმა შესაძლოა „სრულ კატასტროფას“ ნიშნავდეს უკრაინის ეკონომიკისთვის. თუ მოსკოვი უკრაინაზე თავდასხმას გადაწყვეტს, რუსულმა ხომალდებმა შეიძლება ამფიბიური თავდასხმა განახორციელონ და ქვეყანას შავ ზღვასთან წვდომა შეუზღუდონ. უსაფრთხოების ანალიტიკოსი მიხაილო სამუსი ამბობს, რომ საზღვაო ბლოკადა უკრაინის ეკონომიკისთვის დამანგრეველი იქნება.

  • 16x9 Image

    სოფო დათიშვილი

    მულტიმედია ჟურნალისტი, ამზადებს ვიდეოებს Instagram-ის, TikTok-ისა და სხვადასხვა სოციალური მედიაპლატფორმისთვის. მუშაობს საერთაშორისო და ქვეყნის შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2017 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG