საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი წყალგამანაწილებელი კომპანიის, "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის", წილები ესპანურმა კომპანია "აქუალიამ" იყიდა. ახალი მფლობელი კომპანიის დირექტორ ფელიქს პარა მედიავილასა და "საქართველოს კაპიტალის" გენერალურ დირექტორ ირაკლი გილაურს საქართველოს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი ონლაინ შეხვდა და ინვესტიციისთვის მადლობა გადაუხადა.
Georgia Capital-მა გაყიდა სს "ჯორჯია გლობალ იუთილითიზის" 80-პროცენტიანი წილი. თავის მხრივ, ეს კომპანია შპს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" 100-პროცენტიანი წილის მფლობელია. შესაბამისად, გამოდის, რომ ესპანური კომპანია Aqualia ავტომატურად გახდა GWP-ს 80 პროცენტის მფლობელი. არსებული ინფორმაციით, მხარეებს შორის დადებული შეთანხმებით, შესაძლებელი იქნება დარჩენილი 20 პროცენტის გამოსყიდვაც.
Aqualia-ს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ის ევროპაში მეოთხე უმსხვილესი კომპანიაა, მსოფლიოში კი - მეცხრე. ამჟამად კომპანია ემსახურება 30 მილიონ ადამიანს 17 ქვეყანაში. მათ შორის, ალჟირში, არაბთა საემიროებში, კოლუმბიაში, ჩილეში, ჩეხეთში, ეკვადორში, ეგვიპტეში, საფრანგეთში, იტალიაში, მექსიკაში, ომანში, პორტუგალიაში, კატარში, რუმინეთში, საუდის არაბეთში, ესპანეთში და ტუნისში.