Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დენთი და დიპლომატია


საფრანგეთისა და უკრაინის პრეზიდენტების ერთობლივი პრესკონფერენცია კიევში. 2022 წლის 8 თებერვალი
საფრანგეთისა და უკრაინის პრეზიდენტების ერთობლივი პრესკონფერენცია კიევში. 2022 წლის 8 თებერვალი

8 თებერვალს საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა რუსეთი დატოვა და უკრაინაში ვოლოდიმირ ზელენსკისთან შესახვედრად გაემგზავრა იმ იმედით, რომ მან მოახერხა დაერწმუნებინა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, არ წავიდეს უკრაინის გარშემო კრიზისის ესკალაციაზე.

ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის ამ ოპტიმიზმს ნაკლებად იზიარებენ უკრაინაში, რომელსაც, დასავლეთის ქვეყნების სპეცსამსახურების ცნობებით, კვლავაც ემუქრება რუსეთის მხრიდან პირდაპირი აგრესიის განმეორების საფრთხე.

გარდა ამისა, უკრაინულ ისტებლიშმენტს სხვა მიზეზიც აქვს, ეჭვით მოეკიდოს საფრანგეთის დიპლომატიურ მისიას.

„უნდა გვესმოდეს, რომ არსებობს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომისდროინდელი ნეგატიური გამოცდილება, სარკოზის გამოცდილება, რაც ასე თუ ისე თავის კვალს ტოვებს ელისეს სასახლის აქტიურობაზე“, - ამბობს ევჰენ მაგდა, კიევის „მსოფლიო პოლიტიკის ინსტიტუტის“ დირექტორი.

უკრაინელ ანალიტიკოსს მხედველობაში აქვს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის დროს საფრანგეთის მაშინდელი პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის ექვსპუნქტიანი შეთანხმება, რომელიც რუსეთს დღემდე არ შეუსრულებია.

ამიტომ, მიესალმება რა მოკავშირეთა, მათ შორის საფრანგეთის, დეესკალაციისკენ მიმართულ დიპლომატიურ ძალისხმევას, უკრაინა ცდილობს მშრალად შეინახოს დენთი და აგრძელებს თავდაცვითი შესაძლებლებობის გაძლიერებისკენ მიმართულ პროცესს.

აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის მორიგი სამხედრო დახმარება

9 თებერვალს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დიდი ბრიტანეთისგან მორიგი სამხედრო-ტექნიკური დახმარება მიიღეს.

„ამჯერად ლაპარაკია სამხედრო აღჭურვილობაზე, კერძოდ, ჯავშანჟილეტებზე, ჩაფხუტებსა და სხვა აღკაზმულობაზე, რაც უკრაინის თავდაცვის ტერიტორიული ძალებისთვის არის განკუთვნილი“, - ნათქვამია რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის მიერ უკრაინის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით გავრცელებულ ცნობაში.

გარდა ამისა, დღესვე უკრაინაში აშშ-ის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავით ჩაიტანეს დახმარების მორიგი პარტია - 80 000 ტონა საბრძოლო მასალა, რამაც უკრაინის არმიის თავდაცვითი პოტენციალი უნდა გააძლიეროს.

ამ მიზნის მისაღწევად ნატოს ქვეყნებმა შექმნეს „საჰაერო ხიდი“ რუსეთის მოსალოდნელი სამხედრო ინტერვენციის საფრთხის წინაშე მდგარი უკრაინისათვის შეიარაღებისა და საბრძოლო მასალების მისაწოდებლად, - ამის შესახებ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ინფორმაცია კვირის დასაწყისში Wall Street Journal-მა გაავრცელა.

სტატიაში აღნიშნულია, რომ უკრაინა განიცდის საბრძოლო მასალების დიდ ნაკლებობას. ამის მიზეზია ის, რომ სავარაუდოდ რუსეთის მონაწილეობით, უკრაინაში განადგურდა საბრძოლო მასალის არაერთი საწყობი. ხოლო საბრძოლო მასალების მწარმოებელი ერთადერთი ქარხანა მდებარეობდა ლუგანსკში, რომელსაც ამჟამად პრორუსულად განწყობილი სეპარატისტები აკონტროლებენ.

WSJ-ში გამოქვეყნებული სტატიის თანახმად, ნატოს მიერ საჰაერო დერეფნის ამოქმედებამდე, უკრაინას შეიარაღება თავდაპირველად ალიანსის წევრმა აშშ-მა და თურქეთმა მიაწოდეს. კიევს შეიარაღება ასევე მიაწოდეს დიდმა ბრიტანეთმა და ბალტიისპირეთის ქვეყნებმა. უკრაინისთვის საბრძოლო მასალის მიწოდებას უახლოეს ხანში დაიწყებენ ჩეხეთი და პოლონეთი.

უკრაინის თავდაცვით პოტენციალის გაძლიერებასთან ერთად, კოლექტიური დასავლეთი აქტიური დიპლომატიური ძალისხმევით ცდილობს აიძულოს რუსეთი, რომ უარი თქვას უკრაინის წინააღმდეგ მორიგ სამხედრო აგრესიაზე, რომლის მოლოდინს ზრდის რუსეთის 100 000-ზე მეტი ჯარისკაცისა და დიდძალი სამხედრო ტექნიკის კონცენტრაცია უკრაინის საზღვრის მახლობლად.

რუსეთის სამხედრო ძალების უკრაინის საზღვრებთან თავმოყრის თაობაზე სადაზვერვო წყაროებისგან მიღებულმა ცნობებმა დასავლეთის მედიაში გასული წლის შემოდგომიდან აქტიურად იჩინა თავი. აშშ და დასავლეთის სხვა სახელმწიფოები ვარაუდობდნენ, რომ მოსკოვი სხვადასხვა წვრთნისა და ჯარების გადაადგილების საბაბით, სინამდვილეში, უკრაინაში შეჭრისთვის ამზადებდა ნიადაგს. კრემლმა ეს ვარაუდი უარყო და აშშ-ისა და ნატოსგან მოითხოვა უსაფრთხოების გარანტიები. რუსეთს, კერძოდ, სურს, რომ ნატომ შეწყვიტოს აღმოსავლეთით გაფართოება და არ მიიღოს სამხედრო ბლოკის რიგებში ყოფილი საბჭოთა ქვეყნები, უკრაინა და საქართველო.

რატომ არ იზიარებენ მაკრონის ოპტიმიზმს უკრაინაში?

უკრაინის გარშემო ვითარების დეესკალაციის მიზნით, 7 თებერვალს მაკრონი მოსკოვში შეხვდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს. თითქმის 6-საათიანი საუბრის შემდეგ საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებებმა შედეგს მიაღწია და ხელი შეუწყო უსაფრთხოების კრიზისის შემდგომი გაუარესების თავიდან აცილებას.

„მივაღწიე იმას, რომ არ იქნება არც გაუარესება და არც ესკალაცია“, - თქვა მაკრონმა კიევში ჟურნალისტებთან საუბრისას. მან დასძინა, რომ „ერთი წამითაც“ არ უვარაუდია ის, რომ პუტინი ვითარების გამწვავებაზე წავა.

უკრაინაში მაკრონის ასეთ ძალისხმევას აფასებენ, მაგრამ მის ოპტიმიზმს არ იზიარებენ.

ზორიან შკირიაკი
ზორიან შკირიაკი

„ჩვენ ვხედავთ ყველა ცივილიზებული ქვეყნის დიპლომატიურ დესანტს უკრაინაში, რომელიც მსოფლიოს წამყვანი საინფორმაციო საშუალებების ყურადღების ცენტრშია საზღვარზე რუსეთის მიერ შექმნილი დაძაბულობისა და ფართომასშტაბიანი ომის საფრთხის გამო. ამიტომ ემანუელ მაკრონს დიდი მადლობა უკრაინაში ვიზიტისთვის, მაგრამ, რბილად რომ ვთქვათ, მე სრულად არ გავიზიარებდი საფრანგეთის პრეზიდენტის ასეთ ოპტიმიზმს. რა თქმა უნდა, მინდა მჯეროდეს და ალბათ ყველა უკრაინელს სურს, სჯეროდეს სწრაფი დეესკალაციის შესაძლებლობისა, მაგრამ ჯერჯერობით ამაზე საუბარი, სამწუხაროდ, ნაადრევია. შექმნილ ვითარებაში მე უფრო მეტად ვენდობი აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის სპეცსამსახურებისა და ასევე ნატოს დაზვერვის წყაროებს, რომლებიც აცხადებენ, რომ მართალია პუტინი ფართომასშტაბიან შეტევისთვის მზად არ არის, მაგრამ კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე ლოკალური იერიშები თუ ლოკალური გარღვევები და გარკვეული პროვოკაციები რუსეთის ტერორისტული დაჯგუფებების მხრიდან სავსებით შესაძლებელია“, - ამბობს პოლიტიკის ანალიტიკოსი ზორიან შკირიაკი, 2014-2021 წლებში უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი.

დამოუკიდებელი ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ საფრანგეთის პრეზიდენტის მიერ უკრაინაში გაკეთებული დამაიმედებელი განცხადება უფრო მისი სურვილია, ვიდრე რეალობა. მით უფრო, რომ მოსკოვში მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ვლადიმირ პუტინმა რამდენჯერმე ახსენა რუსეთსა და დასავლეთს შორის მოსალოდნელი ფართომასშტაბიანი ომი, რაც, მიმომხილველების აზრით, ფარულ მუქარას წააგავდა.

თენგიზ ფხალაძე
თენგიზ ფხალაძე

„რუსეთი არ არის იმ ტიპის სახელმწიფო, რომელიც შეგპირდება და შეასრულებს. ანუ შესაძლოა, რომ რაღაც პირობა პუტინმა მისცა მაკრონს, მაგრამ ქვეყანა, რომელიც ხელაღებით არღვევს მის მიერ ხელმოწერილ საერთაშორისო ვალდებულებებს, - თავისთავად ცხადია, რომ ზეპირ დათქმასაც დაარღვევს. მით უმეტეს, იმავე პრესკონფერენციაზე ვნახეთ, თუ როგორ ახდენს ინტერპრეტაციას თავის სასარგებლოდ, მისი ლოგიკა ჰგავდა უფრო, შეიძლება ცოტა ისეთი შედარება იყოს, მაგრამ ლოგიკას ხულიგნისა, რომელიც ყველაფერს სათავისოდ თარგმნიდა. მართლაც სასაცილოა, რომ რუსეთი სხვას ადანაშაულებდეს ეუთოს პრინციპების დარღვევაში, როცა თავად დაარღვია არაერთი ქვეყნის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. ამიტომ მე გამიჭირდება გავიზიარო ეს (მაკრონის) ოპტიმიზმი. კარგია, თუ ვცდები, მაგრამ მგონია, რომ ერთადერთი რამ, რამაც რუსეთი შეიძლება გააჩეროს, ეს არის რუსეთის პოლიტიკისადმი შეუგუებლობა და დასავლეთის ძალიან მტკიცე და ერთიანი პოზიცია“, - უთხრა რადიო თავისუფლებას თენგიზ ფხალაძემ, საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიკის ევროპული ცენტრის (ECIPE) უფროსმა მეცნიერ-თანამშრომელმა.

სხვათა შორის, 9 თებერვალს, როდესაც ემანუელ მაკრონი ბერლინში გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს და პოლონეთის პრეზიდენტ ანჟეი დუდას შეხვდა, საფრანგეთის პრეზიდენტს არ ულაპარაკია რუსეთთან რამე გარღვევებზე. მაკრონმა აღნიშნა მხოლოდ, რომ მისმა მოლაპარაკებებმა კრიზისის შემდგომი გამწვავების თავიდან აცილებას შეუწყო ხელი. საფრანგეთის პრეზიდენტი გამოვიდა მოწოდებით მოთმინებისკენ და თქვა, რომ უკრაინის საზღვრებთან რუსეთის ჯარების მოზღვავების გარშემო შექმნილი მდგომარეობა შეიძლება თვეების განმავლობაში გაგრძელდეს.

რატომ ავლებენ პარალელს 2008 წლის აგვისტოს ომთან?

ასეთი გაურკვევლობა კი თავისთავად აღრმავებს ძალის დემონსტრირების ფართომასშტაბიან საომარ კონფლიქტში გადაზრდის საფრთხეს. მიუხედავად იმისა, რომ დონბასის ფრონტის ხაზზე საპირისპირო სანგრებში მყოფი უკრაინელი ჯარისკაცები და პრორუსულად განწყობილი სეპარატისტები ფორმალურად იცავენ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს, დღემდე არ არსებობს პროგრესი კონფლიქტის პოლიტიკური მოწესრიგების გზაზე.

რუსეთი მართალია უარყოფს, მაგრამ უკრაინის სამხედრო დაზვერვის ცნობით, იანვრის პირველი რიცხვებიდან დაწყებული, რუსეთი, დაქირავებული მებრძოლებითა და სამხედრო აღჭურვილობით, აქტიურად აძლიერებს დონბასის რეგიონში მოქმედ უკანონო პრორუსულ შეიარაღებულ ძალებს.

21 იანვარს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის სახელმწიფო დუმის ქვედა პალატა ემზადება განიხილოს კომუნისტთა ფრაქციის მიერ მომზადებული პროექტი, რომელიც თვითგამოცხადებული დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარებას ითვალისწინებს.

სხვათა შორის, რუსეთის საკანონმდებლო ორგანოში ყოფილი სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარების შესახებ საკანონმდებლო ინიციატივა წინ უძღოდა 2008 წლის აგვისტოს რუსეთის სამხედრო ინტერვენციას საქართველოში.

საბრძოლო მოქმედებების მეხუთე დღეს, 2008 წლის 12 აგვისტოს, მაშინდელი საფრანგეთის პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის, შუამავლობით რუსეთსა და საქართველოს შორის დაიდო ცეცხლის შეწყვეტის ე.წ. ექვსპუნქტიანი შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებდა შემდეგი პირობების შესრულებას:

  • ძალის გამოყენებაზე უარის თქმას;
  • სამხედრო მოქმედებებზე უარის თქმას;
  • ჰუმანიტარული დახმარების თავისუფალ ხელმისაწვდომობას ოკუპირებული ტერიტორიებისთვის;
  • საქართველოს შეიარაღებული ძალების დაბრუნებას მათი დისლოკაციის ადგილებში;
  • რუსეთის შეიარაღებული ძალების უკან დაბრუნებას სამხედრო მოქმედებების დაწყებამდე არსებულ პოზიციებზე;
  • საერთაშორისო მექანიზმის შემუშავებას და საერთაშორისო დისკუსიების დაწყებას უსაფრთხოებისა და სტაბილურობის პირობების შესახებ.

საქართველომ მის მიერ ნაკისრი ყველა ვალდებულება შეასრულა, რუსეთმა კი არათუ „სამხედრო მოქმედებების დაწყებამდე არსებულ პოზიციებზე არ დააბრუნა თავისი სამხედრო ძალა“, არამედ მნიშვნელოვნად გაზარდა საოკუპაციო ძალების რაოდენობა და 26 აგვისტოს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ცნო ყოფილი სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ავტონომიები.

„მსგავსი სცენარი, როგორც მაშინ განვითარდა მოვლენები, - ანუ ვგულისხმობ იმას, რომ შეთანხმებას ხელი რომ მოეწერა და მერე ამას ორ კვირაში, თუ სამ კვირაში ე.წ. აღიარება მოჰყვა, - მსგავსი სცენარი ახლაც მზადდება, იმიტომ, რომ რუსეთის დუმაში ინიცირებული იქნა პროექტი ე.წ. ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკების აღიარების შესახებ. ასე რომ, ბევრი მზაკვრული და ვერაგული სცენარი მუშავდება დღეს მოსკოვში და ამას ძალიან სერიოზული თვალის მიდევნება, ხოლო ნებისმიერ შეთანხმებას სჭირდება ძალიან სერიოზული გარანტიები იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იქნას მათი შესრულება“, - ამბობს თენგიზ ფხალაძე.

რატომ მიეწერება მაკრონს უკრაინის „ფინლანდიზაცია“?

როგორც 2008 წელს, საფრანგეთი ამჟამადაც ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე ქვეყანაა. გარდა ამისა, საფრანგეთი აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის მოწესრიგების საერთაშორისო შუამავალიცაა, როგორც „ნორმანდიული ფორმატის“ მონაწილე ქვეყანა. შესაბამისად, მისი აქტიურობა უკრაინის გარშემო შექმნილი სახიფათო ვითარების დეესკალაციის მხრივ სრულიად ბუნებრივად მიაჩნიათ დამოუკიდებელ ექსპერტებს, თუმცა, არსებობს, როგორც იტყვიან, ერთი მაგრამ.

ევჰენ მაგდა
ევჰენ მაგდა

„ემანუელ მაკრონის აქტიურობა, აშკარად, გამოწვეულია მისი სურვილით, რომ გამოიყენოს დიპლომატიური ფაქტორი საფრანგეთის საპრეზიდენტო კამპანიაში, რომლის პირველი ტური 2022 წლის აპრილში გაიმართება. ჩანს, რომ მაკრონს სჭირდება ახალი კოზირები, რათა გააძლიეროს საკუთარი პოზიციები და შეინარჩუნოს პრეზიდენტის პოსტი... მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ არსებობს 2008 წლის ნეგატიური გამოცდილება, სარკოზის გამოცდილება, რაც ასე თუ ისე თავის კვალს ტოვებს ელისეს სასახლის აქტიურობაზე. არის სხვა ფაქტორებიც. თუკი მართალია უკრაინის ფინლანდიზაციის შესახებ წინადადება, რასაც ემანუელ მაკრონს მიაწერენ, ეს მისი სერიოზული პოლიტიკური შეცდომაა და ადასტურებს იმას, ბოლომდე არ ესმის უკრაინაში შექმნილი სიტუაცია. ყოველ შემთხვევაში, ამაზე უკვე წერს დასავლეთის პრესა და მე ვფიქრობ, რომ ეს მართლაც სერიოზული პრობლემაა“, - უთხრა რადიო თავისუფლების ქართულ სამსახურს ევჰენ მაგდამ, კიევის „მსოფლიო პოლიტიკის ინსტიტუტის“ დირექტორმა.

უკრაინის „ფინლანდიზაციაზე“, როგორც ემანუელ მაკრონის დიპლომატიური დისკურსის ნაწილზე, საუბარი დასავლურ მედიაში, მოსკოვში საფრანგეთის პრეზიდენტის ვიზიტის შემდეგ დაიწყო. ამ თემას ვრცელი სტატია მიუძღვნა „ნიუ-იორკ ტაიმსმა“.

„საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ორშაბათს გამოიყენა ცივი ომისდროინდელი ტერმინი, როდესაც მოსკოვში გამგზავრებისას ჟურნალისტებს უთხრა, რომ უკრაინის „ფინლანდიზაცია“ იქნებოდა რუსეთთან დაძაბულობის განსამუხტად მოლაპარაკების მაგიდასთან განსახილველი ერთ-ერთი მოდელი“, - წერს ამერიკული გამოცემა.

8 თებერვალს, უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ, მაკრონმა „ბლუმბერგის“ შეკითხვის პასუხად განაცხადა, რომ მას არ გამოუყენებია ტერმინი „ფინლანდიზაცია“. „მე პირიქით ვთქვი, რომ ჩვენ არ შეგვიძლია შევწყვიტოთ ნატოს ღია კარის პოლიტიკა, რადგან ბევრ ქვეყანას შეექმნება პრობლემა, კერძოდ, ფინეთს. მაგრამ მე ასეთი ფორმულირება უკრაინის მიმართ არასოდეს გამომიყენებია და არ ვიცი, თუ საიდან გაჩნდა ეს ტერმინი“, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

ტერმინი „ფინლანდიზაცია“ შეეხება ცივი ომის დროს ფინეთის მიერ არჩეულ ნეიტრალურ საგარეო კურსს, რომელიც ჩაიდო მოსკოვთან 1948 წელს ხელმოწერილ შეთანხმებაში, როდესაც დასავლეთსა და საბჭოთა კავშირს შორის დაძაბულობამ პიკს მიაღწია.

„ნიუ-იორკ ტაიმსში“ გამოქვეყნებულ სტატიაში აღნიშნულია, რომ ფინეთი, რომელიც ათწლეულების განმავლობაში ბუფერული სახელმწიფო იყო საბჭოთა კავშირსა და ნატოს შორის, ამჟამად მთლიანად თავსებადია დასავლეთსა და ნატოსთან და რუსეთ-დასავლეთის დაპირისპირებაში მთლიანად დასავლეთის მხარესაა, მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით არ გეგმავს ნატოში გაწევრიანებას.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG