კახეთში მწყემსი ცოლ-ქმრის განზრახ მკვლელობასა და არასრულწლოვანის თავისუფლების უკანონო აღკვეთაში ბრალდებული 34 წლის კაცი სამართალდამცველებმა აჭარის რეგიონში დააკავეს. მასზე 10 თებერვლიდან ძებნა იყო გამოცხადებული.
როგორც რადიო თავისუფლებას შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მკვლელობაში ბრალდებული კახეთის და აჭარის პოლიციის დეპარტამენტებისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბათუმში დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერსიით, ბრალდებულისთვის, რომელიც კონდოლში მდებარე მეცხოველეობის ფერმაში მუშაობდა, ცნობილი გახდა, რომ მასთან ერთად მწყემსებად მომუშავე ცოლ-ქმარს 20 000 აშშ დოლარი ჰქონდა შენახული.
“ბრალდებულ მამაკაცს ურთიერთშელაპარაკება მოუხდა ამავე ფერმაში დასაქმებულ ცოლ-ქმართან. მათ ფულს სთხოვდა, უარის მიღების შემდეგ კი ორივე სანადირო თოფიდან გასროლით მოკლა. ბრალდებულმა მოკლულების არასრულწლოვან შვილს უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება, თოკით დააბა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა” - განაცხადეს შს სამინისტროში.
პროკურატურამ 34 წლის კაცს ბრალი წარუდგინა 13 თებერვალს, ჯერ კიდევ მაშინ, როცა ის მიმალვაში იმყოფებოდა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ორი პირის განზრახ მკვლელობა ჩადენილი ანგარებით) და 143-ე მუხლის მე-3 ნაწილით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანისა, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით და ასეთის ძალადობის გამოყენების მუქარით) მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
დაწერეთ კომენტარი