რუსეთი თანახმაა საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის შეხვედრაზე.
17 თებერვალს, გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე, უკრაინის კრიზისის საკითხზე გამოსვლისას ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ სერგეი ლავროვს გაუგზავნა წერილი, მომავალ კვირაში, ევროპაში შეხვედრის წინადადებით.
სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ნედ პრაისმა დღეს, 18 თებერვალს ტვიტერზე დაწერა, რომ პასუხად რუსებმა შეხვედრის დროდ შესთავაზეს მომავალი კვირის ბოლო, რასაც ამერიკული მხარე დათანხმდა იმ პირობით, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრა აღარ მოხდება. პრაისის თანახმად, თუ უახლოეს დღეებში რუსები უკრაინაში შეიჭრებიან, ცხადი გახდება, რომ დიპლომატიისადმი სერიოზული დამოკიდებულება არასდროს ჰქონიათ.
ბოლო რამდენიმე დღეა, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს ცნობებს, რომ წვრთნების დასრულების შემდეგ, ყირიმიდან მუდმივი დისლოკაციის ადგილებზე ბრუნდებიან სამხრეთის სამხედრო ოლქის ქვედანაყოფები. მოსკოვის მტკიცებით, დისლოკაციის ადგილებს უბრუნდებიან დასავლეთის სამხედრო ოლქის ნაწილებიც. უკრაინა, აშშ და ნატო დეესკალაციის ნიშნებს ვერ ხედავენ. პირიქით, ამერიკული და ბრიტანული დაზვერვის მონაცემებით, რუსეთმა უკრაინის მახლობლად განათავსა დამატებითი შეიარაღება და კიდევ 7 ათასამდე ჯარისკაცი. არსებული ინფორმაციით, ამჟამად უკრაინის საზღვრებთან 150 ათასზე მეტი რუსი სამხედრო იმყოფება.
უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, 17 თებერვალს, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა დონეცკის და ლუგანსკის დროებით ოკუპირებული რაიონებიდან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დაარღვიეს სულ მცირე 47-ჯერ, მათგან 38 შემთხვევაში მინსკის შეთანხმებებით აკრძალული შეიარაღების გამოყენებით. ერთ-ერთი საარტილერიო ჭურვი მოხვდა კიევის მიერ კონტროლირებულ რაიონში მდებარე სტანიცა ლუგანსკას საბავშვო ბაღს. დაიჭრნენ ბაღის თანამშრომლები. თავის მხრივ, რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა შეიარაღებულმა სეპარატისტებმა ცეცხლის გახსნაში უკრაინელი სამხედროები დაადანაშაულეს.
წვრთნების საბაბით, უკრაინის საზღვრებთან და ანექსირებულ ყირიმში რუსეთის სამხედრო ძალების მასშტაბურ თავმოყრას, რომელიც გასული წლის გაზაფხულიდან დაიწყო და ასევე, ბელარუსის ტერიტორიაზე რუსეთის ბოლოდროინდელ სამხედრო მანევრებს აშშ და დასავლეთის სხვა სახელმწიფოები მიიჩნევენ უკრაინაზე შესაძლო თავდასხმისთვის მზადებად. კრემლში ამას უარყოფენ, თუმცა, 2021 წლის დეკემბრიდან აშშ-ისა და ნატოსგან მოითხოვენ უსაფრთხოების გარანტიებს. მოსკოვის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა, შეწყდეს აღმოსავლეთით ნატოს გაფართოება და ალიანსში არ მიიღონ უკრაინა და საქართველო. 2022 წლის იანვარში, ნატომ და აშშ-მა რუსეთის ამ მოთხოვნას უარით უპასუხეს.
დაწერეთ კომენტარი