Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უეფა რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე ჯერ არ საუბრობს, პოლონეთის ნაკრებს კი მოსკოვში თამაში არ სურს


უეფას ჩემპიონთა ლიგის 2021-22 წლების სეზონი 28 მაისს სანქტ-პეტერბურგში გასამართი ფინალით უნდა დასრულდეს. ეს წინასწარი გეგმით, მაგრამ დიდი შანსია, ევროპის საფეხბურთო ასოციაციამ ფინალის მასპინძელი ქვეყანა უახლოეს მომავალში სხვა ქვეყნით ჩაანაცვლოს. მიზეზი, რა თქმა უნდა, რუსეთის მიერ უკრაინის სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებელ სუბიექტებად ცნობა, აგრესია და უკრაინაში ომის პროვოცირებაა.

შესაძლო სანქციების შესახებ ინფორმაციას ევროპული სააგენტოები აქტიურად ავრცელებენ. მათი აზრით, გამორიცხული არაა, უეფა მხოლოდ ლიგის ფინალის საკითხს არ დასჯერდეს და ევროტურნირებიდან რუსული კლუბების მოკვეთაზეც იმსჯელოს, თუმცა ცნობილი გამოცემები იქვე დასძენენ, რომ ამ ეტაპზე ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაცია მკაცრი ვერდიქტის დაწესებისგან თავს იკავებს.

უეფას უახლოეს მომავალში, რუსეთთან დაკავშირებით, სავარაუდოდ, სხვა თემაზეც მოუწევს ოფიციალური კომენტარის გაკეთება. ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის გადამწყვეტ მატჩამდე ორი თვით ადრე - 24 მარტს მოსკოვმა უმნიშვნელოვანეს სანაკრებო შეხვედრას უნდა უმასპინძლოს, რუსეთისა და პოლონეთის ნაკრებებს შორის. სწორედ ის მატჩი გადაწყვეტს, რომელი ნაკრები მოიპოვებს მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში პლეი-ოფის ფინალის საგზურს.

რუსებისთვის საკუთარ არენაზე თამაში დამატებითი სტიმული იქნება, თუმცა პოლონელებმა უკვე ოფიციალურად მოითხოვეს მატჩის ნეიტრალურ მოედანზე ჩატარება. პოლონეთის სპორტის მინისტრის, კამილ ბორტნიჩუკის განცხადებით, გასაგები მიზეზების გამო, პოლონელებს არ სურთ, რომ მათი ქვეყნის ეროვნული ნაკრები რუსეთში ჩავიდეს.

პოლონეთის ფეხბურთის კავშირი, მომავალი მატჩის სხვა ქვეყანაში გადატანის წერილობითი მოთხოვნით, უეფას და ფიფას მიმართავს.

XS
SM
MD
LG