Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილი: მადლობა ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს სიმართლის თქმისთვის


სალომე ზურაბიშვილი, მიხეილ სააკაშვილი.
სალომე ზურაბიშვილი, მიხეილ სააკაშვილი.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგს რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან გამოეხმაურა პატიმრობაში მყოფი საქართველოს ექსპრეზიდენტი. ბრიფინგი სწორედ სააკაშვილის ღია წერილს მოჰყვა, რომლის ადრესატი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იყო.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მადლიერია სალომე ზურაბიშვილის პოზიციით.

„მადლობა ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს სიმართლის თქმისთვის - რომ საბუთები, რომლებიც უტყუარად დაადასტურებდა ჩემსა და თემურ ჯანაშიას უდანაშაულობას, უბრალოდ მოპარულია პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან.

ცოტა დამაბნია იმან, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია მე მადანაშაულებს, რომ მე მას ვემუქრებოდი. რანაირად უნდა დაემუქროს ვინმეს უუფლებო ტყვე? უბრალოდ გავაფრთხილეთ, რისი გამკეთებელია არსებული რეჟიმი.

ყველა შემთხვევაში, კიდევ ერთხელ მადლობა ძირითად საკითხზე სიმართლის თქმისთვის.

გაირკვა, რომ თვითონ მოიპარეს დოკუმენტები და ახლა ეს ქურდები მე მასამართლებენ!" - წერს სააკაშვილი.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია სულავამ 21 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ განმარტების გაკეთება საჭიროდ ჩათვალეს იმისათვის, რომ "საზოგადოებაში არსებული გავრცელებული კითხვები არ დარჩეს უპასუხოდ". მანვე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს მიუთითა, რომ მისი მოთხოვნის ადრესატი არა პრეზიდენტი, არამედ საქართველოს მთავრობაა.

სააკაშვილის ღია წერილში ძირითადი აქცენტი ეხებოდა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროსს, თეიმურაზ ჯანაშიას, რომელიც ყოფილ პრეზიდენტთან ერთად არის ბრალდებული სახელმწიფო ქონების გაფლანგვის - ე.წ. პიჯაკების საქმეზე.

„თქვენ შეგიძლიათ არა სიტყვით, არამედ საქმით იხსნათ წესიერი და დამსახურებული გენერალი თემურ ჯანაშია სრულიად უსამართლო ციხისგან თქვენი ერთი გადაწყვეტილებით, რომელიც სრულად შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას და კანონს.

მოხსენით გრიფი „საიდუმლო“ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ გაწეულ ხარჯებს პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის 2013 წელს და შემდგომაც. მე და ჯანაშიას გვედავებიან არა ხარჯების მიზნობრიობას, როგორც ტელევიზიით ყვებიან, არამედ მათი გაწევის წესს.

თუ თქვენ ამ გრიფს მოხსნით, დადასტურდება, რომ ეს პროცედურები უბრალოდ ჯანაშიას კაპრიზი კი არ იყო, არამედ საყოველთაოდ მიღებული განგრძობითი პრაქტიკა, რომელიც, რაც მთავარია, სრულიად ჯდება კანონის ფარგლებში", - მიმართა ყოფილმა პრეზიდენტმა მოქმედს.

პროკურატურა საქართველოს მესამე პრეზიდენტს ადანაშაულებს დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხის, დაახლოებით 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვაში. სააკაშვილი ბრალდებას აბსურდულს უწოდებს. მასთან ერთად ამ საქმეზე ბრალდებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი, პარლამენტის დეპუტატი თეიმურაზ ჯანაშია, რომელიც ბრალდებას ასევე აბსურდულს უწოდებს და აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილს ასამართლებენ საპრეზიდენტო უფლებამოსილების განხორციელებისა და წარმომადგენლობითი ხარჯებისთვის.

XS
SM
MD
LG