უკრაინის საოლქო ქალაქ ხერსონის მთავარ მოედანზე გაიმართა უკრაინაში რუსეთის არმიის შეჭრის საწინააღმდეგო მიტინგი. ქალაქი რუსეთის არმიამ დაიკავა რამდენიმე დღის წინ.
ცნობა გაავრცელა უკრაინის სახალხო დეპუტატმა, ალექსანდრ კუნიცკიმ. უკრაინის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ოლექსეი ჰონჩარუკმა გამოაქვეყნა გამოსვლის ამსახველი ვიდეო. მასზე ჩანს, როგორ უყვირიან ხერსონელები რუს სამხედროებს: „სირცხვილი!“
სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ დგას მიტინგის ერთი მონაწილე უკრაინის დროშით ხელში რუსეთის მოძრავ ჯავშანტრანსპორტიორზე.
2 მარტს გამოაცხადა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ხერსონის აღების შესახებ. ქვეყნის სამხრეთში მდებარე საოლქო ცენტრი 300-ათასიანი მოსახლეობით პირველი მსხვილი ქალაქია უკრაინაში, რომლის დაკავების შესახებ მოსკოვმა გამოაცხადა.
3 მარტს ხერსონის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, გენადი ლაგუტამ გამოაცხადა, რომ რუსმა სამხედროებმა „სრულად დაიკავეს ოლქის ადმინისტრაცია“.