ნიკოლაევის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარის ვიტალი კიმის ინფორმაციით, ქალაქ ნიკოლაევის ჩრდილო-აღმოსავლეთიდან შეუტიეს. მისი განცხადებით, სამოქალაქო ობიექტები უმისამართოდ დაბომბეს.
წინასწარი მონაცემებით, ორი ჭურვი მოხვდა საცხოვრებელ სახლებს და დაბომბვამ ქალაქის ერთ-ერთ კაფეში ხანძარი გააჩინა.
ამ დროისთვის მიმდინარეობს სამუშაოები ქალაქში ელექტროენერგიის მიწოდების აღსადგენად.
რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს 24 თებერვლიდან აწარმოებს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.
პუტინს უკრაინაში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. 2.5 მილიონს აჭარბებს ლტოლვილების რიცხვი.