Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოსა და ნიდერლანდის სამეფოს პრემიერ-მინისტრებმა ტელეფონით ისაუბრეს


საქართველოსა და ნიდერლანდის სამეფოს პრემიერ-მინისტრებმა ირაკლი ღარიბაშვილმა და მარკ რუტემ უკრაინაში მიმდინარე მოვლენები, საქართველოს ევროინტეგრაცია და ორმხრივი ურთიერთობები ტელეფონით საუბრის დროს განიხილეს. ინფორმაციას ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბარი შეეხო უკრაინაში მიმდინარე ომს და შედეგად რეგიონში შექმნილ რთულ უსაფრთხოების გარემოს და ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სოლიდარობა და პოლიტიკური მხარდაჭერა უკრაინისადმი. პრესსამსახურის თანახმად, პრემიერებმა ისაუბრეს ასევე საქართველოს რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ მდგომარეობაზე და მარკ რუტემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ნიდერლანდის სამეფოს ურყევი მხარდაჭერა.

"განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ასოცირებული ტრიოს - საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას მიერ ევროკავშირში გაწევრიანებაზე წარდგენილ განაცხადებს და ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების განხორციელების პროცესში საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ევროკომისიის დადებითი გადაწყვეტილება წარდგენილ განაცხადებთან დაკავშირებით, დამატებითი სტიმული იქნება რეფორმების წარმატებით გაგრძელებისთვის და ევროკავშირთან ურთიერთობაში ახალი ეტაპის დასაწყისი გახდება. პრემიერ-მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ამ პროცესში საქართველოს ნიდერლანდების სამეფოს მხარდაჭერა ექნება", - აღნიშნავენ მთავრობის ადმინისტრაციაში.

3 მარტს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი მოაწერა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს. ვიდეომიმართვაში, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა, ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ ეს იყო ისტორიული დღე და მნიშვნელოვანი ეტაპი საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე.

საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის წარდგენას 2024 წელს გეგმავდა. ქვეყნის ხელისუფლებამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება 2 მარტს მას შემდეგ მიიღო, რაც 28 თებერვალს, მიმდინარე ომის ფონზე, უკრაინამ გააკეთა ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით მოთხოვნა.

გუშინ, 15 მარტს კი საქართველოს პარლამენტმა მიიღო ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ რეზოლუცია. პროექტს 111-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი არავინ ყოფილა.

XS
SM
MD
LG