Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატო, ნეიტრალიტეტი თუ მტკიცე გარანტიები - რა ღირს მშვიდობა უკრაინაში?


რუსეთის ავიაციის მიერ დაბომბილი სასტუმრო უკრაინაში. 12 მარტი, 2022 წელი
რუსეთის ავიაციის მიერ დაბომბილი სასტუმრო უკრაინაში. 12 მარტი, 2022 წელი

ჯერ მხოლოდ თეორიულია მსჯელობა იმის შესახებ, რომ შესაძლოა უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხი დღის წესრიგიდან მოიხსნას. მაგრამ, ასეც რომ მოხდეს, ექსპერტები ვერ ხედავენ საფუძველს კრემლისტური ძალების ოპტიმიზმისთვის - რომ უკრაინა რუსეთის პირისპირ დაუცველი აღმოჩნდება.

პროდასავლელი ექსპერტები უკრაინას საერთაშორისო პარტნიორების მიერ დაცულ და უსაფრთხო მომავალს უწინასწარმეტყველებენ, რა სახელიც უნდა დაერქვას უსაფრთხოების ამ სქემებსა და სისტემებს. პარალელურად, აქტიურდება პროცესები ნატოს ფორმატში - მიმდინარე კვირაში დაინიშნა თავდაცვის მინისტრებისა და სახელმწიფოთა ლიდერების რიგგარეშე სამიტები.

  • რა სურს რუსეთს და რა პოზიცია აქვს უკრაინას?
  • რის ფასად შეიძლება დათმოს უკრაინამ ნატოში გაწევრიანების სწრაფვა და აქვს თუ არა მას სხვა არჩევანი?
  • რა ამბობენ ნატოში და რა პოზიციები აქვთ მოკავშირეებს?

ნეიტრალიტეტი თუ გარანტიები?

დაუნდობელი სისხლისმღვრელი ომის შესაწყვეტად მიმდინარე მოლაპარაკებებში რუსეთი უკრაინის ნეიტრალური სტატუსზე დათანხმებას ცდილობს და, კერძოდ, შვედურ და ავსტრიულ მოდელებზე აკეთებს სწორებას. 16 მარტს ეს პუტინის პრესმდივანმა, პესკოვმაც დაადასტურა; ხოლო მანამდე, რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, ვლადიმირ მედინსკიმ თქვა, რომ ეს თავად კიევის ინიციატივა იყო.

უკრაინის მომლაპარაკებლები კი აცხადებენ, რომ „მოდელი შეიძლება იყოს მხოლოდ უკრაინული“, ძლიერი საერთაშორისო გარანტიებით.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი სოციალურ ქსელში წერს და ინტერვიუებში ამბობს, რომ კიევისთვის მისაღები მოდელი გულისხმობს გარანტიებს, რომ უკრაინა რეალურად იქნება დაცული და „გარანტიებზე ხელმომწერები გვერდზე არ გადგებიან უკრაინაზე თავდასხმის შემთხვევაში, როგორც დღეს“.

იქნება ეს ევროპარლამენტი, ბრიტანეთის თემთა პალატა თუ ამერიკის კონგრესი, პრეზიდენტ ზელენსკის ყველგან აღფრთოვანებით და ხანგრძლივი, მხურვალე ტაშით ხვდებიან, მაგრამ მან ჯერჯერობით ისევ ვერ მიაღწია მთავარ მიზანს - ცის ჩაკეტვას რუსული თვითმფრინავებისთვის, რომელთა ბომბებიც უკვე 21 დღეა უკრაინაში უმოწყალოდ ხოცავს მშვიდობიან ადამიანებს, ბავშვებისა და ორსული ქალების ჩათვლით.

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა, ალექსი არისტოვიჩმა, დმიტრი გორდონის გადაცემაში, 15 მარტს გაიმეორა პრეზიდენტ ზელენსკის ბოლოდროინდელი შეფასებები, რომ ნატომ უარი თავად თქვა უკრაინის მიღებაზე; ამიტომ ახლა უსაფრთხოების სხვა მექანიზმების ძიების პროცესი მიმდინარეობს და პროცესში ლამის მთელი საერთაშორისო თანამეგობრობაა ჩართული.

კერძოდ, არისტოვიჩმა თქვა:

  • „ნატოს არ უნდა ჩვენი მიღება. ეს ჩვენმა პრეზიდენტმაც მკაფიოდ თქვა... მინდა, რომ ესმოდეთ მაყურებლებს, რომლებიც თქვენ მილიონობით გყავთ, რომ ეს ჩვენ კი არ ვთქვით უარი ნატოზე, ნატომ თქვა უარი ჩვენზე“.
  • „ჩვენ გვაქვს კომპენსირების მექანიზმები, რომლებიც მოეწონება უკრაინელ ხალხს. სანაცვლო ძალიან სერიოზულია, მაგრამ ამაზე ჯერ ადრეა ლაპარაკი... შეიძლება არც არის ადრე [ლაპარაკი], მაგრამ ჩვენ საერთაშორისო სამართალს ვიცავთ, როცა წინასწარ არ ვაკეთებთ კომენტარებს ამ საკითხზე“;
  • „ამ პროცესში ამოქმედებულია არა მხოლოდ ორმხრივი ურთიერთობები, არამედ ქვეყნების მთელი სისტემა. ამასთან, ზოგიერთი ქვეყანა შორს არის უკრაინისგან, ასე ვთქვათ... საერთაშორისო თანამეგობრობა იძლევა გარანტიებს“.

ჯერჯერობით არ სახელდება არცერთი კონკრეტული ქვეყანა ან სტრუქტურა, თუ ვინ შეიძლება მისცეს უსაფრთხოების მტკიცე გარანტიები უკრაინას.

16 მარტს, როცა უკრაინის პრეზიდენტი ამერიკის კონგრესს მიმართავდა, მან ილაპარაკა „პასუხისმგებელი ქვეყნების“ კავშირის შექმნის აუცილებლობაზეც, რომელიც შეძლებს კონფლიქტების შეჩერებას 24 საათის განმავლობაში და ყველაფერს გააკეთებს „სიცოცხლის გადასარჩენად“.

კრემლის პროპაგანდისტ ექსპერტებსა და მედიას რუსეთში თუ კრემლის გულშემატკივარ ჯგუფებს საქართველოში იმედი აქვთ, რომ უკრაინა უბრალოდ უარს იტყვის ნატოზე, გამოაცხადებს ნეიტრალიტეტს და შემდეგ, მარტო დარჩენილი, რუსეთის სრული ზეგავლენის ქვეშ მოექცევა.

5 ივლისის ძალადობრივი აქციის ორგანიზატორთა ტელევიზია „ალტ-ინფო“ და პარტია - „კონსერვატიული მოძრაობა“ მიზანმიმართულად იმეორებენ, რომ დასავლეთმა მიატოვა როგორც უკრაინა, ასევე საქართველო და თუკი საქართველო უარს არ იტყვის ნატოზე, რუსეთი მას, უკრაინის მსგავსად, ამას ომის გზით აიძულებს.

ექსპერტები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ უკრაინას ნატოზე უარი არ უთქვამს და ჯერჯერობით, არც კონსტიტუციაში უხლია ხელი ვინმეს ჩანაწერისთვის ქვეყნის ნატოში გაწევრიანების შესახებ.

რა არჩევანი აქვს უკრაინას?

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი, თენგიზ ფხალაძე პუტინის პროპაგანდისტების იმედებს სრულიად უსაფუძვლოს უწოდებს. მისთვის ცხადია, რომ უკრაინა, რომელიც რუსეთმა 21 დღის განმავლობაში მძიმე ომში ვერ გატეხა, დათმობაზე არც მასთან მოლაპარაკებების პროცესში წავა.

„უსაფრთხოების არა სიტყვიერი, არამედ რეალური გარანტიების გარეშე უკრაინა ხელს არაფერზე მოაწერს და არ იტყვის უარს ნატოში გაწევრიანებაზე. მას აქვს უკვე ცუდი გამოცდილება, თავზე გადაახიეს ბუდაპეშტის მემორანდუმი [რომლის მიხედვითაც, ბირთვულ იარაღზე უარის თქმის სანაცვლოდ, უკრაინის უსაფრთხოების გარანტი, მათ შორის - რუსეთიც უნდა ყოფილიყო]“, - გვეუბნება თენგიზ ფხალაძე.

მისი შეფასებით, დღეს მსოფლიოში „უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა“ იქმნება, „ქვეყნებისთვის ახალი შესაძლებლობები ჩნდება“ და მათ შორის - „ახალ კოალიციებში ჩართვის სახით“. ფხალაძე ფიქრობს, რომ უკრაინაც ახლა ახალი და უფრო რეალისტური გარანტიების ძიებაშია:

„მაგალითად, თუ რომელიმე ძლიერ ქვეყანასთან ან ქვეყნების ჯგუფთან გაფორმდება შეთანხმება, რომ უკრაინაზე ნებისმიერი თავდასხმა უდრის ამ ქვეყნებზე თავდასხმას და ეს ქვეყნები აღმოუჩენენ მას მყისიერ სამხედრო დახმარებას, მაშინ გამხდარა ფაქტობრივად ნატოს წევრი და ეგ არის... და რას დაარქმევ სახელად, რა მნიშვნელობა აქვს“.

ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი მუჩაიძე ფიქრობს, რომ, ბრძოლის ველზე შექმნილი სურათიდან გამომდინარე, უკრაინას ახლა რუსეთთან დასათმობი არაფერი აქვს და ის მოსკოვის დირექტივებით არ იმოქმედებს.

ექსპერტს არ ჰგონია, რომ ამერიკა უკრაინას დაცვის გარანტიებს დამოუკიდებლად შესთავაზებს, რადგან „აშშ-ს პოზიცია მუდმივად ისეთი ჰქონდა, რომ სამხედრო თვალსაზრისით, ის ნატოს გარეშე არ იმოქმედებდა“; ხოლო ვერცერთი ახალი კოალიცია, „ამერიკის მონაწილეობის გარეშე, ვერ იქნება რუსეთის ბირთვული პოტენციალის საპირწონე“.

მუჩაიძე მაინც ფიქრობს, რომ უკრაინას ბოლოს თავად ნატო ამოუდგება მხარში.

„სიტუაცია იმდენად დაიძაბა, რომ [ნატოს] მეტის გაკეთება მოუწევს ... ვფიქრობ, რომ ხვდება ამას უკვე ალიანსი და ვნახოთ - რა კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამენ. სისხლისღვრა გრძელდება, მშვიდობიან მოსახლეობას ხოცავენ და მორალურადაც ძნელია ალიანსისთვის, რომ არ იმოქმედოს ამ კუთხით... როცა ამდენი ქალი და ბავშვი იხოცება, პასუხისმგებლობის წნეხი იზრდება ალიანსზე“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას გიორგი მუჩაიძე.

ან ჩაკეტეთ ცა, ანდა მოგვაწოდეთ საჭირო თავდაცვის სისტემები - ასეთი ალტერნატივა შესთავაზა პრეზიდენტმა ზელენსკიმ 16 მარტს ამერიკელ კონგრესმენებს, რომლებსაც მან ვირტუალურად, ონლაინრეჟიმში მიმართა და უთხრა, რომ ის სისასტიკე, რასაც რუსეთი ახლა უკრაინაში ავლენს, „ევროპას არ უნახავს 80 წელიწადია“.

ამ გამოსვლის შემდეგ, ცოტა ხანში, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გამოაცხადა, რომ აშშ უკრაინას უგზავნის დამატებით ანტისარაკეტო სისტემებს, ჯავშანსაწინააღმდეგო იარაღსა და დრონებს, რუსეთის აგრესიასთან გასამკლავებლად.

და რას აპირებს ნატო?

16 მარტს, როცა პრეზიდენტი ზელენსკი ამერიკელ კანონმდებლებს მიმართავდა, ბრიუსელში ალიანსის თავდაცვის მინისტრები ერთმანეთს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ფორმატში შეხვდნენ და მათ უკრაინისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრებიც შეუერთდნენ.

დღის ბოლოს, პრესკონფერენციაზე ნატოს გენერალურ მდივანს მედიამ არაერთი შეკითხვა დაუსვა უკრაინასთან მიმართებით და ისიც ჰკითხეს - ალიანსის თუნდაც რომელიმე წევრს ხომ არა აქვს განზრახვა - ჩაკეტოს ცა რუსეთის თვითმფრინავებისთვის.

იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ არის მეტი დახმარების მზადყოფნა, მაგრამ ნატო არ აპირებს მიმდინარე ომში ჩარევას - არც ხმელეთზე და არც საჰაერო სივრცის გამოყენებით, რადგან ეს კიდევ უფრო მეტ მსხვერპლს მოიტანს. მისი თქმით, ამ საკითხში ნატოს ყველა წევრი ერთნაირ პოზიციაზე დგას.

„თავდაცვის მინისტრებმა გააძლიერეს მესიჯი, რომ მნიშვნელოვანია უკრაინის დახმარება სამხედრო აღჭურვილობით, თანამედროვე აღჭურვილობით - საჰაერო თავდაცვის სისტემებით, ანტისატანკო იარაღით და სხვა მრავალი სახის მხარდაჭერით... მოკავშირეები ერთიანი არიან უკრაინისთვის დახმარების გაწევაში თავდაცვის კუთხით ; მაგრამ ალიანსის წევრებს ასევე ერთიანი პოზიცია აქვთ იმ საკითხზე, რომ ნატომ არ უნდა განათავსოს თავისი ძალები უკრაინის ხმელეთზე თუ საჰაერო სივრცეში“, - თქვა იენს სტოლტენბერგმა.

შეკითხვა დაისვა კიევის ნატოსგან დისტანცირებასთან დაკავშირებით - შესაძლებელია თუ არა, რომ ამგვარ რიტორიკას ზელენსკი რუსეთთან მოლაპარაკებების ტაქტიკისთვის იყენებდეს?

სტოლტენბერგის პასუხია, რომ ნატოში გაწევრიანება-არგაწევრიანების საკითხი თავად უკრაინამ უნდა გადაწყვიტოს.

„უკრაინა სუვერენული, დამოუკიდებელი ქვეყანაა, რომელსაც აქვს უფლება, თავად აირჩიოს გზა. ჩვენ პატივს ვცემთ გადაწყვეტილებებს, მიღებულს უკრაინის დემოკრატიულად არჩეული მთავრობის მიერ... ასე რომ, მათი ნებაა - ექნებათ თუ არა ნატოში გაწევრიანების სწრაფვა“, - თქვა სტოლტენბერგმა.

რაც შეეხება საქართველოს, ნატოს გენერალური მდივნის თქმით, თავდაცვის მინისტრები თანხმდებიან, რომ საჭიროა მეტი დახმარება საქართველოსთვისაც. თუმცა კონკრეტული ამ მხრივ არაფერი თქმულა.

დეტალებს არც თავდაცვის მინისტრი აკონკრეტებს.

„ასეთი აქტუალური საქართველოს თემა არ ყოფილა აქამდე ნატოში - ყველა გამომსვლელმა აღნიშნა, უკრაინასთან ერთად, საქართველოს გამოწვევები და იმ მიზნებში დახმარების აღმოჩენა, რაც აქვს საქართველოს და რაც არის ჩვენი ხალხის არჩევანი“, - უთხრა ჟურნალისტებს ბურჭულაძემ, რომლის თქმითაც, ნატოს წევრ ქვეყნებში „კითხვებს არ აჩენს“ საქართველოს ხელისუფლებისა და პრემიერ-მინისტრის „სწორი პოზიცია“.

ექსპერტები რადიო თავისუფლებას ელაპარაკებიან იმის შესახებ, რომ მსოფლიოში ახლა ახალი ინიციატივების, ახალი შესაძლებლობების დრო დგება და საქართველოს ხელისუფლებას ბევრად უფრო მეტი აქტიურობა მოეთხოვება.

საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობის ინტენსივობა თუ ხარისხი მუდმივი დავის საგნად იქცა საქართველოში. საქმე ბოლოს იქამდეც მივიდა, რომ „ოცნება“ პრეზიდენტ ზურაბიშვილს სწორედ საგარეო ვიზიტების გამო დაუპირისპირდა.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG