Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრალი წარედგინა ბადრაგს, რომელმაც სააკაშვილის ადვოკატს შეურაცხყოფა მიაყენა საპატიმრო დაწესებულებაში


პროკურატურამ ადვოკატის მიმართ განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინსპექტორს ბრალდება წარუდგინა - საქმე ეხება 2 მარტს, რუსთავის #16 საპატიმრო დაწესებულებაში მომხდარ ფაქტს. ამ დღეს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატს, შოთა თუთბერიძეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ციხის ბადრაგმა. მომხდარი მეორე დღეს დაადასტურა პენიტენციურმა სამსახურმა. დღეს კი, 4 აპრილს, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაადასტურა ციხის თანამშრომლის მხრიდან ადვოკატთან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადაჭარბების ფაქტი და ბრალის წაყენების მოთხოვნით მიმართა გენერალურ პროკურატურას.

ციხის თანამშრომელს ბრალად ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საქართველოს პროკურატურა თბილისის საქალაქო სასამართლოს ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების მოთხოვნით, კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG