საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილსა და უკრაინაში ვიზიტით წასვლის მსურველი საპარლამენტო დელეგაციის წევრებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ, "ქართული ოცნების" წარმომადგენელმა, დეპუტატმა არჩილ თალაკვაძემ მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ ვიზიტით საპარლამენტო დელეგაცია გამოხატავს მხარდაჭერასა და სოლიდარობას უკრაინისადმი.
"დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რომ საქართველოს დელეგაცია მიემგზავრება უკრაინაში. ჩვენ ჩვენს უკრაინელ მეგობრებს, უკრაინას, უკრაინელ ხალხს კიდევ ერთხელ ჩვენს მხარდაჭერას დავუფიქსირებთ. ჩვენ სოლიდარულები ვართ და ამ რთულ მომენტში ვდგავართ უკრაინის და უკრაინელი ხალხის გვერდით", - თქვა არჩილ თალაკვაძემ.
მისი განცხადებით, დელეგაციის შემადგენლობა არის წარმომადგენლობითი და "მერწმუნეთ დღეს ნაკლებად აინტერესებს ვინმეს, „ნაციონალური მოძრაობიდან“ თუ რომელიმე სხვა ფრაქციიდან ერთი ადამიანით მეტია თუ ნაკლებია ამ დელეგაციაში. მართალი გითხრათ, ეს არის მეათეხარისხოვანი საკითხი".
პარტია "მოქალაქეების" წარმომადგენლის, პარლამენტის ოპოზიციონერი ვიცე-სპიკერის, ლევან იოსელიანის განცხადებით, ეს ვიზიტი იქნება "შემობრუნების წერტილი დაბალ ნიშნულზე მყოფი ქართულ-უკრაინული ურთიერთობებისთვის“. მისი ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე უხელმძღვანელებს, უკრაინაში დღეს გაემგზავრება.
უკრაინაში საომარი მდგომარეობის გამო არსებული უსაფრთხოების ზომების გათვალისწინებით, საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ვიზიტი უკრაინაში ერთდღიანი იქნება.
იგეგმება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის და უკრაინის უმაღლესი რადის თავმჯდომარის, რუსლან სტეფანჩუკის პირისპირ შეხვედრა, დელეგაციის წევრები ასევე გეგმავენ ქალაქ ბუჩაში ჩასვლას.
საქართველოს პარლამენტის დელეგაციის შემადგენლობას უხელმძღვანელებს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი. „ქართული ოცნებიდან" დელეგაციაში ასევე იქნებიან: ვიცე-სპიკერი დავით სერგეენკო, უკრაინასთან მეგობრობის საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელი არჩილ თალაკვაძე და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია.
საპარლამენტო ოპოზიციას დელეგაციაში ხუთი დეპუტატი წარმოადგენს: პარლამენტის ვიცე-სპიკერი პარტია „მოქალაქეებიდან“ ლევან იოსელიანი, დეპუტატი პარტიიდან „საქართველოსთვის“ გიორგი ხოჯევანიშვილი, ფრაქცია „რეფორმების ჯგუფის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე, დეპუტატი „გირჩიდან“ ვახტანგ მეგრელიშვილი, პარლამენტის წევრი პარტია „ლელოდან“ ანა ნაცვლიშვილი.
მმართველი პარტიის წარმომადგენლებთან ერთად ვიზიტზე უარი განაცხადა ფრაქციამ, „ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია".
"ევროპელ სოციალისტებს" დელეგაციის წევრობის სურვილი არ გამოუთქვამთ.
პარლამენტის თავმჯდომარემ პარლამენტში მყოფ ყველა ოპოზიციურ ჯგუფს მის დელეგაციაში შესვლა 14 აპრილს ბიუროს სხდომიდან საჯაროდ შესთავაზა.
მანამდე, გუშინ, 13 აპრილს, ოპოზიციასთან გამართული კონსულტაციების შემდეგ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განმარტა, რომ უკრაინაში ვიზიტს მიმდინარე კვირის განმავლობაში აპირებდა და მისი დელეგაციის შემადგენლობაში ოპოზიცია არ იქნებოდა.
როგორც მან თქვა, ოპოზიციას დელეგაციაში სამი დეპუტატის შეყვანა შესთავაზა, რაზეც უარი მიიღო. „[მათი] პოზიცია იყო, რომ თითო პოლიტიკური ჯგუფიდან ყოფილიყო თითო წარმომადგენელი, რაც, თავისთავად, ხვდებით, რომ ზრდის დელეგაციის რაოდენობას, მოცულობას. თუკი ეს იქნება თანაბარი რაოდენობა, გამოდიოდა თხუთმეტკაციანი დელეგაცია, სადღაც 15-20 კაციანი. იქ ჩავდივართ პარლამენტის სახელით და არა პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლების სახელით, ამიტომ სამწუხარო არის, რომ არ არიან”, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
პაპუაშვილთან შეხვედრის შემდეგ ოპოზიციის წარმომადგენლები ლაპარაკობდნენ უკრაინაში ცალკე ვიზიტის დაგეგმვის შესახებ.
საქართველოს პარლამენტის სპიკერი შალვა პაპუაშვილი და უკრაინის უმაღლესი რადის თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკი ონლაინშეხვედრაზე შეთანხმდნენ უახლოეს დღეებში უკრაინაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტზე.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ფეისბუკზე 13 აპრილს გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც უკრაინაში წასვლის მზაობა გამოხატა.
8 აპრილს საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ანდრი კასიანოვმა თქვა, რომ უკრაინის რადის თავმჯდომარემ, რუსლან სტეფანჩუკმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ბუჩაში ჩასვლის მიწვევა გაუგზავნა. მიწვევასთან დაკავშირებით მხარეებმა რამდენჯერმე გაცვალეს საჯარო და წერილობითი პოზიცია. "ქართული ოცნება" შალვა პაპუაშვილის უკრაინაში ვიზიტთან დაკავშირებით რამდენიმე წინაპირობას აყენებდა. საბოლოოდ გადაწყდა, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე უკრაინაში ჩავა.